თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მისი გარემოცვის საქმის განხილვა, რომლის მიხედვითაც მათ თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, ასევე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, დასრულდა.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განაჩენი გამოიტანა: ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავას — 8-წლიანი პატიმრობა, ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს — ასევე 8-წლიანი პატიმრობა. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ვლადიმერ ღუდუშაურთან.
ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა არაერთი უძრავი ქონება, მათ შორის, სახლი ესპანეთში.
შეგახსენებთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად ითვლება. ბრალდებულებიდან გირაოთი მხოლოდ ვლადიმერ ღუდუშაური იყო გათავისუფლებული. იგი თავდაცვის სამინისტროში უწყების შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელია. ისიც დამნაშავედ იქნა ცნობილი, თუმცა მასთან დაკავშირებით პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება დაიდო — 4-წლიანი პირობითი მსჯავრისა და 10 000-ლარიანი ჯარიმის პირობით. ღუდუშაურმა დანაშაული აღიარა და პასუხისმგებლობა ყოფილ მინისტრს დააკისრა.
პროკურატურის მტკიცებით, ყოფილმა მინისტრმა და მისმა გარემოცვამ ბაზრის კვლევის გარეშე შეისყიდეს სამედიცინო ინვენტარი ერთ-ერთი კომპანიისგან. მათ სახელმწიფოს მიაყენეს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი.
9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს მუხლები, რომლითაც ბურჭულაძეს ბრალი ჰქონდა წარდგენილი, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და შემოსავლების უკანონო ლეგალიზება [სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტი და 332-ე მუხლის მეორე ნაწილი]. ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას პროკურატურა დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებოდა, ვასილ მხეიძეს — გაფლანგვაში დახმარებას. მუხლები, რომლითაც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი [სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი], სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დღეს, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებამდე, საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
გიორგი ხაინდრავამ აღნიშნა, რომ არაფერში გარეული და „ჩახედული“ არ ყოფილა, რომ მას სათქმელი არაფერი აქვს, არც იცის, რა უნდა თქვას.
საბოლოო სიტყვა არ უთქვამს ვასილ მხეიძეს. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ ამ უფლებით არ ისარგებლებდა ვლადიმერ ღუდუშაური, ის სხდომას არც დასწრებია და დისტანციურად ჩაერთო.
ამავე თემაზე:
