ახალი ამბები

ემილ წერეთელი: რიკოთზე სტიქია ანომალური მოვლენა იყო

20 ივნისი, 2011 • 1251
ემილ წერეთელი:  რიკოთზე სტიქია ანომალური მოვლენა იყო

კითხვით, შესაძლებელი იყო თუ არა რიკოთის მონაკვეთზე 18 ივნისს სტიქიის რისკ–ფაქტორების შემცირება, ნეტგაზეთმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსს, ემილ წერეთელს მიმართა.

„ყველა მთიანი ზონა მეტ–ნაკლებად რისკის ზონად ითვლება. თუმცა, ის რაც 18 ივნისს იქ მოხდა, იყო სრულიად ანომალური მოვლენა. მომხდარის შემდეგ ჩვენ იქ ჩავედით და სიტუაცია შევაფასეთ. იქამდე არასდროს არ ყოფილა იმის გეოლოგიური წანამძღვრები, რომ ეს მოხდებოდა.

იქ, მაღლა მთაში, ჩამოდის ხეობა, რომელიც უმეტესად მშრალია. წყალი, ძირითადად, წვიმების დროს იცოდა. ამ რესტორნის – „რიკოთის“ უკან კი გადიოდა ორი დიდი დამარხული მილი, რომელიც თავისუფლად ატარებდა იმ წყალს, რომელიც მოდიოდა და აქამდე არივათარი საშიშროებას არ წარმოადგენდა.

თუმცა ბოლო დროს  ანომალურად უხვი ნალექების გამო, მაღალმთიანი ზონის სხვადასხვა ადგილას მოხდა ჩამოზვავება, გადაკეტა ხეობა და დააგროვა წყალი, თან ჩამოიტანა დიდი რაოდენობის ქვა– მასალა, ხე–ტყე. ამან, თავის მხრივ, გადაკეტა მილები, რომლებიც ვეღარ ატარებდა წყალს. ეს მასალები დაგროვდა რესტორნის ნაგებობის უკანაც. სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია კატასტროფა.

უნდა ითქვას, რომ როდესაც მსგავს ადგილებში შენდება ასეთი ნაგებობები, აუცილებლად შეფასებული უნდა იყოს წინასწარ, არის თუ არა მოსალოდნელი რისკი, რაც არასდროს გაკეთებულა. არადა, აუცილებელი იყო, ჯერ კიდევ შენობის მშენებლობის ნებართვის გაცემამდე გაკეთებულიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რომელიც აჩვენებდა, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი. ასეთ სიტუაციებში რისკების შესამცირებლად ყურადღებაა საჭირო, მითუმეტეს, თუ ეს გეოლოგიურად დაძაბულ ზონას ეხება.”

ემილ წერეთლის ინფორმაციით, მარტო მეწყერებისა და ღვარცოფების შედეგად 1995 წლიდან საქართველომ 2 მილიარდზე მეტი იზარალა, დაიღუპა 100-მდე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი