ახალი ამბები

გურჯაანში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა

11 მარტი, 2016 • 1437
გურჯაანში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა

საქართველოში პირველი კრიზისული ცენტრი გურჯაანში გაიხსნა, სადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეიფარებენ.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ ორადგილიანი კრიზისული ცენტრი გურჯაანის გამგეობის შენობაში გახსნა. ცენტრში ძალადობის მსხვერპლი ქალები მანამდე დარჩებიან, სანამ მათ მსხვერპლის სტატუსი მიენიჭებათ. სტატუსის მიღების შემდეგ კი თავშესაფარში გადაიყვანენ.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ აღნიშნა, რომ წლებია, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ და, როგორც იქნა, შედეგიც დადგა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად.

„ეს პირველი კრიზისული ცენტრია საქართველოში, რომელიც ქუჩაში დარჩენილ, სახლიდან გამოგდებულ, დამცირებულ და შეურაცხყოფილ ქალბატონებს შეიფარებს. აქ მათზე იზრუნებენ და თავშესაფარში გადაყვანამდე დაცულები იქნებიან”, – განაცხადა შავლაყაძემ.

შავალაყაძის თქმით, მათი კვლევებით, საქართველოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია, თუმცა ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში ადგილები მუდმივად დაკავებულია.

“სახელიმწიფოს 3 თავშესაფარი გააჩნია. ქსელს კი – 2. მაგრამ, რადგანაც სახელმწიფო თავშესაფარში მოხვედრა ძალიან რთულია და სპეციალური პროცედურები სჭირდება, მსხვერპლები ფაქტიურად ქუჩაში რჩებიან და ქსელის თავშესაფარი ინახავს. მსხვერპლთა 50%, ვინც ჩვენი თავშესაფრით ისარგებლა, მოძალადესთან დაბრუნდა. მიზეზი სწორედ ის არის, რომ წასასველი არსად აქვთ, არც სამსახური აქვთ და არც სხვა შემოსავალი. კახეთში გახსნილი კრიზისული ცენტრი კი არის მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილი მანამ, სანამ ისინი სტატუსს მიიღებენ და სახელმწიფო თავშესაფარში გადავლენ“, – ამბობს შავლაყაძე.

გურჯაანის კრიზისული ცენტრის გახსნაში მონაწილოება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ცენტრალური მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ცენტრის გახსნა კი პოლონეთის საელჩოსა და ინგლისური საქველმოქმედო ორგანიზაცია „სინგრიდ რაუზინგ თრასთის“ ფინანსური დახმარებით მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი