ახალი ამბები

გია ვოლსკი საპარლამენტო უმცირესობას: ნუ ყიყინებთ

9 მარტი, 2016 •
გია ვოლსკი საპარლამენტო უმცირესობას: ნუ ყიყინებთ

“გაჩერდით, ნუ ყიყინებთ, რომ ვლაპარაკობ აქ, რა არის, ვერ გავიგე, ” – ამ სიტყვებით “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მიმართა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშს ისმენენ, გია ვოლსკი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ჰკითხეს,  ვინ იტყუებოდა – თვითონ, როცა ამბობდა, რომ “სოკარი” საქართველოს დამატებით გაზმომამარაგებას ვერ უზრუნველყოფდა, თუ “სოკარის” წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კომპანიას გაზით მთელი საქართველოს უზრუნველყოფა შეეძლო.

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ  ოპოზიციას იქითკენ მიჰყავს საუბარი, “თუ როგორ გაბედა ხელისუფლებამ “სოკართან” მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. ” რაზეც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გოკა გაბაშვილმა  განაცხადა, რომ “სოკართან” მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება საზოგადოების აქტიურობის და ზეწოლის შედეგი იყო.

“გაჩერდით, ნუ ყიყინებთ, რომ ვლაპარაკობ აქ, რა არის, ვერ გავიგე, რა ლაპარაკია. ძალიან გთხოვ, ხმას ნუ აუწევ, ნუ ამაწევინებ,” – მიმართა გია ვოლსკიმ უმცირესობის წევრებს, რის საპასუხოდაც მას დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, ხათუნა გოგორიშვილმა “წესიერად ლაპარაკისკენ” მოუწოდა.

“ეს შეურაცხმყოფელი მიმართვაა და გთხოვთ, მიუთითოთ თქვენს კოლეგას,”- მიმართა გოკა გაბაშვილმა სხდომის წამყვან დეპუტატ ზურაბ ტყემალაძეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი