პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედს“ ევროპარლამენტში საქმიანობა 1 წლით აეკრძალა. ირკვევა, რომ ევროპარლამენტისგან გაფრთხილება მიიღო კიდევ ორმა პროსახელისუფლებო ტელევიზიამ — „რუსთავი 2-მა“ და „პოსტივიმ“, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპარლამენტში არსებული მედიის ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში, აკრძალვა მათაც შეიძლება შეეხოთ.
იმის შესახებ, თუ რა უძღოდა წინ „იმედისთვის“ ევროპარლამენტში საქმიანობის აკრძალვას, ნეტგაზეთი პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას პოლიტიკურ მრჩეველს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ელენე მეტრეველს ესაუბრა. სწორედ კშიშტოფ ბრეიზაა იმ ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც „იმედის“, „რუსთავი 2-ისა“ და „პოსტივისთვის“ ევროკავშირის ინსტიტუტებში აკრედიტაციის შესაძლო გაუქმებასა და მათ სანქცირებას ითვალისწინებს.
— როდის დადგა დღის წესრიგში ევროპარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეწყვეტის საკითხი და რა გახდა ამის საფუძველი?
— ამ თემაზე მუშაობა დაახლოებით ხუთი თვის წინ დავიწყეთ, როდესაც ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას ოფისიდან ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მივმართეთ. ვითხოვდით მათი აკრედიტაციის გადახედვას, რადგან არსებობს მათ მიერ გაშუქებული სიუჟეტებიდან კონკრეტული მტკიცებულებები, სადაც ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას, ეწევიან პროპაგანდას და თავს ესხმიან ევროკავშირის წარმომადგენლებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
აპრილში სამივე ტელეკომპანიას [„იმედი“, „რუსთავი “ და „პოსტივი“] გაეგზავნა გაფრთხილება, რადგან მარტის პლენარულ სესიაზე მათ გაუფრთხილებლად, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე სცადეს ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასგან ინტერვიუს აღება. გრეგოროვამ ევროპარლამენტის ადმინისტრაციას აცნობა, რომ ეს ქმედება მასთან შეთანხმებული არ ყოფილა, რის გამოც ტელევიზიები გააფრთხილეს. ამ დროისთვის ევროპარლამენტი უკვე ინფორმირებული იყო, კონკრეტულად რა ტიპის რუსული სტილის დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ავრცელებდა „იმედი“ ევროკავშირის წინააღმდეგ. მაგალითად, როდესაც საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ბოლო ანგარიშის პრეზენტაცია შედგა, „იმედის“ ჟურნალისტმა ევროპარლამენტიდან განაცხადა, თითქოს საქართველოსთან დაკავშირებულ არცერთ ანგარიშსა და რეზოლუციას ევროპარლამენტში მხარდაჭერა არასდროს ჰქონია. ეს სრული სიცრუე იყო. აღნიშნულის შესახებაც ინფორმირებული იყო ევროპარლამენტის ადმინისტრაცია, პრესაკრედიტაციის დეპარტამენტი და პრეზიდენტის ოფისი.
გაფრთხილების მიუხედავად, მათ საქმიანობა დროებითი აკრედიტაციის ფარგლებში გააგრძელეს. „იმედი“ მხოლოდ ერთჯერად აკრედიტაციას იღებდა და მუდმივს ელოდა. მოგვიანებით მათ ფარულად ჩაწერეს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე. მიუხედავად იმისა, რომ მან ინტერვიუს მიცემაზე უარი განაცხადა, ჩაწერა მაინც გააგრძელეს და მასალა საინფორმაციო გამოშვებაში გამოიყენეს. ეს ევროპარლამენტის მედიის ქცევის წესების განმეორებითი დარღვევა იყო, რადგან კონკრეტულ ადგილებში ევროპარლამენტარის თანხმობის გარეშე ჩაწერა და მასალის გამოყენება დაუშვებელია. ქცევის კოდექსის დარღვევის გამო, აკრედიტაციის შეჩერების ლეგალური საფუძველი გაჩნდა. ვინაიდან ევროპარლამენტი დიდი ხანია ინფორმირებულია მათ საქმიანობაზე, „იმედს“ გაეგზავნა წერილი, რომ სწორედ ამ ქმედებების გამო ტელეკომპანიას 1 წლით აეკრძალება ევროპარლამენტში მუშაობა.
— ამ ეტაპზე საქმიანობა მხოლოდ „იმედს“ აქვს აკრძალული, „რუსთავი 2-მა“ და „პოსტივიმ“ კი გაფრთხილება მიიღეს, თუ მათაც შეეხოთ აკრძალვა?
— ევროპარლამენტის მხრიდან აკრძალვა ამ ეტაპზე მხოლოდ „იმედს“ ეხება. „რუსთავი 2-სა“ და „პოსტივის“ გაეგზავნათ გაფრთხილება, რომ მსგავსი შემთხვევის განმეორებისას, შესაძლოა, მათაც იგივე სანქცია დაუწესდეთ. ამასთან, მუდმივი აკრედიტაცია არც მათ აქვთ და მათი მოთხოვნა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ასევე ვიცით, რომ „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ „იმედის“ სატელიტები არიან. თუ 1 წლის განმავლობაში „იმედს“ არ ექნება ევროპარლამენტში ოპერირების საშუალება, ამ საქმიანობას სწორედ ისინი გააგრძელებენ, ამიტომ მათთან დაკავშირებულ სანქციებსაც ძალიან აქტიურად განვიხილავთ.
— შეიძლება ითქვას, რომ „იმედისთვის“ აკრედიტაციის შეჩერების საბოლოო საფუძველი რასა იუკნევიჩიენესთან გაუფრთხილებელი ინტერვიუ გახდა?
— ვიტყოდი, რომ ეს არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი. პირველი მიზეზი რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის წინააღმდეგ მათი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გააქტიურება იყო. ამას მოჰყვა ინტერვიუსთვის გაუფრთხილებლად მივარდნა ჯერ მარკეტა გრეგოროვასთან, შემდეგ კი — რასა იუკნევიჩიენესთან. ამიტომ, საფუძველი მხოლოდ ფარული ჩანაწერი არ ყოფილა; მთავარი მიზეზი ევროპარლამენტისა და მისი წესების წინააღმდეგ მიმართული სისტემური ქმედებებია.
— შალვა პაპუაშვილი, რომელიც, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტში მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების წესის ავტორია, „იმედისთვის“ 1-წლიანი აკრძალვის დაწესების შემდეგ ამბობს, რომ ევროპარლამენტში უფრო მკაცრი წესები ყოფილა და დაფიქრდება, საქართველოს პარლამენტშიც იგივე წესები გაავრცელოს თუ არა. რას გვეტყვით მის ამ შედარებაზე?
— ჩემი აზრით, საქართველოს პარლამენტი არალეგიტიმურია და შეუძლებელია მისი შედარება ევროპარლამენტთან, სადაც დემოკრატიული კანონები და წესები მოქმედებს. შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დამოუკიდებელ მედიას მუდმივად თავს ესხმიან არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ფიზიკურადაც. პაპუაშვილის ეს განცხადება უფრო ცინიკური იყო, ვიდრე სამართლებრივი, რადგან საქართველოში აღარ არსებობს უსაფრთხო მედიასივრცე და არცერთი ჟურნალისტი არაა დაცული პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. გავიხსენებდი გურამ როგავას, მაკა ჩიხლაძესა და მარიამ გაფრინდაშვილს, რომლებსაც მუშაობის პროცესში „ქართული ოცნების“ მიერ მართული მოძალადეები დაესხნენ თავს.
ავტორიტარული რეჟიმის პირობებში მყოფი საქართველოს პარლამენტის ევროპარლამენტთან შედარება, სადაც კონკრეტული წესები მოქმედებს, სრულიად წარმოუდგენელია. ევროპარლამენტის შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ მედიის მხრიდან რუსული ნარატივების გავრცელებასა და წესების სისტემურ დარღვევაზე. პაპუაშვილის განცხადება აბსოლუტურად არარელევანტურია და ამ ორი შემთხვევის ერთმანეთთან დაკავშირების მცდელობა უბრალოდ სასაცილოა.
— იმას, რასაც თქვენ და ევროპარლამენტი დეზინფორმაციას უწოდებთ, „ქართული ოცნების“ წევრები სიტყვის თავისუფლებად აფასებენ, ევროპარლამენტის აკრძალვას კი — სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმად. რას უპასუხებდით მათ?
— „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ „იმედი“, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ დამოუკიდებელი ტელევიზიები არიან. ყველას ვურჩევდი, უბრალოდ გადახედონ „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებებს. პირველ რიგში, ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. მაგალითად, ბოლოდროინდელ რეპორტაჟში ამტკიცებდნენ, რომ ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ არცერთ რეზოლუციას მხარდაჭერა არ ჰქონია, არადა რამდენიმე დღეში ეს დოკუმენტები სრული უმრავლესობით მიიღეს.
ისინი აცხადებენ, თითქოს ევროპარლამენტი თავისუფალ მედიას ესხმის თავს, თუმცა თავად ვერ აკმაყოფილებენ თავისუფალი მედიის ვერცერთ კრიტერიუმს — განსაკუთრებით ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით. გაუგებარია, ვინ ფლობს მათ და რატომ იყიდება ყველაზე რეიტინგული ტელევიზია საქართველოში 300 ევროდ. გარდა ამისა, ტელეკომპანიის მფლობელი ირაკლი რუხაძე ღიად აცხადებს, რომ მისი მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების არდაშვებაა, რითაც პირდაპირ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და პარტნიორია. ასეთი პოლიტიკური აფილირება დამოუკიდებელი მედიის სტანდარტებს ეწინააღმდეგება.
ამასთან, ისინი თავს ესხმიან ევროპარლამენტარებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს, აცხადებენ მათ მოღალატეებად და აგენტებად. გვეძახიან უსამშობლოებს მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტი იღებს რუსული ტიპის კანონებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აზრს მშვიდობიანად გამოხატავენ. შემდგომ ამ ყველაფერს „იმედი“ მანიპულაციურად აშუქებს.
მარტივად რომ ვთქვათ, „იმედი“ სრულად არის ჩართული „ქართულ ოცნებასთან“ კოორდინირებულ რუსული ტიპის სადეზინფორმაციო კამპანიაში. ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ევროპარლამენტს, ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს უკვე მიეწოდა. ვფიქრობ, ეს აკრძალვა ევროპარლამენტის დონეზე არ გაჩერდება და მომავალში ევროკავშირის მხრიდან კიდევ უფრო მკაცრი ნაბიჯები გადაიდგმება.
— თუ ჰქონია ევროპარლამენტს მედიებისთვის საქმიანობის აკრძალვის მსგავსი პრაქტიკა და რომელ მედიებს შეეხო იგი წარსულში?
— მსგავსი მაგალითი ბელარუსისა და რუსეთის ტელევიზიების მიმართ მახსენდება. ისინი მოხვდნენ იმ მედიასაშუალებების სანქციების სიაში, რომლებიც საგარეო, კონკრეტულად კი რუსული ჩარევის იარაღს წარმოადგენენ. ევროსტრუქტურებში სწორედ ამ მკაფიო მაგალითზე ვსაუბრობთ და აღვნიშნავთ, რომ „იმედი“, ისევე როგორც „რუსთავი 2“ და „პოსტივი“, სწორედ რუსეთისა და ბელარუსის სანქცირებულ ტელევიზიებს ჰგვანან.
