საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: დევიდ ლი პოლიტიკური განცხადებებით კომისიაზე ზეწოლას ცდილობს

16 თებერვალი, 2016 • 1880
კომუნიკაციების კომისია: დევიდ ლი პოლიტიკური განცხადებებით კომისიაზე ზეწოლას ცდილობს

საქართველოს კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ მაგთიკომის პრეზიდენტ დევიდ ლის პოლიტიკური განცხადებები კერძო კორპორატიული ინტერესების ლობირების მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებზე ზეწოლის მცდელობაა.

კომისიის შეფასებით, დევიდ ლის ქმედება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანია სახელმწიფო ბერკეტების გამოყენებით შეიზღუდოს კონკურენციის პირობებში ბიზნეს გარიგების წარმოების შესაძლებლობა და შპს „მაგთიკომი“ დარჩეს შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის საოპერაციო აქტივის უპირატეს მყიდველად.

კომუნიკაციების კომისია დევიდ ლის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული კომენტარებს გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსეთის კონტროლირებადი საცალო ინტერნეტის ქსელი, არის პრობლემა ქვეყნისთვის, ვიდრე რუსეთის სამხედრო ბაზა.

კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „მაგთიკომის“შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა კომისიამ 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გასცა. შესაბამისად, შპს „მაგთიკომს“ ყველანაირი, მათ შორის – სამართლებრივი შესაძლებლობა აქვს მიაღწიოს ბიზნეს შეთანხმებას შპს „კავკასუს ონლაინთან“.

რაც შეეხება „ბილაინის“ ( შპს „მობიტელის“) მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შეძენაზე წინასწარი თანხმობის გაცემის მიზნით მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას, იგი ჯერ არ დასრულებულა, აცხადებს კომისია.

საკითხის განხილვის ზეპირი მოსმენის მეორე სხდომა კომისიაში 2016 წლის 10 მარტს არის დანიშნული.

“კომისიამ არაერთხელ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ორივე წარმოების პროცესის არცერთ ეტაპზე შპს „კავკასუს ონლაინის“ საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის (ფოთი-ვარნას) გასხვისების საკითხი არ განხილულა და მეტიც – დღის წესრიგშიც არ დამდგარა”, – წერია კომისიის განცხადებაში. 

კომისია განმარტავს, რომ შპს „მობიტელი“ („ბილაინი“) ბოლო ათი წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, კომპანია მობილურ და ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტებზე 2015 წლის დეკემბრის მონაცემებით 1 205 201 აბონენტს უწევს მომსახურებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი