ახალი ამბები

ქალთა აქცია

14 ივნისი, 2011 • 1661
ქალთა აქცია

201

 

„საქართველოს ქალები“ პარლამენტსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ. მიმართვაში  „სპეციალური კომისიის შექმნას, 26 მაისს მომხდარი ძალადობის ჩამდენი პირების დასჯას, უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, დაკარგულ პირთა მოძებნასა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას“ მოითხოვენ.

დღეს დაახლოებით 150–მდე ქალი ლოზუნგით– „საქართველოს ქალები ღირსების და სიცოცხლის გადასარჩენად“ სხვადასხვა არასამთავრობო და ქალთა ორგანიზაციების („ქართული აკადემია“, „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, საზოგადოებრივი დამცველი მანანა კობახიძე, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრი“, „გადაარჩინე სიცოცხლე, ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი ქეთი ბექაური, მსახიობი ნანა შონია, „ქალთა პარტია“) თაოსნობით პარლამენტთან ამ მოთხოვნებით შეიკრიბა.

„მოძალადე ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს იმდენი აკადრა, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო –ქალთა პროტესტს მიაღწია. ეს პროტესტი ძალადობის, სისასტიკის, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისკენ არის მიმართული. არა აქვს მნიშვნველობა, რომელი ოპოზიციური ჯგუფის წინააღმდეგ გამოიყენა. ეს პირველ რიგში ქართველი ხალხისკენ მიმართული სისასტიკე იყო.

26 მაისს სამართალდამცავთა მხრიდან აქციის დარბევისა და მსხვერპლის გამო საერთაშორისო საზოგადოების, კერძოდ, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, გაეროს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესმენების, ასევე საერთაშრისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ოფიციალური გაკეთებული განცხადებებით მოთხოვნილი იყო კომისიის შექმნა და ობიექტური გამოძების ჩატარება.

ჩვენ –საქართველოს ქალები მივიჩნევთ, რომ მხოლოდ სამართლის უზენაესობას და კანონისადმი პატივისცემას შეუძლია უზრუნველყოს პიროვნების თავისუფლება და ადამიანთა თანაარსებობა ძალადობის გარეშე“,–ნათქვამია მიმართვაში, რომელიც დღეს ასზე მეტი ხელმოწერით პარლამენტში შეიტანეს.

„ის, ვინც პარლამენტშია, არ უნდა ჭირდებოდეს ქუჩაში, წვიმაში ამდენი ადამიანის დაყენება იმისთვის, რომ ის გააკეთონ, რაც ისედაც ევალებათ“, –ამბობს მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, რომელიც ასევე იმყოფებოდა პარლამენტის წინ შეკრებილ ქალებთან ერთად.

„უსამართლობის გამო და ღირსების აღსადგენად მოვედი დღეს აქ. არც შვილი მყავს, არც ოჯახი მაქვს და მაინც მოხუცი ქალი ვერ ვჩერდები სახლში“,–ამბობს 75 წლის აქციის მონაწილე ლალი ბერიშვილი.

აქციის მონაწილეთა თქმით, ამით ქალთა შეკრებები არ დამთავრდება. ისინი მომავალ სამშაბათს, ორ საათზე, პარლამენტთან ისევ მივლენ, რომ გაიგონ, განხილვის რა ეტაპზეა მათ მიერ პარლამენტში შეტანილი მიმართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი