ახალი ამბები

“ხალხის მტრები”: კომპენსაცია დაკარგული წარსულისთვის

22 ივნისი, 2011 • 1438
“ხალხის მტრები”: კომპენსაცია დაკარგული წარსულისთვის

ქობულეთის სასამართლოს შენობაში დილიდანვე რიგი დგას. ძველი, გაცრეცილი ფურცლებით მოქალაქეები აქეთ-იქით დადიან და უამრავ კითხვას სვამენ. ამ დარბაზში ისინი საკუთარ მძიმე წარსულს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. რეპრესირებულების გარდა საარქივო მასალებს ელოდებიან მათი შთამომავლებიც. იმედი აქვთ, რომ რეპრესიით გამოწვეულ ტკივილს ფულადი კომპენსაციით ნაწილობრივ მაინც აინაზღაურებენ.

იმედი რეპრესირებულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების შემდეგ გაუჩნდათ, როცა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ძმების _ კლაუს და იური კილაძეების სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც ისინი, როგორც რეპრესირებულები, ქართული სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მოითხოვდნენ.

 

1937 წლის 2 ოქტომბერს საბოტაჟისა და ტერორისათვის გასამართლების შემდეგ კილაძეების მამა დახვრიტეს, დედას კი რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს და სპეციალურ საპატიმრო ბანაკ Гулаг-ში გადაასახლეს. მათი მცირეწლოვანი (12-ის და 10 წლის) შვილები თბილისის ბავშვთა მიმღებში მოათავსეს, სადაც ცუდი კვებისა და სიბინძურის გამო ისინი ტიფით დაავადდნენ.  1937 წელს ბავშვები რუსეთში, უდედმამო ბავშვთა თავშესაფარში, გადაიყვანეს, სადაც მათ მუდმივად სცემდნენ და შეურაცხყოფდნენ, ერთი მხრივ, დაწესებულების პერსონალი, როგორც “სამშობლოს მოღალატე” მამის შვილებს, ხოლო მეორე მხრივ, სხვა ბავშვები, როგორც ქართველებს სტალინის სამშობლოდან.

კილაძეები მამის დახვრეტის, დედის დაპატიმრების, მათ თავშესაფარში ცხოვრების პირობებსა და ჯანმრთელობაზე, მორალზე მიყენებული ზიანის, ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლოდ სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მოითხოვდნენ. ევროპულმა სასამართლომ კილაძეების სარჩელი დააკმაყოფილა. მოსარჩელეების სასარგებლოდ საქართველომ 4 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს. ევროპულმა სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციით (მე-3 მუხლი): `არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას@, ასევე მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის დარღვევას. კილაძეებს ევროპულ სასამართლოში ადვოკატირებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევდა.

 

კილაძეების მსგავსად, სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს და დახვრიტეს გივი ბალაძის მამა, მევლუდ ბალაძე და მისი 17 წლის ძმაც. ის და მისი ოჯახის სხვა წევრები კი ქედის რაიონიდან შუა აზიაში, ტომსკში, დედასთან და მცირეწლოვან და-ძმებთან ერთად გადაასახლეს, სადაც ერთ-ერთი ძმა ტუბერკულოზით დაავადდა და გარდაიცვალა. გადასახლების დროს გივი ბალაძე 2 წლის და ექვსი თვის იყო. `შიმშილი, სიცივე და უწყლობა~ _ ეს არის მისი ბავშვობის მოგონებები. `ჩემი და 15 წლის იყო, როცა ხე-ტყის დამზადებაზე მუშაობდა. დღეში 300 გრამი პურის მეტი საკვებად არაფერი გვქონდა. მხოლოდ ფიზიკურ გადარჩენაზე უნდა გვეფიქრა”.

კილაძეების პრეცედენტმა იმედი გაუჩინა სხვებსაც. საქართველოს მთავრობამ კანონში “რეპრესირებულთა შესახებ” ცვლილება სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ შეიტანა. რეპრესირებულებს და მათ მემკვიდრეებს საშუალება აქვთ, კომპენსაციის მისაღებად ქართულ სასამართლოს მიმართონ.

ზურაბ ბალაძეც რეპრესირებულთა ოჯახიდანაა. მას რიგში დგომა დამამტკიცებელი დოკუმენტების მოსაპოვებლად აღარ შეუძლია. საარქივო მასალების მომძიებელთა რიგში მისი მეუღლე, მერი ნოღაიდელი დგას: `ავად არის… სახელმწიფომ ინვალიდობის პენსია შეუწყვიტა. იქნებ ახლა მაინც მოგვცენ რამე~. ზურაბ ბალაძის მამას სახელმწიფო მოხარშული სიმინდის დათესვაში ადანაშაულებდა.

 

`1983 წელს ზურაბი მოსკოვში გვყავდა სამკურნალოდ. საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ჩემი ქმარი პერსონალთან ასე წარადგინა: თქვენ წინაშე სამშობლოს მტერი დგას, მითხარით, თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილზე, უმკურნალებდით? ამ ფაქტის შემდეგ ჩემი ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა~ _ იხსენებს ქალბატონი მერი მეუღლის წარსულს.

მეუღლის, ფატი ჯინჭარაძის გადასახლების შესახებ ცნობის მიღებას ელოდება გურამ ნოღაიდელიც. ფატი უკვე 73 წლისაა და როგორც მისი მეუღლე ამბობს, ავადმყოფობს: `ორჯერ იყო გადასახლებაში. პირველად 1944 წელს, შემდეგ 1951-ში. მამა და 25 წლის ძმა გადასახლებაში დაეღუპა, თვითონ 7-8 წლის იქნებოდა იმ დროს. არც სკოლაში უვლია, დუხჭირი და რთული ცხოვრება ჰქონდა. ფიზიკურად შრომობდა. ქობულეთში, ზღვისპირას, საკუთარი სახლი ჰქონდათ, გადასახლებიდან როცა დაბრუნდნენ, სახლი ძვლივს დაიბრუნეს. ჩემი მეუღლე ახლაც ვერ ივიწყებს იმ ტანჯვას, დღემდე სტრესშია~.

რეპრესიების ტკივილი საკუთარ თავზე გამოსცადა ნოდარ სურმანიძემაც. ის ოჯახთან ერთად 1951 წელს გადაასახლეს: `შუაღამით დაგვადგნენ ავტომატიანი კაცები. ტანზე ჩაცმაც კი არ გვაცალეს. ბაბუაჩემი ლოგინად იყო ჩავარდნილი და მწოლიარე, ურემზე დადებული ჩაგვაყვანინეს სოფლის ბოლომდე. შემდეგ შეგვყარეს ცივ, გაყინულ ვაგონებში, 18 დღე და ღამე მშიერ-მწყურვალე გვატარეს და ჩაგვიყვანეს უცხო ქვეყანაში. თავიდან ყველა უნდობლად გვხვდებოდა, მაგრამ როცა დაინახეს, რომ კაციჭამიები არ ვიყავით, უბრალო და მშრომელი ადამიანები ვიყავით, გვეხმარებოდნენ”. გადასახლებაში მან ბიძა, ავადმყოფი ბაბუა და ერთი და დაკარგა. ნოდარ სურმანიძეს იმით გაუმართლა, რომ გადასახლებაში დიდხანს არ მოუწია ყოფნა: “სამი წლის შემდეგ უკან დაგვაბრუნეს”.

 

სოფიე ზანდარაძე გადასახლების დროს ათი წლის იყო. არც მას აქვს ბავშვობის წლებიდან რაიმე სასიამოვნო მოსაგონარი. `მხოლოდ ცუდი… სუფთა წყალი მე არ დამილევია და საჭმელი არ მიჭამია. ვშრომობდი, ბამბას ვკრეფდი. დედაჩემი მშობიარობიდან 15 დღის შემდეგ ინფარქტით გარდაიცვალა. მალე დაიღუპა ჩვილიც. 15 წელიწადი იქ ვცხოვრობდით, დედა ასფალტის დაგებაზე მუშაობდა, მე ხან დედას ვეხმარებოდი, ხან სახლში ვაკეთებდი საქმეებს. სკოლაში არ მივლია”.

თუკი სახელმწიფო დაკარგული ბავშვობის სანაცვლოდ ქალბატონ სოფიეს კომპენსაციას გადაუხდის, ამ ფულით უნდა, რომ თავისთვის პატარა, მყუდრო სახლი იყიდოს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღონიას ინფორმაციით,  სასამართლოს არქივში, საიდანაც რეპრესირებულად ცნობის თაობაზე სასამართლო საქმის მასალების მიღება წარმოებს, დაახლოებით 700-მდე განცხადებაა რეგისტრირებული საბუთების მისაღებად. ამ ადამიანებს სასამართლოში საქმის შეტანის უფლება 2014 წლის იანვრამდე აქვთ. სავარაუდოდ, ეს კანონი 20 ათას ადამიანს შეეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი