საზოგადოება

ძალადობა გადამდებია

15 აპრილი, 2011 • • 2775
ძალადობა გადამდებია

ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიულად რეაგირება, საქართველოს კანონმდებლობით, საპატრულო პოლიციის პრეროგატივაა, მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა თავად პოლიციელია მოძალადე?

„ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში“ (ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობს) ბოლო ექვსი თვის მანძილზე სამი შემთხვევა  ჰქონდათ, როდესაც მათ დასახმარებლად პოლიციელი მეუღლეების მხრიდან ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა მიმართეს.

„პოლიციელი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი ქალი მოვიდა ჩვენთან. მან თქვა, რომ მორიგეობიდან დაბრუნებულმა ქმარმა, სანამ გამოიცვლიდა, ჩექმა, რომელიც ეცვა,  წვივში ჩაარტყა. მთელი ფეხი ჩალურჯებული ჰქონდა 4 თვის ფეხმძიმე ქალს,“ – იხსენებს ორგანიზაციის იურისტი მანანა ფურცხვანიძე.

ორგანიზაციამ ადგილზე პატრული გამოიძახ.  როგორც მანანა ფურცხვანიძე ყვება, პატრულის ბრიგადა მომზადებული მოვიდა, რამაც ქმრის აგრესია, რომელიც ნაცემ ცოლს მოჰყვა, შეაკავა.

ქალი სახლიდან წამოვიდა, მაგრამ ერთ–ერთი შვილის ქმრის სახლში დატოვება მოუხდა.

ქალმა შეიტანა სარჩელი განქორწინებაზეც და ქონების გაყოფაზე. თუმცა ბაჟი, რომელიც სასამართლოში იყო გადასახდელი, მან ვერ გადაიხადა, რის გამოც საბუთების უკან გამოტანა მოუხდა. პოლიციელმა ქმარმა ისარგებლა სასამართლოდან საქმის გამოტანით და  თანაცხოვრებისას შეძენილი ბინა გაყიდა.

„ქალი დედ–მამასთან ცხოვრობს. პრინციპული გადაწყვეტილება აქვს, რომ არ შეურიგდეს ქმარს. ძლიერი ქალია, მაგრამ ყველა ასეთი არ არის“, – ამბობს ფურცხვანიძე.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში“ სხვა შემთხვევების შესახებაც ყვებიან. ერთ–ერთი ქალბატონი, რომელმაც მათ დასახმარებლად მიაკითხა, ამბობდა, რომ მისმა პოლიციელმა მეუღლემ კარგად იცოდა კანონები და ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, მას ფიზიკურ დაზიანებებს არ აყენებდა. სამაგიეროდ, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელდებდა და მოკვლით ემუქრებოდა. ქალი ყვებოდა, რომ არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც იძულებით პირს გააღებინებდა ხოლმე და შიგ იარაღის ლულას ჩაუდებდა.

ძალადობის მსგავსი ფორმების დასაბუთება მსხვერპლისთვის რთულია, რათა მოძალადე კანონმდებლობის შესაბამისად წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

„რთულია სასამართლოში ასეთი საქმის მოგება, რადგან ჭირს მტკიცებულებების შეგროვება. მეზობელი და ახლობელიც არ აძლევა ხოლმე ხშირად ჩვენებას: ზოგი – მენტალიტეტიდან გამომდინარე, ზოგიც – იმიტომ, რომ თავად შეიძლება ეშინოდეს მოძალადის,“ – ამბობს მანანა ფურცხვანიძე.

საქართველოში 2006 წლიდან მოქმედებს კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“. საქართველოში ფუნქციონირებს ოახში ძალადობის მსვერპლთა 6 თავშესაფარი (4 – არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე და 2 სახელმწიფოს მიერ გახსნილი).

კანონის შესაბამისად, ოჯახში ძალადობის შემთხვევის ფაქტებზე ოპერატიულად რეაგირება საპატრულო პოლიციის პრეროგტავიაა, რომელიც ვალდებულია, ყოველ შემთხვევაზე გამოწეროს შემაკავებელი ორდერი, რომელიც სასამართლოს გადაეცემა დასამტკიცებლად. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი ხდება დამცავი ორდერის გამოწერა, რომელიც სამი ან ექვსი თვის მანძილზე იცავს მსხვერპლს მოძალადისგან.

„ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში“ აცხადებენ, რომ ხშირია შემთხვევა, განსაკუთრებით საქართველოს რეგიონებში, როდესაც პატრული თავს არიდებს შემაკავებელი ორდერების გამოწერას. ამ საკითხს სახალხო დამცველიც შეეხო თავის ანგარიშში, რომელიც მან ცოტა ხნის წინათ პარლამენტში წარადგინა განსახილველად.

„სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებების და განხორციელებული სატელეფონო კონსულტაციების შედეგადად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ტენდენცია: რეგიონებში ოჯახური ძალადობის ფაქტზე საპატრულო პოლიციის გამოძახება ნაკლებად ხდება, გამონაკლის შემთხვევებში, მიუხედავად ზოგიერთი ფაქტის სიმწვავისა, შემაკავებელი ორდერის გამოწერა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არ ხორციელდება, მიზეზად განმცხადებლები ასახელებენ უფლებამოსილ პოლიციელთა მოსაზრებას ოჯახური ძალადობის საკითხის მიმართ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ქვეყნის მასშტაბით 2009 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით,  ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. მიუხედავად ამისა, გასული წლის მანძილზე საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 132 შემაკავებელი და 34 დამცავი ორდერი გაიცა. ამავე პერიოდში მხოლოდ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას („ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს“) 220–მა ძალადობის მსხერპლმა ქალმა მიმართა იურიდიული თუ ფსიქოლოგიური დახმარებისთვის.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ზემოთ აღნიშნული კვლევის თანახმად, ქალთა  35,9% აღნიშნავს, რომ მეუღლის/პარტნიორის მხრიდან გამოუცდია ძალადობა სხვადასხვა ფორმით, 14.3% ემოციურ ძალადობაზე საუბრობს, 6,9% – ფიზიკურ ძალადობაზე, ხოლო 3,9% – სექსუალური ძალადობის შესახებ.

სპეციალისტები საუბრობენ, რომ ძალადობას განმეორებითი და ციკლური ხასიათი აქვს. არსებობს მათ მიერ შემუშავებული ე.წ. ძალადობის ბორბალი, რომელიც ძალადობის ეტაპებს ასახავს.

ძალადობის პროცესში მსხვერპლი ფიქრობს, რომ მან მოძალადე უნდა დაამშვიდოს. დამშვიდებული მოძალადე მსხვერპლს ჰპირდება, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდება, იხდის ბოდიშს. ან შესაძლებელია მსხვერპლს ადანაშაულებს ძალადობაში და ამბობს, რომ მსხვერპლი უბრალოდ აჭარბებს. მოგვიანებით, მოძალადე ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა, საჩუქრებს ჩუქნის მსხვერპლს. მსხვერპლი კი ფიქრობს, რომ ძალადობა აღარ განმეორდება, რის შემდეგაც ისევ იწყება ძალადობის იგივე ციკლი.

„ჯანდაცვის  მსოფლიო ორგანიზაციაში“ კვლევების საფუძველზე მიაჩნიათ, რომ უმრავლეს შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალები არა ერთხელ, არამედ რამდენჯერმე ხდებიან პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი.

იურისტი მანანა ფურცხვანიძე ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში“ მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე მას არ ახსოვს შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი (რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალია) ძალადობის პირველივე შემთხვევაზე მისულიყოს ორგანიზაციაში დახმარებისთვის.

სამი წლის მანძილზე ქალი პერიოდულად მიდიოდა მათთან არასამთავრობო ორგანიზაციაში. ყოველ მისვლაზე ქალი სასტიკად ნაცემი იყო, შეფუთული – თავსაფრით, კისრის არეში დაზიანებები რომ დაეფარა და  სათვალით, თვალის არეში სილურჯეები რომ არ დამჩნეოდა.

ქალი წლების მანძილზე მოძალადე ქმართან ცხოვრობდა. თავშესაფარში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ იძულებული გახდა, ისევ მოძალადესთან დაბრუნებულიყო. ქმრის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი სასამართლოდან უკან გამოიტანა და თავშესაფარში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა.

როგორც იურისტი, მანანა ფურცხვანიძე ამბობს, ხშირია შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი ქალები ისევ მოძალადეებთან ბრუნდებიან. საქართველოში მიზეზი ყველა შემთხვევაში თითქმის ერთნაირია.

„ქალი ამბობდა ,რომ მას გვერდით არ დაუდგებოდნენ– დედ–მამა და ძმა  და იძულებულს გახდიდნენ, მოძალადე ქმართან დაბრუნებულიყო. ჩვენ ქალის დედას დავურეკეთ. მან გვითხრა, რომ მას არაჩვეულებრივი სიძე ჰყავს და გვირჩია, რომ  სიძის მეგობრებში და ნათესავებში გაგვეკითხა, თუ როგორი კარგი იყო ის. ჩვენ ვკითხეთ, ჰყავდა თუ არა მას ნაცემი შვილი ნანახი. მან გვიპასუხა, რომ დიახ, ყავდა“, – ამბობს მანანა ფურცხვანიძე.

მისი დახმარებით ქალმა სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, თუმცა შემდეგ უკანვე გამოიტანა.

„იმდენად ჩაერია ოჯახი, რომ ქალმა განცხადება გამოიტანა, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, რთული იქნებოდა ამ საქმის მოგება. ის, რომ ქმარმა დაარტყა ხელი და მას აქვს სხეულზე სილურჯეები, არ არის საკმარისი საქმის მოსაგებად.  მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს აღებული ექსპერტიზის დასკვნები, უნდა იყოს მოწმეების ჩვენებები. ამ ქალის შემთხვევაში, რომელსაც ოჯახის წევრებიც კი არ დაუდგნენ გვერდით, ძალიან რთული იყო მტკიცებულებების შეგროვება“.

თავშესაფრიდან გამოსული ქალი, რომელიც მოძალადის ოჯახში იძულებით დაბრუნდა, რადგან დედ–მამამ არ მიიღო, აღარ მისულა „ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელში“.

„როდესაც ოჯახში დაბრუნა, მას შემდეგ ჩვენ მასთან კონტაქტი დავკარგეთ. იცით, როგორი კომპლექსი უჩნდებათ იმის გამო, რომ ბოლომდე არ იბრძოლეს თავისი უფლებებისთვის, ჰგონიათ, რომ დამნაშავეები არიან საკუთარი თავის წინაშე და ჩვენთან აღარ მოდიან“, – ამბობს ორგანიზაციის იურისტი.

ძალადობის გამომწვევი ერთი მიზეზი თავად ძალადობაა, რადგან ძალადობის მსხვერპლი შემდეგში თავად ხდება მოძალადე, ან მსხვერპლი.

ერთ–ერთი ქალბატონი, რომელსაც „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ დაეხმარა, იხსენებდა, რომ ხშირად უყვებოდა მოძალადე ქმარი ბავშვობის მძიმე მოგონებების შესახებ, რაც მამის მხრიდან ოჯახის წევრებზე ფიზიკურ ძალადობას ეხებოდა.

ქმარმა მას უამბო, რომ ერთხელ მამამისმა დედას ძუძუში დაახალა მარილის ტყვია, როდესაც ის შვილს ძუძუთი კვებავდა.

მოგვიანებით ქმარი თავად გახდა მოძალადე და უკვე თავად უსწორდებოდა სასტიკი მეთოდებით მეუღლეს, რის შედეგადაც მას ხშირად ჰქონდა სილურჯეები სახეზე, ყბის არეში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ძალადობის მსხვერპლ ქალებს ფსიქიკური პრობლემები, ემოციური სტრესი და სუიციდისადმი მიდრეკილება აქვთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ძალადობის მსხვერპლი დედები საკუთარ შვილებზე ახორციელებენ ძალადობას.

ერთ–ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელმა და–ძმის სხეულზე ფიზიკური ძალადობის კვალი შენიშნა. როგორც შემდეგ გაირკვა, დედა, რომელიც თავის მხრივ მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო, ბავშვებს ცემდა.

ძალადობის მსხვერპლი ქალების უმრავლესობა 35 წლიდან ასაკის ქალები არიან. როგორც გაეროს კვლევის მიხედვით, ასევე, არასამთავრობოების პრაქტიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, 20–25 წლის ქალები იშვიათად საუბრობენ ძალადობაზე და კიდევ უფრო იშვიათად აკითხავენ კონსულტაციისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალების 34%  რიგ შემთხვევაში ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას, 78,3%  ამბობს, რომ ოჯახური ძალადობა ოჯახშივე უნდა რჩებოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი