ახალი ამბები

ცვლილებები “შეკრებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში

15 ივნისი, 2011 • • 1125
ცვლილებები “შეკრებისა და მანიფესტაციების” შესახებ კანონში

საქართველოს კანონში “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” შესატანი ცვლილებების მიხედვით, აქციების გაამრთვისას სხვადასხვა შენობებიდან 20 -მეტრიანი რადიუსის დაცვა კვლავ სავალდებულო გახდება. გარდა ამისა, ხელიუსფლებას უფლება ეძლევა, „განსაკუთრებულ შემთხვევაში“  მანიფესტაციაში ჩაერიოს. კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები საპარლამენტო უმრავლეობიდან: ჩიორა თაქთაქიშვილი, პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე და აკაკი მინაშილი.

კანონპროექტის მიხედვით, აქციის მონაწილეებს მოუწევთ, სამომავლოდ გაითვალისწინონ აქციის ჩატარების ადგილზე მცხოვრები და მომუშავე ადამიანების ინტერესები. ამ ინტერესის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კი შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილები ხდებიან, მათი უფლებების დაცვა უზრუნველყონ, აქციის მონაწილეებთან კი მანიფესტაციის სხვა ადგილზე და სხვა დროს ჩატარების შესაძლებლობას განიხილონ.

სამომავლოდ ასევე იკრძალება ავტომაგისტრალების გადაკეტვა, თუ ამას მანიფესტაციაში მონაწილე ადამიანთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე დაუშვებელია გზების გადაკეტვა ავტომობილებით, ბარიკადებითა თუ სხვა ნივთებით. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ამიერიდან აქციის ორგანიზატორებმა  უნდა მიმართონ ქალაქის თვითმმართველობას(მერიის ნაცვლად საკრებულოს) და მინიმუმ 5 დღით ადრე უნდა გააფრთხილონ აქციის გამართვის შესახებ. აქციის ჩატარებაზე პასუხისმგებელი არ უნდა იყვნენ  18 წლამდე პირები და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ადამიანები. მანიფესტაციების ჩატარება აკრძალულია შემდეგი შენობებიდან ოცი მეტრის რადიუსში: საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლო, საერთო სასამართლოები, პოლიციის, პროკურატურის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები და სამართალდამცველი სტრუქტურები, რკინიგზის სადგურები, აეროპორტები და პორტები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის ვადაში ვალდებულია, განიხილოს ეს განცხადება და აქციის ორგანიზატორებს აცნობოს აქციის სხვა ადგილზე გადატანის და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის შესახებ, თუ ორგანიზატორების მიერ მოთხოვნილი აქცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, ორგანიზაციებისა თუ დაწესებულების მუშოაბას, აგრეთვე, თუ იმავე ადგილზე იმავე დროს აქციის ცატარების შესახებ სხვამ უფრო ადრე შეიტანა გაფრთხილება.

მანიფენსტანტებს კანონპროექტის მიხედვით ეკრძალებათ ისეთი ნივთების თან ქონა, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მათსავე ან სხვის ჯანმრთელობას. ასევე არ შეიძლება აქციაზე ფეთქებადი, ან რადიოაქტიური ნივთიერებებისა და ცივი იარაღის მიტანა. გარდა ამისა, დაუშველებლია ცრემლდენი ნივთიერებებისა და ალკოჰოლის თან ქონა. კანონის სხვადასხვა პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზატორები ვალდებულები არიან, მანიფესტაცია დაუყოვნებლივ შეწყვიტონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას უფლება ეძლევა, მანიფესტაციის დასაშლელად გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმების მიხედვით დადგენილი საშუალებები.

თუ თვითმმართველო ორგანოს წარმომადგენლები ორგანიზატორებს აქციის მოსალოდნელი დაშლის შესახებ გააფრთხილებენ, ხოლო ორგანიზატორები მანიფესტანტებს დაშლისკენ უახლოეს 15 წუთში არ მოუწოდებენ, მაშინ აქციაზე პასუხისმგებელ პირებს სმაართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება კი აქციის ორგანიზატორებს სასამართლოში უახლოესი სამი დღის მანძილზე შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი