საზოგადოება

რეაქცია ანტისემიტურ გამონათქვამზე “იმედის” ეთერში

14 აპრილი, 2011 • 1272
რეაქცია ანტისემიტურ გამონათქვამზე “იმედის” ეთერში

2011 წლის 2 აპრილს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულ „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ შეჯიბრის მონაწილე, სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა „კოზა ნოსტრამ“ წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა იყო ადოლფ ჰიტლერის ყველაზე დიდი ღირსება, უპასუხა, რომ მისი მთავარი ღირსება იყო „უფასო გაზი ყველა ებრაელის ოჯახში“. 

აღნიშნულ პასუხს არასამთავრობო ორგანიზაციების – „მრავალეროვანი საქართველოსა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შემდეგ, დღეს „სახალხო დამცველიც“ გამოეხმაურა და ეს ანტისემიტურ, ებრაელი ხალხის ღირსებისა და ჰოლოკოსტის ხსოვნის შეურაცხმყოფელ გამონათქვამად შეაფასა.

„აღსანიშნავია, რომ ამ პასუხს დარბაზი ოვაციით შეეგება. ამავდროულად, ჟიურის არც ერთ წევრს, მათ შორის სახელმწიფო–პოლიტიკური თანამდებობის პირს  – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, გადაცემის მსვლელობისას არ გამოუხატავს პროტესტი კითხვასა და გუნდის პასუხთან დაკავშირებით. აქვე მსურს გამოვეხმაურო 2011 წლის 13 აპრილის საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისა და “მხიარულთა და საზრიანთა კლუბის” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის “კოზა ნოსტრას” ოფიციალურ განცხადებებს, რომლებითაც მათ ბოდიში მოიხადეს. აღნიშნული თავისთავად დადებითი მოვლენაა, თუმცა 2011 წლის 2 აპრილს მომხდარი ფაქტი, ზოგადად, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იქნას მიმართული სამოქალაქო განათლებისა და ტოლერანტობის კულტურის გაღრმავებისაკენ“, –აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„საქართველოს მინისტრი მხარს უჭერს სიძულვილის შემცველ ფრაზეოლოგიას ებრაელთა წიააღმდეგ“,–ასეთი სახელწოდებით გამართა გუშინ „მრავალეროვანმა საქართველომ“ ბრიფინგი, სადაც სამარცხვინო ფაქტი უწოდა „იმედის“ ეთერში გასულ ხუმრობას და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი გააკრიტიკა.

„ის ესწრებოდა ხსენებულ შეჯიბრს და გახლდათ ჟიურის წევრი. მან არა მხოლოდ ურეაქციოდ დატოვა აღნიშნული ფაქტი, არამედ ჟესტიკულაციის მოშველიებით მხიარულად შეეგება გუნდის მიერ გაჟღერებულ ”ხუმრობას” და, შესაბამისად, უმაღლესი ქულა მიანიჭა გუნდს ”კოზა-ნოსტრა” ხსენებული ”ხუმრობისათვის”.

ვფიქრობთ, რომ მსგავსი ხასიათის კითხვა არ უნდა ისმებოდეს, ისევე როგორც გაცემული პასუხი არ უნდა ჟღერდეს ცივილიზებულ საზოგადოებაში. ხსენებული განცხადება ატარებს ანტისემიტურ ხასიათს, რომელიც ახდენს სიძულვილის ტირაჟირებას ებრაული წარმომავლობის ადამიანთა მიმართ, ისევე როგორც დამამცირებლად შეურაცხყოფს სამართლებრივად აღიარებულ ჰოლოკოსტის ტრაგედიას, რომელმაც 6 მილიონი ებრაელის სიკვდილი გამოიწვია“, –აღნიშნულია „მრავალეროვანი საქართველოს“ განცხადებაში.

“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” კი ლადო ვარძელაშვილის, “როგორც ამ თანამდებობისთვის შეუფერებელი პირის”, გადადგომა მოითხოვა.

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიმართავს საქართველოს მთავრობას,  საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ყურადღებით განიხილონ ეს შემთხვევა და პასუხი მოსთხოვონ მინისტრ ლადო ვარძელაშვილს ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და ფაშიზმის მხარდაჭერისთვის. კონკრეტულ მინისტრზე ზეწოლა მით უფრო აუცილებელია, რადგან მსგავსი ტენდენციები ადრეც შეინიშნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტელეარხებზე, რისთვისაც პასუხი არავის უგია,” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამის მაგალითად “ადამიანის უფლებათა ცენტრში” ასახელებენ 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით დამზადებული კლიპს, რომელშიც ასახული იყო, თუ როგორ ემზადებიან ახალგაზრდა რეზერვისტები სამხედრო სამსახურისთვის და რომელიც ტელეკომპანია “საქართველოს” ეთერში გადიოდა.

“კლიპი ფაშიზმის მამამთავრის ადოლფ ჰიტლერის სიტყვებით მთავრდებოდა: „ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერასდროს დავიბრუნებთ ვერც ფორმალურად ქცეული ლოცვით და ვერც ერთა ლიგის იმედზე ყოფნით, არამედ მხოლოდ იარაღის ძალით“. თავდაცვის სამინისტროს მიერ დაკვეთილ კლიპში ადოლფ ჰიტლერის ციტატა დადებით კონტექსტში ჟღერდა და ტელეარხებზე მანამდე გადიოდა, ვიდრე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მის შესახებ კრიტიკული სიუჟეტი არ მოამზადა და ეთერიდან კლიპის ამოღება არ მოითხოვა,” – აცხადებენ “ადამიანის უფლებათა ცენტრში”.

აღნიშნული ორგანიზაცია ტელეკომპანია “იმედის” პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობს, “მაუწყებლობის შესახებ ქცევის კოდექსიდან” გამომდინარე:

“კერძოდ, ამ კანონის 56-ე მუხლის („პროგრამული შეზღუდვები“) მიხედვით, „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი