ნეტგაზეთი | ქუთაისში ველოგზის მშენებლობას ხეივანი შეეწირა ქუთაისში ველოგზის მშენებლობას ხეივანი შეეწირა – Netgazeti
Batumelebi | RU

ქუთაისში ველოგზის მშენებლობას ხეივანი შეეწირა

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, 16 წლის წინათ გაშენებული ქარსაცავი ზოლი მთლიანად განადგურებულია.

ადგილობირვი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ინფორმაციით, 1500 ძირი ხე, ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, გუშინ, გამთენიისას ამოძირკვეს. ქუთაისის მერიაში ვერ აკონკრეტებენ, ზუსტად რა რაოდენობის ხე მოჭრეს და აცხადებენ, რომ რამდენიმე ასეული ძირი იქნა ამოძირკვული. მათივე თქმით, ხეების ჭრის პროცესი არა გამთენიისას, არამედ გუშინ დილის 10 საათიდან დაიწყეს.

«შეიძლება საკადრო ცვლილება გააკეთოს ხელისუფლებამ ასე ჩუმად, მაგრამ ეგ ხომ არ არის პოლიტიკური ნიშნით კადრების გადაადგილება?! ამდენი ნარგავის განადგურება ასე ჩუმად, რომ არაფერს ეკითხებიან ხალხს, საკრებულოს, ეს არის მავნებლობა, დანაშუალი, საკრებულოს უმოქმედობა,» – აცხადებს მამუკა მღვდელაძე, ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი «ახალი მემარჯვენეებიდან».

მისივე თქმით, ის გუშინ დილით მოულოდნელად შეესწრო ფაქტს, როდესაც ავტომანქანით გადაადგილდებოდა აღმაშენებლის მოედანზე, სადაც სპეციალური ტექნიკა იყო მიყვანილი და ამოძირკვულ ხეებს სატვირთო მანქანებით ეზიდებოდნენ.

«საკრებულოში არავის შემოუტანია ეს საკითხი, რომ უნდა გაენადგურებინათ ეს ხეივანი. არავის არაფერი უკითხავს ჩვენთვის მაგ საკითხზე. საკრებული გახდა შეურახცმყოფელი ორგანო, სადაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე ხდება ხელის აწევა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ხელის ასაწევადაც არავის შემოუტანია ეს საკითხი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს – ამირან ხვადაგიანს ეს ინფორმაცია ექნებოდა, ამიტომაც ოთხშაბათს, საკრებულოს სხდომაზე მე დავაყენებ მისი უნდობლობის საკითხს», – აცხადებს მამუკა მღვდელაძე.

აღმაშენებლის გამზირიდან ხეების ამოძირკვის ფაქტს აპროტესტებენ ადგილობრივი «რესპუბლიკელებიც». პარტიის ერთ–ერთი ლიდერის ნატო ქათამაძის თქმით, 1.5 –კილომეტრიან ზოლზე ხეივანის განადგურების პროცესს პირადად ხელმძღვანელობდა ქუთაისის მერი გია თევდორაძე.

«როდესაც მივედი შემთხვევის ადგილზე, მოსახლეობამ მითხრა, რომ მიუხედევად წვიმიანი ამინდისა, თევდორაძე იქვე იყო და მანქანიდან აკვირდებოდა პროცესს. ჩემი ინფორმაციით, დილით, როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ დაინახა ამდენი მოჭრილი ხე, მათ გააპროტესტეს ეს ფაქტი, თუმცა ხელისუფლებამ პროტესტის განეიტრალება მოახერხა. იქვე სახანძრო მანქანებიც ჰყავდათ მობილიზებული, რომ თუკი მდგომარეობა გართულდებოდა, ხალხი წყლის ჭავლით დაეშალათ, მაგრამ ეს აღარ დასჭირდათ, ხალხი “შეშინდა” და დაიშალა,» – ამბობს ნატო ქათამაძე.

ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ ქუთაისის მერიაში, თუმცა არ მალავენ, რომ რამდენიმე მოქალაქემ მართლაც გამოთქვა უკმაყოფილება ხეების მოჭრის გამო, რაც, მათი თქმით, საპროტესტო აქციაში არ გადაზრდილა.

«ჯერ იყო და ისე ააფეთქეს მემორიალი, ხალხს არაფერი კითხეს, ახლა ხეები გაანადგურეს, დაგეგმილი აქვთ ქალაქის ცენტრალური მოედნიდან აღმაშენებლის ძეგლის გადატანა ისე, რომ არც ამ შემთხვევაში აპირებენ ხალხის აზრის გათვალისწინებას, ეს არის დანაშაული,» – ამბობს მამუკა მღვდელაძე.

ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალი, სადაც ყოველი წლის 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებდნენ პატივს ვეტერანები, 2009 წლის 19 დეკემბერს ააფეთქეს ისე, რომ იქვე მცხოვრებმა მოსახლეობამ ამის თაობაზე აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე შეიტყო. მემორიალის ადგილზე ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამჯერად, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხეივანი განადგურდა აღმაშენებლის გამზირზე, რაზეც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე, პოსტ ფაქტუმ შეიტყო. ადგილობრივი ოპოზიციის მტკიცებით, ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხელისუფლება, ასევე, ჩუმად აპირებს აღმაშენებლის ძეგლის გადატანას ქალაქის ცენტრალური მოედნიდან.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამოძირკვული ხეების ნაწილი, რომელიც შედარებით უვნებლად გადარჩა, ქალაქის სხვადასხვა სკვერში ჩაირგვება. ამოძირკვული ხეების ნაცვლად კი, აღმაშენებლის გამზირზე 300 ძირი პალმა დაირგვება, რომლებიც მშენებარე ველობილიკის გასწვრივ გაშენდება. ამავე ადგილზე იგეგმება ტურისტული ცენტრის გახსნაც, რადგან ველოგზის მშენებლობის აუცილებლობას ადგილობრივ თვითმმართველობაში სწორედ ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნობრიობიდან გამომდინარე ასაბუთებენ.

ქუთაისში ველოგზის მშენებლობის იდეა, ისე როგორც პარლამენტის გადატანის, საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის.

ქუთაისში 30– კილომეტრიანი ველოგზის მშენებლობისთვის საჭირო თანხა “აზიის განვითარების ბანკის” (ADB) მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი კრედიტიდან დაიხარჯება, რომელსაც “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი” განკარგავს. ფონდის ინფორმაციით, ქუთაისში ველოგზის მშენებლობისთვის 5 200 000 აშშ დოლარია გამოყოფილი.

ველობილიკის სიგანე 2.5 მეტრი იქნება. პროექტის თანახმად, ველობილიკის გასწვრივ სკამები, ველოსადგომები და ბილიკის აღმნიშვნელი ნიშნები მოეწყობა, ასევე, დამონტაჟდება მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება. ველობილიკი საავტომობილო გზისგან ფილებით მოწყობილი საფეხმავლო ბილიკით გაიმიჯნება, რომლის სიგანე 1.5 მეტრი იქნება.

ველოგზა ქუთაისის რამდენიმე უბანს მოიცავს: პროექტის მიხედვით, ცალკე გზა აშენდება ახალგაზრდობის გამზირზე და ავტოქარხნის დასახლებაში, ასევე, დაგეგმილია ნიკეა-თაბუკაშვილის, ბუხაიძე-გამსახურდია-ჯავახიშვილისა და სულხან-საბა-გუგუნავას ქუჩების დამაკავშირებელი ზოლების მშენებლობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მაია მეცხვარიშვილი