საზოგადოება

საგარეო: ზოგიერთ ქვეყანაში საკონსულო მოსაკრებელის გაზრდა დოლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია

3 მარტი, 2016 • 1151
საგარეო: ზოგიერთ ქვეყანაში საკონსულო მოსაკრებელის გაზრდა დოლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზოგიერთ ქვეყანაში საქართველოს საკონსულოს მომსახურების მოსაკრებლის ზრდა ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის კურსის დოლარის კურსის მიმართ ვარდნით არის გამოწვეული.

“ნეტგაზეთს” დაუკავშირდა მოქალაქე უკრაინიდან, რომელმაც განაცხადა, რომ უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა უკრაინაში საქართველოს საკონსულოს მომსახურების მოსაკრებელი. მოქალაქემ, რომელმაც სახელისა და გვარის გამოქვეყნება არ  ისურვა, ნეტგაზეთს უთხრა, რომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება ადრე 100 ლარი ღირდა, ახლა კი 400 ლარზე მეტი ღირს. მისივე თქმით, ამ ფასად იგი უკრაინიდან საქართველოში  ჩამოსვლას და უკან დაბრუნებასაც შეძლებდა. გარდა ამისა, როგორც მან განმარტა, გაძვირებულია სხვა სახის საკონსულო მომსახურების მოსაკრებლებიც, რაც ძალიან აწუხებთ უკრაინაში მცხოვრებ ქართველებს.

geoconsul.gov.ge-ს მონაცემებით, უკრაინაში საქართველოს საკონსულოში ბიომეტრიული მონაცემების შემცველი პასპორტის აღება 4387,5 უკრაინული გრივნა ღირს, რაც დღეის მონაცემებით (03.03.2016) 413 ლარი და 167 აშშ დოლარია.

ნეტგაზეთმა კითხვით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც განგვიცხადეს, რომ საკონსულო მომსახურების საფასური და მოსაკრებელი, რომელიც დადგენილია აშშ დოლარებში, არ შეცვლილა:

“ცვლილება განიცადა ტარიფებმა უკრაინულ ვალუტაში, რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში ტარიფების დაანგარიშება ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდებული ვალუტების გაცვლითი კურსის შესაბამისად. ეს ინფორმაცია სამინისტროს მიეწოდება წლის ბოლოს; ხოლო მოწოდებული გაცვლითი კურსის შესაბამისად დაანგარიშებული ტარიფები ძალაშია მომდევნო წლის 1 იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ყოველი მომდევნო წლის 1 იანვრიდან შესაძლოა შეიცვალოს საკონსულო მომსახურების ტარიფი ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში. კონკრეტულად უკრაინის შემთხვევაში, 2015 წლის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის უკრაინულ გრივნასთან მიმართებაში იყო: 1 აშშ დოლარი – 15.85 გრივნა; 2016 წლის გაცვლითი კურსი კი შეადგენს: 1 აშშ დოლარი – 33.75 გრივნა. შესაბამისად, გაცვლითი კურსის ცვლილების გათვალისწინებით, გაზრდილია მომსახურების ტარიფი მხოლოდ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში,”– განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ინფორმაცია მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით როგორც დოლარში, ასევე ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.geoconsul.gov.ge.

რაც შეეხება ნეტგაზეთის კითხვას, სხვა ქვეყნებში იგეგმება თუ არა საქართველოს საკონსულოების მოსაკრებლის გაძვირება, საგარეო უწყება გვპასუხობს, რომ 2016 წლიდან შესაძლოა ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც მომხდარიყო ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში საკონსულო მომსახურების საფასურის ზრდა, რაც გამოწვეულია ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის კურსის დოლარის კურსის მიმართ ვარდნით.

“კანონმდებლობით დადგენილ ტარიფებს (დოლარში) ცვლილება არ განუცდია. ამასთან, 2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესული, ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში დაანგარიშებული ტარიფები ძალაშია 2016 წლის განმავლობაში,”- აცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი