საზოგადოება

სინამდვილეში რა სურს მაყურებელს?

6 აპრილი, 2011 • • 1391
სინამდვილეში რა სურს მაყურებელს?

კომინიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობამ ეჭვის ქვეშ დააყენა კვლევის სანდოობა, რომლის მიხედვითაც კომისიამ მაუწყებლობის პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ანგარიშზე ზეპირი მოსმენა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 5 აპრილს გაიმართა, რომელსაც  მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვლევა ბისიჯი რისერჩმა ჩაატარა და დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებისთვის მხოლოდ 4 აპრილს გახდა ცნობილი, 28–გვერდიანია.

ეს არის დოკუმენტი, რომლის შდეგები კომისიამ კანონის მიხედვით  უნდა გამოიყენოს სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემისას.

„ბისიჯის მიერ ჩატარებული კველვა ჩემთვის არ არის სანდო და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი არის სახელმწიფო ცენზურა, უფრო სწორად, სახელმწიფო ცენზურის დახვეწილი ფორმა“,–უთხრა ნეტგაზეთს ნინო ზურიაშილმა, სტუდია „მონიტორის“ ხელმძღვანელმა.

ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც საჯარო მოსმენისას კვლევის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, დამსწრეების მიერ დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხები იყო.

„პრაქტიკულად კომისიამ ვერც ერთ შეკითხვას ვერ უპასუხა და ვერც ერთი მნიშვნელოვანი განმარტება ვერ გააკეთა იმ კვლევასთან დაკავშირებით, რაც იქნა წარმოდგენილი. სამწუხაროდ,  არც კომისია და არც კვლევის განმახორციელებლი არ ყოფილა მზად საჯარო განხილვისათვის, დასმულ კითხვებზე კომპეტენტური პასუხები რომ გაეცა“,–ამბობს იურისტი თამარ კორძაია.

მედიის ექსპერტი, ზვიად ქორიძე ამბობს, რომ საჯარო მოსმენის შემდეგ გაუჩნდა კითხვა,  რამდენად კარგად იცნობდა ბისიჯი რისერჩი თემას, რომელსაც იკვლევდა და საერთოდ ჩაატარა თუ არა მან საველე სამუშაოები.

ბისიჯის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგების მიხედვით, საზოგადოება მუსიკალური, იუმორისტული, სპოტული გადაცემების, მხატვრული ფილმების, სერიალებისა და საბავშვო გადაცემების დეფიციტს განიცდის. საზოგადოება უპირატესობას გასართობ თოქ შოუებს, მუსიკალური გადაცემებს ანიჭებს, საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემები ათეულს ცდება და მათ მიმართ ინტერესს მოსახლეობის საკმაოდ დაბალი პროცენტი ავლენს, ანალიტიკურის მიმართ – 3%, საინფორმაციოს მიმართ –10%.

სწორედ ამ  შედეგებით უნდა  იხელმძღვანელოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლის პრიორიტეტების დადგენისას. ამ დროისთვის როგორც ტელე, ასევე რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გაჩერება შეჩერებულია. ლიცენზიების გაცემა პრიორიტეტების დადგენის შემდეგ განახლდება.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას კანონი ავალდებულებს, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს. თუმცა 5 წლის მანძილზე კვლევა არ ჩატარებულა. მიზეზად კომისიის სამართლებრივმა დეპარტამენტმა  ბისიჯის მიერ სხვადსხვა დროს ხარვეზებით წარდგენილი  კვლევა დაასახელა.

თავდაპირველად კომპანია ბისიჯიმ კვლევა  2008 წლის ოქტომბერში ჩაატარა და კომუნიკაციების კომისიას 2009 წლის მარტში წარუდგინა. როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი ყურაშვილი განმარტავს, კომისიამ  ჩათვალა, რომ აღნიშნული კვლევა არ იქნებოდა რეალისტური, რადგან შესაძლებელია იგი არ ყოფილიყო რეალობის ამსახველი, რადგან „ჩვენ  შედეგების დადასტურება ახალი საველე სამუშაოებით მოვთხოვეთ,  კომპანიების, დაინტერესებული პირების მხრიდან სადავო რომ არ გამხდარიყო. “ თუმცა მეორე კვლევის დაწყების დღიდან კვლევის საზოგადოებისთვის წარდგენამდე 15 თვე გავიდა.

როგორც ბისიჯი კვლევის წარმომადგენელმა საჯარო მოსმენაზე განმარტა, როგორც პირველი (2008-2009 წელი), ასევე მეორე (2009–2010) ჩატარებული კვლევების შედეგები თითქმის იდენტურია.

მთავარი კითხვები, რომლებიც საჯარო  მოსმენისას დაისვა, რამდენიმე საკითხს უკავშირდებოდა: სათემო მაუწყებლობა, რომლის არსებობასაც კვლევის მიხედვით არ თვლის საჭიროდ გამოკითხულთა უდიდესი პროცენტი, კვლევის მეთოდოლოგიასა  და რადიომაუწყებლობას.

„რესპოდენტები სათემო სამაუწყებლო არხის არსებობას გამართლებულად არ მიიჩნევენ ეთნიკური უმრცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც კი“,– ნათქვამია კვლევაში.

ბისიჯი კვლევის წარმომადგნელმა საჯარო მოსმენისას განაცხადა, რომ გამოკითხულთა დიდ ნაწილს სათემო მაუწყებლობის რაობის შესახებ საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია, ამიტომ ბისიჯის განმარტება უწევდა, თუ რას ნიშნავს სათემო მაუწყებლობა.

მედიის ექსპერტმა, ზვიად ქორიძემ კითხვაზე, თუ როგორ განუმარტეს მკველავერბმა,  რას ნიშნავს სათემო მაუწყებლობა, პასუხი ვერ მიიღო.

ბისიჯის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კვლევაში მონაწილეებს კანონი განუმარტეს, „თუმცა იმ შემთხვევაში, თუ  კანონიც გაუგებარი იყო, მაშინ მოდერატორი განმარტავდა“.

კანონში სათემო მაუწყებლობა ასეა განმარტებული: „კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას“.

რა სიტყვების ფორმულირებით მოხდა განმარტება, თუ რას ნიშნავს სათემო მაუწყებლობა, ასეთი პასუხი იყო: „ეს ინფორმაცია არის საჯარო და გამოითხოვეთ“.

აუდიო


ზვიად ქორიძე by netgazetige

კვლევის მეთოდოლოგიაზე საჯარო მოსმენისას არაერთი კითხვა დაისვა. მთავარ კითხვას ბადებდა კითხვარი –  როგორ იყო შედგენილი და რა სიტყვებით იყო ფორმულირებული.

თუმცა გარდა კვლევის მეთოდოლოგიაში ეჭვის შეტანისა, კითხვები თავად კვლევის ჩატარების რეალურობაშიც გაჩნდა.

ნათია კუპრაშვილი, რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციიციდან, ფიქრობს, რომ ბისიჯის  რეგიონებში კვლევა საერთოდ არ ჩაუტარებია. მისი ეჭვის საფუძველი კვლევაში დასკვნის სახით წარმოდგენილი ციფრებია.

„რეგიონების მოსახლეობიდან გამოკითხულთა 65%  არ თვლის აუცილებლად რეგიონური სატელევიზო არხების არსებობას. 24%-ს კი მიაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, მსგავსი არხები რომ  ყოფილიყო.”

„კარგი იქნებოდა რეგიონული არხების არსებობა“ ნიშნავს, რომ ამ კითხვაზე პასუხი გასცეს იქ, სადაც არ არსებობს რეგიონული მაუწყებლობა და ასეთი ადგილი თბილისია“ –ამბობს კუპრაშვილი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 23 ზონის მიხედვით ჩატარდა. რიგით მეშვიდე ზონა არის ბარისახო.

ბარისახო გუდამაყრის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე მდებაორებს. 2009 წლის დეკემბერში და 2010 წლის იანვარში რამდენი ადამიანი იპოვნეს ბარისახოში და რამდენი გამოკითხეს  – ეს იყო ზვიად ქორიძის მიერ დასმული კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ასევე უპასუხოდ დარჩა.

„აქამდე შემქონდა ეჭვი, რამდენად კვალიფიციურად ადგენდნენ ისინი კითხვას, როგორ ატარებდნენ საველე სამუშაოებს, თუმცა დღევანდელი დღის შემდეგ გამიჩნდა კითხვა, საერთოდ რამდენად იცნობს ბისიჯი პრობლემას, რომელსაც იკვლევდა და საერთოდ ჩაატარა თუ არა მან ეს კვლევა.  მე მართლა მაინტერესებს, რამდენი ადამიანი გამოკითხეს ბარისახოში და რატომ ჩაატარეს კვლევა საახალწლო დღეებში, დეკემბრის ათი რიცხვიდან იანვრის 15 რიცხვამდე, როცა ვიცით, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება არის პარალიზებული. რატომ ჩაატარეს ამ დროს კვლევა, რა იყო მიზანი?“,–ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ზვიად ქორიძე.

საჯარო მოსმენაზე მონაწილეებმა რამდენიმე შუამდგლობა დააყენეს.  ერთი–ერთი კომუნიკაციების კომისიის წევრს ირაკლი მოსაშვილს ეკუთვნოდა და ახალი კვლევის  ჩატარებას ითვალისწინებდა. მოსაშვილის აზრით, ახალი კვლევა შესაძლოა სექტემბრამდე დასრულდეს და შემდეგ დადგინდეს მაუწყებლების პრიორიტეტები.

ჟურნალ „ლიბერალის“ დამფუძნებელმა შორენა შავერდაშვილმა დააყენა შუამდგომლობა, რომ კვლევის საფუძველზე არ მოხდეს მაუწყებლობის პრიორიტეტის გათვალისწინება და  მას ჰქონდეს მხოლოდ რეკომენდაციის სახე. „განსაკუთრებით სათემო მაუწყებელთან მიმართებაში“.

კომუნიკაციების კომისიამ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ზეპირი მოსმენა 5 აპრილს დასრულდა. კომისია გადაწყვეტილებას მაუწყებლობის პრიორიტეტებზე 18 აპრილს მიღებს.

 

ამავე თემაზე:

რა აკლია მაყურებელს ტელეეთერში?

მაყურებლის პრიორიტეტები საქართველოში

რა სურთ მოქალაქეებს მაუწყებლებისგან?

რატომ მალავს კვლევას კომუნიკაციების კომისია

მაუწყებლობის პრიორიტეტები 3 წლიანი კვლევით

მასალების გადაბეჭდვის წესი