საზოგადოება

ქუთაისში წყალი ისევ დეფიციტურია

14 აპრილი, 2011 • 1836
ქუთაისში წყალი ისევ დეფიციტურია

ქუთაისში, ავტოქარხნის სამხრეთ დასახლებაში, 4000–მდე ოჯახს უკვე ორი კვირაა, რაც სასმელი წყალი არ მიეწოდება.

ფატი ფანცულაია ქუთაისში, ხარებავას ქ. #108–ში, ცხრასართულიან კორპუსის მე–7 სართულზე ცხოვრობს.

„1 აპრილიდან გადაგვიჭრეს წყალი. გაუსაძლის პირობებში ვართ, არტეზიული ჭიდან ვეზიდებით წყალს, რომელიც სასმელად უვარგისია. არავინ გვაქცევს ყურადღებას“, – ამბობს ის.

ანალოგიურ მდგომარეობაშია მის კორპუსში მცხოვრები კიდევ 143 ოჯახი.

„გვეუბნებიან, დავალიანება აქვს ბინას და სანამ არ გადაიხდით, არ ჩავრთავთო“, – აცხადებენ ისინი.

„მე, პირადად, არანაირი ვალი არ მაქვს და რა დავაშავე, რომ ჩამიჭრეს წყალი?! 2010 წელს დარიცხულ ვალს თხოვენ მეზობლებს, ზოგიერთ ოჯახს 100 ლარი ამოუწერეს დავალიანება, ზოგს – 150. ასე, ერთბაშად ვინ გადაიხდის ამხელა თანხას? იქნებ, გადაუნაწილონ ეს ვალი თვეებზე და მოგვცენ წყალი,“ – ამბობს ფატი ფანცულაია.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ აბონენტებისთვის ვალის რესტრუქტურიზაცია 2010 წლამდე პერიოდში დარიცხულ ვალებზე ერთხელ უკვე განხორციელდა. 2010 წლიდან კი კომპანია ვალების რესტრუქტურიზაციას არ აპირებს.

„თუკი მათ სურთ, რომ თვეებზე გადანაწილდეს მათი დავალიანება და ეტაპობრივად გადაიხადონ გადასახადი,  შეუძლიათ კომპანიას მიმართონ შესაბამისი განცხადებით, რაც არ გაუკეთებიათ… მე მესმის, რომ ძალიან უსამართლო დამოკიდებულებაა, როცა მეზობლის ვალი გამო მეორე მეზობელი ზარალდება, მაგრამ სხვა ბერკეტი არ არსებობს, სანამ არ მოხდება ფიზიკური პირების ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რისი გაკეთებაც დაგეგმილი აქვს უახლოეს პერიოდში ჩვენს კომპანის“, – აცხადებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ პრესსამსახურის უფროსი ჯილდა მაჭავარიანი.

ავტოქარხნის დასახლებაში ამ დროისთვის წყალი 25 კორპუსს არ მიეწოდება. აღნიშნულ უბანში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ გამოიცვალა მილები, ხარებავას ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ წყალი მაინც დღეში ერთი საათით მიეწოდებოდა.

„მანამდე როგორ ჰქონდათ? ყოველ დღე ჰქონდათ? ეს არ არის შედეგი – ყოველ სამ დღეში ერთხელ რომ ჰქონდათ და ახლა რომ ყოველდღე აქვთ?!“ – ამბობს ჯილდა მაჭავარიანი.

„წყალი მაღალ სართულებზე არ ამოდიოდა „მატორების“ გარეშე. ამის გამო ზედა სართულების მცხოვრებლები წყლის ტარიფის 50%–ს ვიხდიდით ხოლმე, მაგრამ 1 ოქტომბრიდან 100%–ან გადახდაზე გადაგვიყვანეს: ახალი, თბილისის კომპანია შემოვიდა და ის ასე ითხოვსო, ასე გვითხრეს,“ – ამბობს ფატი ფანცულაია.

ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტისთვის უკვე 33 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, რის შემდეგაც, პროექტის თანახმად, ქუთაისის მოსახლეობას 24–საათიანი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა. თუმცა იმის გამო, რომ 33–მილიონიანმა პროექტმა შესაბამისი შედეგი ვერ გამოიღო, დამატებით თანხები გამოიყო.

ავტოქარხნის დასახალებაში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქ კომპანია „ნიუ ენერჯიმ“ განახორციელა.

„სოფლის ორღობეს ჰგავს აქაურობა, მთელი უბანი „ვედრებით“ ეზიდება წყალს. ამ ადამიანებს არავინ აქცევს ყურადღებას, არც ადგილობრივი თვითმმართველობა და არც  წყლის კომპანია. მთელი ამ ხნის მანძილზე ატყუებდნენ, რომ ჩაურთავდნენ წყალს,“ – ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ერთ–ერთი ლიდერი ნატო ქათამაძე, რომელიც დღეს ავტოქარხნის სამხრეთ დასახლებაში მივიდა და იმ ოჯახებს შეხვდა, რომლებსაც წყალი ორი კვირის მანძილზე არ მიეწოდება.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ არ ადასტურებენ იმ ინფორმაციას, რომ აღნიშნულ აბონენტებს წყლის მიწოდება დავალიანების გამო შეუწყდათ და აცხადებენ, რომ ამის მიზეზი აბონენტების ცენტრალურ მაგისტრალზე გადართვის პროცესია, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება.

„პირველ ეტაპზე ჩაირთვება ის კორპუსები, რომლებსაც არ აქვთ დავალიანება, შემდეგ ისინი, რომლებსაც აქვთ დავალიანება. მათ დავალიანების გადახდა ყველა შემთხვევაში მოუწევთ, მაგრამ ეს არ გახდება წყლის ჩაჭრის მიზეზი,“ – აცხადებს ჯილდა მაჭავარიანი.

მისივე თქმით, აპრილის ბოლოს დასრულდება აბონენტების ცენტრალურ მაგისტრალზე გადართვის პროცესი, მანამდე კი კორპუსებს წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ, “მაგრამ არ ექნებათ დღეში 3–4 საათით და ექნებათ ისევ დღეშ ერთი საათით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი