ახალი ამბები

«ქრისტიან–დემოკრატები» ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტას მოითხოვენ

21 ივნისი, 2011 • 1377
«ქრისტიან–დემოკრატები» ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტას მოითხოვენ

«ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის» ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა დატოვოს ან დროებით მაინც უნდა შეაჩეროს ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთთან.

ამ რეკომენდაციით საქართველოს ხელისუფლებას თარგამაძემ 21 ივნისს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. «ქრისტიან–დემოკრატების» ასეთი პოზიცია სააგენტო http://lifenews.ru–ზე გამოქვეყნებულ ცნობას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაცია 2.5–ჯერ ზრდის სამხედრო ძალების კონტიგენტს აფხაზეთის ტერიტორიაზე.

სააგენტოს წყარო ანონიმურია, თუმცა იქვეა მითითებული, რომ ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, 2013 წლისთვის რუსული სამხედრო ძალების შემადგენლობა აფხაზეთის ტერიტორიაზე 1500–დან 3500 ადამიანამდე გაიზრდება.

«რაოდენობა 3500 კაცის შემადგენლობით არ აღემატება პარამეტრებს, რომელიც დადგენილია დსთ–ს ქვეყნების მეთაურთა საბჭოს მიერ,» – აცხადებს ანონიმური წყარო http://lifenews.ru–სთან საუბარში.

თარგამაძის თქმით, «უდიდესი საფრთხის შემცველია» ეს ინფორმაცია, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო რუს სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. მან სხვა არგუმენტებზეც ისაუბრა, თუ რატომ უნდა შეწყვიტოს საქართველომ რუსეთთან ჟენევის მოლაპარაკებები. კერძოდ, თარგამაძემ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის ზონასა და მიმდებარე რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე:

«ერთ–ერთი ბოლო, ძალიან მძიმე ფაქტი უკავშირდება რაჭიდან 10 ქართველის გატაცებას, რომლებიც იმყოფებიან ცხინვალის იზოლატორში და რომელთა ბედი არის გაურკვეველი», – აღნიშნა მან. ასევე, თარგამაძემ  ისაუბრა იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირის მისიაც, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ მსგავსი ინციდენტების პრევენციას, რომ მოხდეს ამ ზონებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.

«ამასთანავე, განცხადებები, რაც უკავშირდება სოჭის ოლიმპიადისთვის მზადებას, რომ რუსეთის ყველა საზღვარი, მათ შორის აფხაზეთისაც, იყოს მკაცრად ჩარაზული… ყველა ეს ინფორმაცია ჩვენ გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ხელოვნურად ხდება სიტუაციის დაძაბვა საიმისოდ, რომ რუსეთს მიეცეს დამატებითი «არგუმენტები», რომლებსაც თავად ქმნის და რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მის მიერ სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის რაოდენობის ზრდას.

ეს არის ვითარება, რომელსაც უნდა მიეცეს მკაცრი შეფასებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამ თვალსაზრისით მე მიმაჩნია, რომ ურიგო არ იქნებოდა, შეიძლება ვიღაცეებს მკაცრად მოეჩვენოს ეს წინადადება, მაგრამ ჩვენ დაგვეყენებინა საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებიდან საქართველოს მხარის გამოსვლის, თუ არა, ყოველ შემთხვევაში, დროებით ჩვენი მონაწილეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით», – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

“ჩვენ ან უნდა შევაჩეროთ საუბარი იმაზე, რომ მეორე მხრიდან გვყავს ტერორისტი და აგრესორი, ან უნდა მივიღოთ კონკრეტული ზომები, რომ ჟენევის მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი გამოიღოს. თვლა ამერია, უკვე მერამდენე რაუნდი ჩატარდა. პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვისმენთ რუსი მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომ 2013 წელს 2–ჯერ უფრო დიდი სამხედრო კონტიგენტი იქნება აფხაზეთში. აი, ასეთ კონკრეტულ შედეგებამდე მიდის ჟენევის მოლაპარაკებები. კონფლიქტი რეალურად ადგილიდანაც არ იძვრის. თუ ვიცით, რომ ვესაუბრებით ტერორისტს, მაშინ გაცილებით უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ. მკაცრ გადაწყვეტილებებში ვგულისხმობ პროცესის დატოვებას. მოლაპარაკებებში მოლაპარაკებისთვის ყოფნა ჩვენ მხოლოდ გვაზარალებს. ადამიანები ზარალდებიან და მათი მდგომარეობა არ უმჯობესდება”, – განაცხადა “ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” კიდევ ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა.

გიორგი თარგამაძემ წინადადებით მიმართა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს, განიხილოს მის მიერ დასმული ეს იდეა და მოითხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, გადაამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ანონიმი რუსი სამხედრო მაღალჩინოსნის ინფორმაცია სინამდევილეს აფხაზეთში რუსული სამხედრო კონტიგენტის 2.5–ჯერ გაზრდის შესახებ.

თარგამაძის ამ მოთხოვნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც შეუერთდა. «მართლაც უნდა ვიფიქროთ, რა რეაქცია ექნება საქართველოს, თვალყური ვადევნოთ ამ პროცესებს და მეტი თანამშრომლობა გამოიჩინოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეპუტატებთან, რომ კოორდინირებული რეაქცია მოჰყვეს ამას,» – განაცხადა დავით ბაქრაძემ და იქვე დასძინა, რომ შესაჯერებელია პოზიცია, ეს რეაქცია გამოიხატება ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ, თუ სხვა კუთხითაც.

“ქრისტიან–დემოკრატებამდე” ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ სკეპტიციზმი, კერძოდ კი, მოლპარაკებების ბოლო, მე–16 რაუნდის დასრულების შემდეგ (რომელიც ჟენევაში 7 ივნისს გაიმართა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამაც  გამოხატა მედიასთან საუბარში. აღნიშნული რაუნდის დროს ქართულმა დელეგაციამ საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტების საკითხი დააყენა, რომლის შესახებაც ინფორმაცია საქართველოს შსს–მ გაავრცელა.

“უზარმაზარი პრობლემაა, რომ ჩვენ ვზივართ მოლაპარაკებებში სახელმწიფოსთან, რომელიც ტერორისტული აქტების ორგანიზების პრაქტიკას აგრძელებს. ასეთ ვითარებაში, თუკი ეს ქმედებები კიდევ გაგრძელდება, უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიას ისეთ ქვეყანასთან, რომელიც პარალელურად ასეთ ქმედებებს ახორციელებს, აზრი ეკარგება, მათ შორის ჟენევის ფარგლებშიც”, – განაცხადა მაშინ ბოკერიამ.

ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც თბილისის, მოსკოვის, ვაშინგტონის, სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენელთა მონაწილეობით იმართება, ჟენევაში 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში დაიწყო. ჟენევის დისკუსიები ორ სამუშაო ჯგუფში იმართება, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე – ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს. ამ დრომდე ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ჯამში, 16 რაუნდი შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი