ახალი ამბები

ერეკლე დეისაძის პერფორმანსზე გამოძიება პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით მიმდინარეობს

12 მარტი, 2016 • 2015
ერეკლე დეისაძის პერფორმანსზე გამოძიება პორნოგრაფიის გავრცელების მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მუსიკოსისა და მწერლის, ერეკლე დეისაძის მიერ 11 მარტს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ პერფორმანსზე გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 255-ე მუხლით მინდინარეობს, რაც გულისხმობს პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ დამზადებას ან გასაღებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ  გამოძიება ფაქტზე დაიწყო 255-ე მუხლით, დეისაძე კი მოწმის სახით გამოკითხეს, იგი ბრალდებულის სახით არ დაუკითხავთ.

“გამოიკითხა ფაქტზე და იმავე საღამოს, გუშინვე დატოვა პოლიციის შენობა,”- აცხადებენ შსს-ში.

სამართალდამცავებმა ერეკლე დეისაძე პერფონმანსის დასრულების შემდეგ დააკავეს. დეისაძემ გასპარ ნოეს ფილმი “სიყვარული” პროექტორით მთავრობის კანცელარიის შენობაზე გაუშვა. მან ამ ფორმით გააპროტესტა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ფრანგი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმი “Love” პორნოგრაფიული შინაარსისაა. ამ ფილმის, პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.

11 მარტს განვითარებული მოვლენების დროს დეისაძის ინტერესებს იურისტი თორნიკე უსტარაშვილი იცავდა. მან დღეს ნეტგაზეთთან დაკავების პროცედურა გაიხსენა:

“ადგილზე შედგა დაკავების ოქმი. განემარტა ერეკლეს, რომ აკავებდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის საფუძველზე, ამის კადრებიც არსებობს. როცა გადაიყვანეს ორთაჭალაში, იქ შეყოვნებული ჰყავდათ დაახლოებით ნახევარი საათი, არ გვითხრეს – რატომ, მანქანაში ეჯდათ. მერე აიყვანეს.  მე და კიდევ ერთი, ადვოკატი არ შეგვიშვეს, ხელოვნურად შეგვაყოვნეს სამმართველოს სარეგისტრაციოში. ამასობაში ერეკლეს ვიღაც გამომძიებელი, რომლის ვინაობაც არ ვიცი, გაესაუბრა, ხელი მოაწერინა რაღაც დოკუმენტზე, რომელიც არ ვიცით, რა არის, არც მის შინაარსს გაგვაცნეს მოწერამდე და, მით უმეტეს, არც ხელმოწერის შემდეგ გადმოუციათ. და გამოუშვეს. უთხრეს, რომ გამომძიებელი შეეხმიანება რამდენიმე დღეში. ის ინფორმაცია, რომ ერეკლე დაჰკითხეს მოწმის სახით, არის თვითონ შსს-ს მხრიდან გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ ამ ამბის რეზონანსულობა რაღაცნაირად ნიველირდეს,”- განაცხადა მან.

თორნიკე უსტარაშვილის თქმით, ერეკლე დეისაძე პოლიციამ დააკავა:

“მას, როგორც კანონი ითვალისწინებს, განუმარტეს თავისი უფლებები, რომ აკავებდნენ ამ მუხლის საფუძველზე, რომ ჰქონდა დუმილის უფლება, ჰქონდა დაცვის უფლება, რომელიც პრაქტიკაში ვერ რეალიზდა,”- ამბობს თორნიკე უსტარაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი