ახალი ამბები

გენინსპექცია სკოლებში

21 ივნისი, 2011 • 1545
გენინსპექცია სკოლებში

სკოლებს, სადაც მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა საატესტატო გამოცდების ბარიერი ვერ გადალახეს, გენერალური ინსპექცია შეამოწმებს. შემოწმება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მითითებით, დღეიდან დაიწყო.

სპეციალური განცხადება ამის თაობაზე დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფორსმა ირაკლი ანდრიაშვილმა გააკეთა.

თბილისის მე–7, 37–ე, 108–ე და 190–ე საჯარო სკოლებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა საატასტატო გამოცდების დროს დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენეს.

ანდრიაშვილის განცხადებით, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სკოლებში სწავლება სათანადო დონეზე არ არის უზრუნველყოფილი და მინისტრის, დიმიტრი შაშკინის დავალებით, სამინისტროს გენინსპექცია  სკოლების ადმინისტრაციების საქმიანობის შესწავლას დღეიდან იწყებს, რადგან, მისივე თქმით, სასწავლო პროცესის გამართულად წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის ადმინისტრაცია და ამის დასადასტურებლად მან „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 35–ე მუხლი მოიყვანა.

„ასევე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული – ყველა მოსწავლის უფლება, მიიღოს სრულყოფილი საშუალო განათლება“, –აღნიშნა ირაკლი ანდრიაშვილმა

მან, ასევე, განაცხადა, რომ დიმიტრი შაშკინმა ამ სკოლების სამეურვეო საბჭოებს ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა დაავალა და თუ რომელიმე საბჭო თავს აარიდებს ამ დავალებას, დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხიც. ანდრიაშვილის თქმით, ყოველივე ამას სამინისტროს გენერალური ინსპექცია გააკონტროლებს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ქვეყნის მასშტაბით 1520 საჯარო და კერძო სკოლაში საგამოცდო პროცესი გამართულად და ყოველგვარი ხარვეზის გარეშე წარიმართა. გამოცდებს სულ 50 ათასამდე მოსწავლე აბარებდა, რომელთაგან 30 %–მა მაღალი შეფასება მიიღო. ხოლო 5%–მა – საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა.

„ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს სკოლებში საგანმანათლებლო პროცესი გაუმჯობესდა, ხოლო სწავლების დონე ამაღლდა. უპრეცედენტო საატესტატო გამოცდები დადებითად მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ შეაფასა და ქართული ანალოგის საკუთარ ქვეყანაში დანერგვაზე დაიწყო მუშაობა“, –ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაახლოებით ექვსი ათასმა მოსწავლემ საატასტატო გამოცდების დროს მინიმალური ბარიერი ვერ გადალახა.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურის უფორსმა, ნინო პოტრჟეპსაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაბალი აკადემიური მოსწრება რეგიონების სკოლებშიც დაფიქსირდა, თუმცა, რეგიონის სკოლებთან და სკოლებში გენინსპექციის შესვლასთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვების დასმის საშუალება ჟურნალისტებს სამინისტროში არ მისცეს.

„ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს პროცესი და არ გვინდა რამეს ხელი შეეშალოს. ამიტომ ჯერ ამ განცხადებით შემოვიფარგლებით. დღის განმავლობაში სამინისტრო თქვენს კითხვებს უპასუხებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რეფორმის ფარგლებში, საატესტატო გამოცდები საქართველოს საჯარო სკოლებში წელს პირველად ჩატარდა. სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას თავდაპირველად მეთორმეტეკლასელების ხმაურიანი აქციები მოჰყვა სკოლებში, რის გამოც დიმიტრი შაშკინმა იმ სკოლების დირექტორების გათავისუფლება მოითხოვა თანამდებობიდან, რომელთა მოსწავლეებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. მაშინაც იმ სკოლებში, რომელთა სამეურვეო საბჭოებმა მინისტრის დავალების შესრულებაზე უარი თქვეს, გენერალური ინსპექცია შევიდა შესამოწმებლად.

საპროტესტო აქციების შემდეგ სამინისტრომ საატესტატო გამოცდების გამსვლელი ბარიერი მინიმუმამდე დაიყვანა და იგი ყველა საგანში განისაზღვრა 5.5 ქულით. ასევე, დადგინდა გარკვეული შეღავათები, კერძოდ, საატესტატო გამოცდების ბარიერი გადალახეს იმ მოსწავლეებმაც, რომლებმაც 8 საგნიდან სამში მინიმუმ 5.2 ქულა მიიღეს, დანარჩენებში კი – 5.5 და მეტი. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათი მომავალი წლიდან აღარ იმოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი