საზოგადოება

უსტატუსო დევნილის თვითმკვლელობა

4 აპრილი, 2011 • 1504
უსტატუსო დევნილის თვითმკვლელობა

72 წლის მალხაზ მაღალდაძემ,  რომელმაც საკუთარი სახლი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დატოვა, თავი მოიკლა.

შემთხვევა 16 მარტს, თბილისთან ახლოს, ქალაქ გარდაბანში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.  გარდაცვლილის მეუღლე ჰყვება, რომ და გარდაეცვალა და როცა სახლში დაბრუნდა, დაინახა, რომ მეუღლეს თავი გაზის მრიცხველზე ჩამოეხრჩო.

თვითმკვლელობის ფაქტი  მეზობლის, ჯულიეტა გოგიძის თქმით, სამედიცინო ექსპერტიზამაც დაადასტურა:

“გვაქვს ექსპერტიზის ოფიციალური პასუხი, რომ მალხაზმა თავი მოიკლა”.

გარდაცვლილი დევნილის მეუღლე და მეზობლები ფიქრობენ, რომ 72 წლის დევნილის თვითმკვლელობის ერთადერთი მიზეზი მძიმე სოციალური პირობები იყო.

ქალაქ გარდაბანში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში ცოლ–ქმარი დაახლოებით თვენახევრის წინ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ  შეასახლა.

თუმცა, როგორც გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, ბინაში პირველადი მოხმარების ნივთებიც არ დახვედრიათ.

“არავითარი გასათბობი საშუალებაც კი არ ჰქონიათ. ასე ცხოვრობდნენ”, – ამბობს ჯულიეტა გოგიძე, გარდაცვლილის მეზობელი.

საცხოვრებელში გაზი შეყვანილია, თუმცა როგორც მეზობლები ამბობენ, ძველმა მობინადრეებმა (აღნიშნულ კორპუსში კოდორის ხეობიდან დევნილები იყვნენ შესახლებულები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ წინწყაროში გაასახლეს) თან წაიღეს გამათბობელი საშუალებები სხვა ნივთებთან ერთად. ამის გამო მაღალდაძეებს საცხოვრებელში არაფერი დახვდათ.

ბინა, სადაც ამჟამად სონია მაღალდაძე  ცხოვრობს, მას საკუთრებაში ჯერ არა აქვს. სამინისტრომ ის და მისი მეუღლე აღნიშნულ ფართში ისე შეასახლა, რომ მათ  დევნილის სტატუსი არ ჰქონიათ. დევნილის სტატუსი მხოლოდ შვილებს აქვთ, რომლებიც ცალკე ცხოვრობენ (ორი შვილი – იმავე კორპუსში, გარდაბანში დააკმაყოფილა სამინისტრომ ფართით, ერთი კი – წეროვანში ფლობს კოტეჯს).

სონია მაღალდაძის თქმით, ის და მისი მეუღლე 2008 წლის აგვისტოს ომის მერე 2011 წლის 21 იანვრამდე თბილისში, გლდანში პოლიციის აკადემიის უკან მდებარე შენობაში, ცხოვრობდნენ, საიდანაც სხვა დევნილებთან ერთად გამოასახლეს:

“21 იანვარს, დილის 7 საათზე ქუჩაში აღმოვჩნდით. სხვა დევნილებთან ერთად, ჩვენც გაგვასახლეს. მას შემდეგ წეროვანში, შვილთან ჩავედით, მაგრამ მალევე სივიწროვის გამო, დევნილთა სამინისტრომ აქ მოგვიყვანა. სამინისტრო გვეუბნებოდა, სანამ არ გექნებათ ბინა, იქამდე სტატუსს ვერ მოგანიჭებთო”, –ამბობს სონია მაღალდაძე.

„ყველას ეგრე გამოუცხადეს, რომ ვერ მიიღებთ სტატუსს, სანამ ბინებს არ მიიღებთო. იგივე ვარიანტია – აქვე მეტრეველია შემოსახლებული და არც იმას აქვს სტატუსი, კიდევ გვყავს ამ სართულზე ერთი ქალბატონი, რომელსაც, ასევე, არა აქვს სტატუსი, რადგან არ ჰქონდა ბინა. მე შეიძლება ნათესავთან ვცხოვრობ, მაგრამ ხომ ვარ დევნილი და რატომ არ უნდა მომცენ სტატუსი?“ – ამბობს ჯულიეტა გოგიძე.

სონია მაღალდაძე ამბობს, რომ სტატუსის მისაღებად ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართა:

“თბილისში, მარჯანიშვილის მეტროსთან არის განთავსებული დიდი და პატარა ლიახვის ხეობის, ფრონეს ხეობის გამგეობები, იქ ვიყავი. რამდენჯერ ვთხოვე მოეცათ სტატუსი, რადგან მუშაობის დაწყება შემეძლებოდა, თუკი მექნებოდა დევნილის სტატუსი”, – ამბობს სონია მაღალდაძე.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ სონია მაღალდაძემ დევნილის სტატუსის მისაღებად განცხადებით 28 მარტს მიმართა.

“ხუთშაბათს დავიბარეთ ეს ქალბატონი და სტატუსსაც მივანიჭებთ”, –ამბობს ეკა გულუა.

კითხვაზე, აქამდე რატომ არ ჰქონდათ დევნილის სტატუსი სონია მაღალდაძეს და მის მეუღლეს აქამდე მინიჭებული, ეკა გულუამ გვიპასუხა:

“აქამდე არ მოუმართავთ სტატუსისთვის და ამიტომ”.

შეკითხვაზე კი – როგორ შეასახლეს სონია მაღალდაძე და მისი მეუღლე გარდაბანში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში სტატუსის გარეშე, სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა გვიპასუხა:

„ესენი იყვნენ დევნილები, ამიტომ ეკუთვნოდათ და მივეცით ფართი, მაგრამ თუ ოფიციალური განაცხადი არ შემოვიდოდა, სტატუსს ვერ მივანიჭებდით“.

„თვითონ სამინისტრომ რომ გამოასახლა ერთი ადგილიდან ეს ოჯახი და შეასახლა მეორეში, ე.ი. აღიარებდა, რომ დევნილი იყო და მას ჰქონდა ვალდებულება, რომ უნდა დაეწერინებინა განცხადება, ამაშია ადმინისტრაციული ორგანოების პასუხისმგებლობა. და თუ განცხადება არ ჰქონდა დაწერილი, ე.ი. დევნილის სტატუსის მაძიებელიც არ იყო ეს ოჯახი და ისე მოხდა მათი ფართით დაკმაყოფილება, რაც სამინისტროს მხრიდან პროცედურის დარღვევა,“ – განმარტავს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ კორძაია.

სამართლებრივად, სახელმწიფო ვალდებულია თავშესაფრით უზრუნველყოს დევნილის სტატუსის მაძიებელი პირი. სტატუსის მაძიებელი პირი ხდება იმ წუთიდან, როგორც კი განცხადებას დაწერს სამინისტროს სახელზე. სამინისტრო განიხილავს განცხადებას და მერე ხდება პირზე დევნილის სტატუსის მინიჭება.

მასალების გადაბეჭდვის წესი