დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის კვლავ ავარიულად გაითიშა.
სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მათი განცხადებით, ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს.
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება. ავარიის გამომწვევი მიზეზი კვლავ უცნობია. “მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას”, – აცხადებენ უწყებაში.
მსგავსი ენერგოკოლაფსი მოხდა რამდენიმე დღის წინაც, თუმცა მიზეზი ჯერ დაუდგენელია.
მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი, შესაძლოა, ენგურჰესზე სისტემური ავარიაა. თუმცა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ დრომდე არცერთ შესაბამის უწყებას არ გაუვრცელებია გათიშვის მიზეზებზე განცხადება.
აფხაზეთის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზად აფხაზეთის დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრო და ადგილობრივი ენერგოკომპანია “ჩერნომორენერგო” სწორედ ენგურჰესზე სისტემურ ავარიას ასახელებენ.
დე ფაქტო უწყების ცნობითვე, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
აფხაზურმა მხარემ 24 ივლისს ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვად ასევე ენგურჰესზე ავარია დაასახელა.
თბილისში არც ამ შემთხვევაზე გაუკეთებიათ ამ დრომდე რაიმე კომენტარი.
