„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, 20-წლიანი საქმიანობის შემდეგ, საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ოფისიც დაიხურა.
ფონდს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა პარტნიორებს დაუგზავნა წერილი, რომ „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის“ საქმიანობა საქართველოში სექტემბრის ბოლოს დასრულდება, მიზეზად კი „ქართული ოცნების“ შემზღუდავი კანონები დაასახელა.
„ბოლო წლებში საქართველოში პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო ძირფესვიანად შეიცვალა. კერძოდ, უცხოურ დაფინანსებასა და გრანტებთან დაკავშირებულმა ახალმა რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ის სამოქმედო სივრცე, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოპერირება შეუძლიათ. შედეგად, თანამშრომლობის ის ფორმები, რომლებითაც ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორებთან, სულ უფრო გართულდა, ან ბევრ შემთხვევაში, საერთოდ შეუძლებელი გახდა“, — ნათქვამია წერილში, რომელიც „ნეტგაზეთმა“ ნახა.
ნაუმანის ფონდის გუნდი პარტნიორებს წერს, რომ ხელი არ ჩაუქნევია საქართველოს ევროპულ მომავალზე და იმედოვნებს, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო ერთ დღესაც შეიცვლება და შეიქმნება ისეთი პირობები, რომლებშიც მათნაირი ორგანიზაციები შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას.
“ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის” სამხრეთ კავკასიაში 1996 წლიდან მუშაობს. მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის პოლიტიკური განათლების პროექტებით, 2002 წლიდან კი – სომხეთსა და საქართველოში. ოფისი მდებარეობდა თბილისში, საქართველოში. ფონდის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს დემოკრატიული განვითარების პროცესში.
პირველ ოქტომბერს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ კონრად ადენაუერის ფონდმა [KAS] თბილისში თავისი წარმომადგენლობა 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა. ფონდი აცხადებს, რომ დახურვა ნებაყოფლობითი არ ყოფილა.
„თბილისში ჩვენი წარმომადგენლობის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც KAS-ს აღარ შეუძლია ადგილზე შეასრულოს თავისი, როგორც პოლიტიკური ფონდის, ძირითადი მისია“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
2003 წლიდან კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) მოწოდებულია საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარებისა და ევროპული ურთიერთგაგების ხელშეწყობისკენ. მისი საქმიანობა ფინანსდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა (AA) და ევროკავშირის გრანტებით.
განახლება:
მოგვიანებით, 2 ოქტომბერს, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა თავისუფლებისთვის“ (FNF) გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, გამგეობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ფონდმა 2026 წლის 30 სექტემბერს საქართველოში საქმიანობა შეწყვიტა და თბილისში მდებარე ოფისი დახურა. ფონდმა განაცხადა, რომ დიდი შეშფოთებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ განვითარებას.
„ამ ნაბიჯის გადადგმა ჩვენთვის ადვილი არ ყოფილა, თუმცა ის გარდაუვალი იყო. საქართველოს მთავრობის ქმედებები ფონდისთვის ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. მიმდინარე წელს, ჩვენმა ფონდმა უცხოური დაფინანსებისა და გრანტების შესახებ ახალი კანონის ფარგლებში განაცხადი შეიტანა, რათა ქვეყანაში პროექტების დაფინანსება და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა. ამის საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ პროგრამის თითოეული კომპონენტი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს დაქვემდებარებოდა და ყველა აქტივობაზე შესაბამისი ნებართვა ყოფილიყო გაცემული. მსგავსი პირობები თავისთავად უსპობს საფუძველს იმ აუცილებელ სამოქმედო თავისუფლებას, რომელიც ლიბერალურ ფონდს სჭირდება“, — ნათქვამია განცხადებაში.
მიუხედავად ამისა, ნაუმანის ფონდის თანახმად, მათ განაცხადით სცადეს, ამოეწურათ ყველა შესაძლებლობა, რათა გაეგრძელებინათ საქართველოში საქმიანობა და მხარი დაეჭირათ იმ ძალებისთვის, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან, თუმცა 2026 წლის 28 ივლისს ეს განაცხადი უარყოფილ იქნა.
„შესაბამისად, ჩვენ ვეღარ ვხედავთ ისეთი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელიც ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს შეესაბამება. ჩვენი ფონდი საქართველოში 2002 წლიდან იყო წარმოდგენილი. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობდით მრავალ პარტნიორ ორგანიზაციასა და ლიბერალ მოღვაწესთან — თავისუფალი საზოგადოების, საქართველოს ევროპული მომავლისა და საზოგადოებებს შორის მჭიდრო დიალოგის უზრუნველსაყოფად. ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საქართველო იმედისა და დემოკრატიული პროგრესის სიმბოლოს წარმოადგენდა. მომავალშიც, ჩვენ ვიდგებით ყველა იმ ქართველის გვერდით, ვინც საკუთარ ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული წესრიგისთვის იბრძვის. ჩვენ ვიქნებით მათი ხმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მხარს დავუჭერთ მათ ძალისხმევას, იმუშაონ საკუთარი ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის“, — ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის მადლობას უხდის თავის თანამშრომლებს, ყველა პარტნიორსა და მეგობარს და აცხადებს, რომ ბოლო წლებში ბევრ მათგანს მოუწია მზარდი პირადი რისკების გაწევა თავიანთ ქვეყანაში დემოკრატიული და თავისუფალი წესრიგის დასაცავად.
