იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა თეა წულუკიანმა, საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ანტუან ბარდონთან ერთად, ფონდი „Salve” დააფუძნა.
სამინისტროს ცნობით, ფონდს მხოლოდ ორი კონკრეტული მიზანი ექნება: ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვებისთვის პროექტების დაფინანსება; სოციალურად დაუცველ ახალშობილ ბავშვებში კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა.
„ფრანგ მეგობრებთან ერთად დღეს დავაფუძნეთ ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომლის დახმარებითაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს ერთხელ და სამუდამოდ გავარიდებთ ქუჩას. გარდა ამისა, სოციალურად დაუცველ ახალშობილებს, როცა მათი მშობლები იუსტიციის სახლებში დაბადების რეგისტრაციისთვის მობრძანდებიან, გადავცემთ სპეციალურ სასაჩუქრე პაკეტს. პაკეტში, სხვა საბაზისო საჭირო ნივთებთან ერთად, იქნება ის ვიტამინებიც, რომლებიც UNICEF-ის სტანდარტით კვების დეფიციტის აღმოფხვრისთვის არის აუცილებელი. დღეს საქართველოში 100 000 ბავშვზე მეტი კვების დეფიციტის მქონეა, რაც მათ ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას ხელს უშლის. ამ დეფიციტის აღმოფხვრა ურთულესია ორი წლის ასაკის შემდეგ. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ ფონდის ერთ-ერთი მიზანი ბავშვების კვების დეფიციტის აღმოფხვრის ხელშეწყობა იყოს,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ფონდს პირველი შემწირველები უკვე გამოუჩნდა – საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში რენო სალენსი და საქართველოში მოღვაწე ფრანგი, ქართველი და ამერიკელი ბიზნესმენები.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფონდი გასულ კვირას ყაზბეგში, საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გალა ვახშამზე დაფუძნდა. აქ ასევე გაიმართა აუქციონი, სადაც მოწვეულმა ბიზნესმენებმა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისათვის სხვადასხვა ორგანიზაციების, ხელოვანებისა და სპორტსმენების მიერ გადაცემული ნივთები შეიძინეს.
მათივე ცნობით, პირველი 10 ათასი ლარი უკვე შეგროვდა, რაც იმედს იძლევა, რომ ბავშვებისათვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება 1 ივნისიდან შესაძლებელი გახდეს. ასევე, საერთაშორისო საადვოკატო ფირმის “დეკარტი” ხელმძღვანელმა საქართველოში ნოკოლა მარიანიმ ფონდს უსასყიდლო საადვოკატო მომსახურება შესთავაზა.
„ახლა ვეძებ ადამიანებს და ორგანიზაციებს, ვინც კონკრეტულ პროექტებს პატრონაჟს გაუწევს და მათ განხორციელებას უზრუნველყოფს,“ – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ანტუან ბარდონთან ერთად, ფ…
Posted by საქართველოს იუსტიციის სამინისტრო on Thursday, March 3, 2016