ახალი ამბები

რელიგიურ გაერთიანებებზე კანონპროექტი შეიცვალა

5 ივლისი, 2011 • 1202
რელიგიურ გაერთიანებებზე  კანონპროექტი შეიცვალა

რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტის დღეს წარმოდგენილ ვერსიაში აღარაა დასახელებული 5 რელიგიური გაერთიანება. ამ წუთებში საქართველოს პარლამენტი სწორედ ამ საკითხს იხილავს.

კანონპროექტის თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა იმ რელიგიური გაერთიანებების სტატუსის დადგენა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად აღიარება, რომლებსაც მჭიდრო ისტორიული კავშირი გააჩნიათ საქართველოსთან. ესენია: რომაული კათოლიკური ეკლესია; სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია; მუსლიმანთა თემი; იუდეველთა თემი; საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია.

ამისათვის ცვლილებები უნდა შესულიყო სამოქალაქო კოდექსში.

დღეს წარმოდგენილ პროექტში , რომელიც პარლამენტის სხდომამდე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, ძველი ჩანაწერი შეცვლილია და ასე გამოიყურება.

მუხლი 15091. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესი

1. რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირებად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე, ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი.

3. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები, ან ის რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც ასეთი სტატუსით სარგებლობენ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებების მიმართ არ ვრცელდება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონი.

  1. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი