ახალი ამბები

პრეზიდენტი შანტაჟის მსხვერპლებს: მე ვდგავარ თქვენ გვერდით და მუდამ დაგიცავთ

14 მარტი, 2016 • 1601
პრეზიდენტი შანტაჟის მსხვერპლებს: მე ვდგავარ თქვენ გვერდით და მუდამ დაგიცავთ

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილეებთან შეხვედრისას პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე ისაუბრა, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა.

“ჩვენ შევიკრიბეთ იმ შემაშფოთებელი პოლიტიკური და სოციალური კლიმატის გამო, რომელიც არის საქართველში პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვისაც ემუქრებიან შანტაჟით და ვისაც ემუქრება ეს ბნელი ძალა. მინდა მოგმართოთ, ჩემო თანამოქალაქეებო, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა ან მსოფლმხედველობის, მე ვდგავარ თქვენ გვერდით და მუდამ დაგიცავთ.  მუდამ სოლიდარული ვიქნები იმ ადამიანების მიმართ, ვის ჩაგვრასაც ვინმე ცდილობს.

ამის საბუთად დღეს შემიძლია  საზოგადოებას ღიად ვუთხრა, რომ სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო. მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება კიდევ მომავალში და იცოდეთ, რომ ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ რაღაც უაზრო, შავბნელ სტიგმას.

ახლა იმათ, იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ დააშანტაჟოთ ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოება. თითოეულს გიპოვნით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს. თქვენი შავბნელი იდეებით არასდროს არ ცხოვრობდა ქართველი. ქართველი, რომელიც ყოველთვის იყო თავისუფალი. მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას: ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და უნდა გავხდეთ თავისუფლები. თავისუფალი ნიშნავს მათ შორის იმას, რომ არ გვეშინოდეს. და იმისთვის, რომ ჩვენ არ გვეშინოდეს, არაფრის დიდებით არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა შანტაჟში. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ ამაზრზენ ვიდეოებს, ამაზრზენს იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სექსუალური ცხოვრება ამაზრზენია, იმიტომ, რომ მისი გადაღება არის ამაზრზენი და ავადმყოფი, ამ ამაზრზენ პროცესს რამენაირად დააკვირდება, უნდა იცოდეს ამ ადამიანმა, რომ მორალური თანამონაწილე ხდება ამ ფარული თვალთვალის და მიყურადების.

მინდა გითხრათ, რომ დილიდან ძალიან აქტიურად ჩართული ვარ ამ თემის განხილვაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან, ძალოვან უწყებებთან და მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა, ყველა თავისი რესურსით, მობილიზებულია და კოორდინირებულად მუშაობს,”- განაცხადა მარგველაშვილმა.

დღეს, 14 მარტს, გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ასახულია პირის პირადი ცხოვრება. ასევე, ჩნდება წარწერა, რომ გასაჯაროვდება პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. Youtube-ს მეშვეობით გამოქვეყნებულ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დაიწყო.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი