საზოგადოება

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია სოციალური პარტნიორობის გარეშე

26 თებერვალი, 2016 • 2080
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია სოციალური პარტნიორობის გარეშე

სახალხო დამცველი და EMC მიიჩნევენ, რომ ტყიბულში მიმდინარე გაფიცვის შემდეგ შრომითი უფლებების საკითხზე სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია უნდა შეიკრიბოს, თუმცა მთავრობა ფიქრობს, რომ ტყიბულში მიმდინარე გაფიცვა კონკრეტული შრომითი დავაა, რომელსაც მედიაცია მოაგვარებს.

“პრობლემა სწორედ ისაა, რომ სახელმწიფო ძალიან ვიწროდ განიხილავს ტყიბულის გაფიცვას, მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, როგორი მასშტაბისა და როგორი სიმძიმის არის ის პრობლემები, რომელზეც ტყიბულში ლაპარაკობენ”, – ამბობს ლინა ღვინიანიძე, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) წევრი.

ღვინიანიძის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ტყიბულში მიმდინარე მოვლენები დაინახოს არა ვიწრო შრომითი დავის ჭრილში, არამედ – როგორც სერიოზული სოციალური კრიზისი, რომელსაც ძალიან ფუნდამენტური მიზეზები, მათ შორის არასწორი შრომითი პოლიტიკა განაპირობებს.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია არის სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი.  მასში წარმოდგენილია სამი მხარე: მთავრობის 6 წარმომადგენელი, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, დამსაქმებლებისა და დასაქმებულთა ექვს-ექვსი წარმომადგენელი.

სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მოვალეობა ისაა, რომ სამივე მხარეს შორის სოციალური დიალოგი წარმოებდეს და ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილებები. სამმხირივი კომისიის ფუნქციაა, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე, დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვას ყველა დონეზე. ასევე, შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

სახალხო დამცველმა, რომელმაც გუშინ, 25 თებერვალს, ტყიბულში 13 დღის წინ გაფიცული მაღაროელები მოინახულა, მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ შრომითი უფლებების სფეროში არსებულ ხარვეზებზე სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაში იმსჯელოს.

ომბუდსმენის მოწოდებას შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა, რომელმაც უჩა ნანუაშვილს საკითხში ღრმად ჩახედვა ურჩია და განმარტა, რომ სამმხრივი კომისიის ფუნქცია არ არის კონკრეტული დავების მოგვარება.

მე არ ვიცი, მერამდენე მოწოდებაა, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს დეტალებსა და პროცესებში. კერძოდ, სამმხრივი კომისიის ფუნქცია არის არა კონკრეტული შრომითი დავების ან რაიმე სხვა სახის განხილვა, როგორც ასეთი, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეეხება შრომით დავებს. ანუ ეს არის პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანო, რომელიც უკვე შეიკრიბა შარშან და რომელმაც უკვე გამოიტანა თავისი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის მინისტრს დაევალა მედიაცია”, – განაცხადა მინისტრმა გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისინი ჩართული არიან მედიაციის პროცესში, რათა ტყიბულში გაფიცულებისა და დამსაქმებლების დავა გადაჭრან. თუმცა, მედიაცია რომ ჭიანურდება, ამაზე თავად სამინისტროც საუბრობს. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ 24 თებერვალს მოუწოდა მხარეებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

“ის მოვლენები, რაც ბოლო დღეები მიმდინარეობს ტყიბულში, აჩვენებს, რომ ეს არ არის ვიწრო დავა, რომელსაც მედიაციით გადაწყვეტს სახელმწიფო. ლოკალური მნიშვნელობის პრობლემა ეს არ არის, ეს არის სერიოზული პროცესი, რომელსაც იწვევს სახელმწიფოს ეფექტური მექანიზმების არარსებობა, როგორიც არის აღსრულების მექანიზმების მოშლა და ეს არის შრომისა და უსაფრთხოების პირობების დაუცველი სტანდარტები. სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას სჭირდება შრომის პოლიტიკის ახლებურად განსაზღვრა, ფუნდამენტურად შეცვლა და ამაზე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ვერც ერთი ფორმატი, გარდა სამმხრივი კომისიისა”, – ამბობს ლინა ღვინიანიძე.

იურისტს მიაჩნია, რომ თავად მოლაპარაკებების პროცესში მედიაციაც არ არის სრულყოფილი, რადგან პირი, რომელიც მთავრობის მხრიდან შეხვედრებს ესწრება, აცხადებს, რომ მთავრობის სპეციალური წარმომადგენელია. 

ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ყოველი უშედეგო შეხვედრა გაფიცულებს კიდევ უფრო ააღელვებს და პროცესებს უმართავს გახდის. მისი თქმით, გაფიცულებს,ასევე არ აქვთ დიდი ნდობა მედიაციის მიმართ, რადგან ისინი დღეს სწორედ იმ საკითხებზე დავობენ დამსაქმებელთან, რაზეც 2011 წლის გაფიცვის შემდეგ დამსაქმებელმა მედიატორის წინაშე იკისრა პასუხისმგებლობა, რომ შეასრულებდა.

EMC-ის ცნობით, 2012 წელს გამართული გაფიცვის დროს მიედიაციის შედეგად დამსაქმებელმა დადო პირობა, რომ შრომის პირობებს გააუმჯობესებდა, ასევე, აწარმოებდა ხელფასების ინდექსაციას არსებული ინფლაციის გათვალისწინებით, თუმცა არ შეასრულა.

“მედიაციის საკანონმდებლო რეგულირება მთავრდება მას შემდეგ, რაც შეთანხმება დაიდება. ამის შემდეგ არანაირი მონიტორინგის ბერკეტი არ გააჩნია, ინფორმაციის მოთხოვნის ბერკეტიც კი არ გააჩნია სახელმწიფოს, როგორ სრულდება შეთანხმება”, – ამბობს ლინა ღვინიანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი