ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი: განათლებას სახელმწიფოებრივი ზრუნვა სჭირდება

10 მარტი, 2016 • 1370
დავით უსუფაშვილი: განათლებას სახელმწიფოებრივი ზრუნვა სჭირდება

“განათლებას სჭირდება სახელმწიფოებრივი ზრუნვა, სახელმწიფო სტანდარტი, სახელმწიფო სისტემა მანამ, სანამ ადამიანი სრულწლოვანი გახდება და მერე თავად იცის, სად წავა და რას გააკეთებს,”- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში, ზოგადი განათლების კონფერენციაზე “სასკოლო განათლება – საქართველოს მომავალი” გააკეთა.

დავით უსუფაშვილის მოსაზრებით, სასკოლო განათლების ამოცანა ის არ არის,  რომ საამაყოდ განათლებული ადამიანები გვყავდეს:

“ძალიან დიდია ზღვარი კარგად განათლებულ უმცირესობასა და დანარჩენ ახალგაზრდობას შორის. არადა, ეს დანარჩენი ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი მომავალი. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ინდივიდვალურად გზის გაკვალვას ყოველთვის ახერხებენ, ჩვენ კი ერზე და მთელ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი სიღრმეში ჩასვლა ამ პრობლემის და ამ საკითხის. ”

დავით უსუფაშვილის აზრით, დაფინანსების გაზრდა სწორი და აუცილებელი ამოცანაა, თუმცა, მისივე თქმით, ეს პედაგოგებისთვის სოციალური პრობლემების მოგვარების მიზნით არ უნდა გაკეთდეს:

“განათლების სფეროშიც ხელფასის მომატება კარგია? კი, მომატება სჯობს დაკლებას, რა თქმა უნდა, მაგრამ განათლების სისტემაში თუ სოციალური პრობლემების მოგვარება დავისახეთ ამოცანად, ანუ განათლების სისტემის მეშვეობით შეჭირვებულ მოქალაქეებისთვის, პედაგოგებისთვის ხელის გამართვა არის სახსრების გამოძებნის ამოცანა, მაშინ არც ერთი გამოგვივა, არც პედაგოგების დახმარება და არც განათლების ხარისხის გაუმჯობესება,” – აცხადებს უსუფაშვილი და აღნიშნავს, რომ განათლების თემაზე როცა ვსაუბრობთ, “თითოეული თეთრი უნდა ხმარდებოდეს განათლების თემას, ხოლო სსოციალური პრობლემები სხვა მხრიდან მოსაგვარებელი თემებია და არა ასე ერთმანეთში აღსარევი.”

 

“პრობლემა არის ჩვენში, პოლიტიკოსებში, ანუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ადამიანებში და ეს პრობლემა ძალიან ნათლად სჩანს არა მხოლოდ განათლების სფეროში, არამედ ყველა იმ სფეროში, რომლის რეფორმირებას სჭირდება გრძელვადიანი ხედვა და გრელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა, შემუშავება და გაყოლა. ყველა იმ საკითხში, რომელიც ვერ ეტევა ერთთვიანი ან 4-წლიანი სახელისუფლებო ციკლის პერიოდში, ჩვენ პრაქტიკულად ყველგან დიდი პრობლემები გვაქვს.

უსუფაშვილი ამ თემაზე საუბრისას პარალელებს პენსიის ზრდასთან ავლებს:

“წელს გადავწყვიტეთ და პენსიას ოციოდე ლარით გავზრდით. ეს ოციოდე ლარი ბიუჯეტს ალბათ დაუჯდება ორმოცდაათიოდე მილიონი ლარი. გამოიძებნა სახსრები, თუ მოვძებნეთ,  მაგრამ ამით რამენაირად სერიოზულად შევეხიდეთ პენსიონერთა პრობლემას? ვერა. მომავალ წელს თუ 100 მილიონს მოვძებნით და კიდე შევეხიდეთ  ოციოდე ლარით გაზრდით, ეს იქნება უფრო კეთილი სურვილის გამოხატვა, ვიდრე პრობლემის გადაწყვეტა.”

პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ განათლება სახელმწიფო ზრუნვის საგანი უნდა გახდეს:

“ჩვენ გვინდა განათლებული და თავისუფალი ადამიანები, ჩვენ გვინდა განათლებული თავისუფლება. ეს ვერ მიიღწევა თავისუფალი განათლებით, ანუ უსისტემო, უსტანდარტო განათლებით. ვისაც რა უნდა, იმას ისწავლის, შევა კომპში, წაიკითხავს და აი, განათლებულია.  განათლებას სჭირდება სახელმწიფოებრივი ზრუნვა, სახელმწიფო სტანდარტი, სახელმწიფო სისტემა მანამ, სანამ ადამიანი სრულწლოვანი გახდება და მერე თავად იცის, სად წავა და რას გააკეთებს. სანამ ჩვენ ვთვლით, რომ სკოლაში საქმე გვაქვს იმ ასაკის მოზარდებთან, ვინც სწორედ სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ უნდა იყვნენ და ეს ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაცაა, სწორედ ასე უნდა მივუდგეთ საკითხს.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი