ახალი ამბები

მაკა ასათიანი მზადაა ბაჩო კიკაბიძეს ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის შენობა გადასცეს

10 მარტი, 2016 • 1593
მაკა ასათიანი მზადაა ბაჩო კიკაბიძეს ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის შენობა გადასცეს

მაკა ასათიანის განცხადებით, იგი მზად არის, რომ ბაჩო კიკაბიძეს ტელევიზიის ფუნქციონირებისთვის შენობა გადასცეს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ასათიანი ავრცელებს:

“გავეცანი ილია [ბაჩო] კიკაბიძის განცხადებას დამოუკიდებელი მაუწყებლობის დაწყების შესახებ და მინდა განვაცხადო, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის სრულიად გასაგები და მისაღებია. ჩემთვის ცნობილია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც დაიწყო რეიდერული შეტევა მაესტროზე, ი. კიკაბიძე, როგორც მაესტროს ერთ–ერთი დამფუძნებელი პარტნიორი, თავს იკავებდა აემოქმედებინა თავისი ლეგიტიმური უფლებები მაესტროს ლოგოზე და ასევე დამოუკიდებელი ტელეარხის ავტორიზაცია, რომელიც დიდი ხანია გააჩნია მხოლოდ იმიტომ, რომ ხელი არ შეშლოდა მაუწყებლობას. თუმცა, მას შემდეგ, რაც ხელების გადაგრეხვით და სრულიად უკანონოდ გიორგი გაჩეჩილაძემ მოიპოვა მაესტროს საკონტროლო პაკეტი, ამჟამად კი ახალი დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე არაორაზროვნად აცხადებს, რომ აკეთებს ახალ ტელევიზიას, ახალ ადგილას, ბუნებრივია, რომ მაესტროს გადარჩენისათვის ბაჩო კიკაბიძის მხრიდან გადადგმული იქნეს ეს სამართლიანი ნაბიჯი. მით უფრო სასიხარულოა, რომ მან თანამშრომლობისათვის მიმართა მამუკა ღლონტსაც. ვინაიდან მეც ვთვლი, რომ აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი მაესტროს გადასარჩენად, ვაცხადებ მზადყოფნას და თანხმობას, რომ გადავცე ბაჩო კიკაბიძის ტელეკომპანიას შენობა ტელევიზიის ფუნქციონირებისათვის”, – ნათქვამია ასათიანის განცხადებაში.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბაჩო კიკაბიძე ძველი სახელით ახალ ტელევიზიას ქმნის. “კიკაბიძე ამბობს, რომ მაესტროს სავაჭრო ნიშანის მფლობელი ის არის, ხოლო ლოგო და სახელი მამუკა ღლონტთან და ეკა აკობიასთან ერთად წლების წინ შექმნა, 2011 წელს კი საკუთარ შ.პ.ს.-ზე დაარეგისტრირა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი