საზოგადოება

მსოფლიოს 12 ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი

28 აპრილი, 2011 • 2853
მსოფლიოს 12 ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი

ჩარლზისა და დაიანას ქორწილი
ჩარლზისა და დაიანას ქორწილი

პრინცი უილიამი გიგანტურ ქორწილს იხდის, მისი მშობლების «საუკუნის ქორწილიდან» 30 წლისთავზე.

ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის ქორწილი, რომელიც ხვალ გაიმართება, დაახლოებით 34 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. ეს, შესაძლოა, ისტორიაში შევიდეს, როგორც მესამე ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი მსოფლიოში.

საქორწინო ცერემონიალისთვის 800 ათასი დოლარი მარტო ყვავილებში დაიხარჯება, 80 ათასი – ტორტისთვის. ქორწილს დაესწრებიან სამეფო ოჯახის წევრები და ცნობილი ადამიანები, ასეულობით მილიონი ადამიანი კი ამ ცერემონიას თვალყურს ტელეეთერის მეშვეობით მიადევნებს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქორწილების ნუსხა Business Insider–მა გამოაქვეყნა.

ამ ნუსხაში პირველი ადგილი უილიამის მშობლების – ჩარლზისა და დაიანას ქორწილს უჭირავს, რომელიც, ინფლაციის გათვალისწინებით, 110 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. მათი ჯვრისწერა წმ. პავლეს ტაძარში (St Paul’s Cathedral) გაიმართა და მასში სამეფო ოჯახი, 2 მილიონი მაყურებელი და 750 მილიონი ტელემაყურებელი მონაწილეობდა. ქორწილისთვის 14 კვირის მანძილზე მზადდებოდა 25–ფუტიანი ტორტი და მისი ასლი, რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ინდოეთის მაგნატის ქალიშვილის – ვანიშა მიტალისა და ბანკირ ამირ ბჰატიას ქორწილი, რომელიც 66 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. საქორწილო მოსაწვევები სტუმრებისთვის დარიგდა ვერცხლის კოლოფებით, რომელშიც, მოსაწვევთან ერთად, იყო თვითმფრინავის ბილეთები და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრები პარიზში. ცერემონიამ 5 დღეს გასტანა მე–16 საუკუნის სასახლეში, ვერსალში, ხის ციხე–დარბაზში. ქორწილში საკუთარი ნომრებით წარსდგა მომღერალი ქაილი მინოუგი.

მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის უეინი რუნის ქორწილი კოლინ მაკლოულინთან, რომელიც 8 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, რეიტინგში მე–4 ადგილზეა. ქორწილი გაიმართა პორტოფინოში, მე–17 საუკუნის დროინდელ ვილაში, მიღება კი – შუასაუკუნეების სააბატოში. ქორწილისთვის წყვილმა თვითმფრინავი დაიქირავა, რომლითაც ჩარტერული რეისებით გადაფრინდა 65 ბრიტანელი სტუმარი გენუაში, სადაც 120 მილიონიან იახტაზე ბალ–მასკარადი გაიმართა. სტუმრებმა რამდენიმე დღე გაატარეს ძვირადღირებულ სასტუმროებსა და იახტებზე.

ყველაზე ძვირადღირებული ქორწილების რეიტინგში მე–5 ადგილზეა აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტის ბილ კლინტონისა და აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ქალიშვილის – ჩელსი კლინტონის ქორწილი ბანკირ მარკ მეზვინსკისთან. ქორწილი, რომელშიც 500 სტუმარი იყო მიწვეული, 5 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

ლაიზა მინელის ქორწილი დეივიდ გესტთან 4.2 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა და მან ძვირადღირებული ქორწილების სიაში მე–6 ადგილი დაიკავა. საქორწინო ცერემონიაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ქალი და მამაკაცი – ელიზაბეტ ტეილორი და მაიკლ ჯექსონი. გასართობ პროგრამაში კი ჩართული იყვნენ: ტონი ბენეტი, სტივ უანდერი, ნატალი კოული. წყვილმა დაახლოებით 700 ათასი დოლარი დახარჯა ყვავილებზე და 40 ათასი – საქორწინო ტორტზე.

ცნობილი კინოვარკსვლავის ელიზაბეტ ტეილორის ქორწილი ლარი ფორტენსკისთან 4 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ძვირადღირებული ქორწილების ნუსხაში მას მე–7 ადგილი უკავია. ქორწილში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ის, რომ მაიკლ ჯექსონი წარმოდგენილი იყო, როგორც პატარძლის მამა. ქორწილიც სწორედ მის კუთვნილ ნევერლენდის რანჩოში გადაიხადეს. სტუმრებს შორის იყვნენ: ლაიზა მინელი, ედი მერფი და ნენსი რეიგანი. ქორწინებამ მხოლოდ 5 წელს გასტანა.

ძვირადღირებული ქორწილების ნუსხაში მე–8 ადგილი უჭირავს ცნობილი კომპოზიტორისა და მუსიკოსის პოლ მაკარტნისა და ყოფილი მოდელის ჰიდერ მილის ქორწილს, რომელიც 3.6 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ქორწილი ინდურ სტილში იყო გადაწყვეტილი – ცეკვავდნენ ინდოელი დაქირავებული მოცეკვავეები, წარმოდგენილი იყო ვეგეტარიანული ზეიმი, ყვავილების მორთულობა 145 ათასი დოლარი დაჯდა, ფოიერვერკები კი – 150 ათასი დოლარი. ჯვრისწერა ირლანდიაში შედგა, წმინდა სალვადორის ტაძარში, დარბაზის დაქირავება კი, სადაც წვეულება გაიმართა, წყვილს 40 ათასი დოლარი დაუჯდა.

სუპერმოდელისა და კინოვარსკვლავის ელიზაბეტ ჰარლეის ქორწილი არუნ ნაიართან 2.6 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა და მე–9 ადგილზე გავიდა. საქორწინო ცერემონია ორ სხვადასხვა ადგილზე გაიმართა – ინგლისსა და ინდოეთში. მათ 300 ათასი აშშ დოლარი კერძო თვითმფრინავების მომსახურებისთვის გადაიხადეს და 100 ათასზე მეტი – სტუმრების დაბინავებისთვის.

ცნობილი პოპ–ვარსკვლავის ქრისტინა აგილერასა და მუსიკალური პროდიუსერის ჯორდან ბრატმანის ქორწილი, რომელიც 2.2 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა, მე–10 ადგილზეა. ქორწილში 150 სტუმარი იყო მიწვეული. ქრისტინას ესპანურ სტილში გადაწყვეტილი კაბა Christian Lacroix–სგან 80 ათასი დოლარი დაჯდა.

ძვირადღირებული ქორწილების ისტორიაში მე–11 ადგილზეა კინოვარსკვლავური წყვილის – ტომ კრუზისა და ქეითი ჰოლმის ქორწილი, რომელიც 2.2 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. ქორწილი წყვილმა რომთან ახლოს, მე–15 საუკუნის სასახლეში გადაიხადა. ქორწილში მოწვეული სტუმრების თვითმფრინავით მგზავრობისა და დაბინავების ხარჯმა 900 ათასი დოლარი შეადგინა, ხოლო 300 ბოთლი ღვინისთვის 180 ათასი დოლარი დაიხარჯა.

მე–12 ადგილი ჰოლივუდის ვარსკვლავების ქეთრინ ზეტა ჯონსისა და მაიკლ დუგლასის ქორწილმა დაიკავა, რომელიც 1.6 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა. საქორწინო ცერემონიას New York’s Plaza Hotel–ში 50 პოლიციელი იცავდა. დედოფლის ალმასებით მოჭედილი დიადემა 300 ათასი დოლარი დაჯდა, კაბა Christian Lacroix–სგან კი – 140 ათასი დოლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი