საზოგადოება

ქცევის კონტროლი ფეისბუქზე

18 მარტი, 2011 • • 2318
ქცევის კონტროლი ფეისბუქზე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კადრების განყოფილებაში დღეს, 15:30 წუთზე,  ჟურნალისტების – გიორგი თუხარელისა და გიორგი გაბრიჩიძის– სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები შევიდა, რაც მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მალევე დააკმაყოფილა.

„პირველი არხის“ გადაცემა „ვახო სანაიას რეპორტაჟის“ ჟურნალისტებმა განცხადებები მას შემდეგ დაწერეს, რაც ვახო სანაიამ მათ განუცხადა, რომ არ სურს მათთან ერთად მუშაობის გაგრძელება.

სანაიას ამ განცხადების საფუძველი კი გახდა თუხარელისა და გაბრიჩიძის შეურაცხმყოფელი კომენტარები  რელიგიური ჯგუფებისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ. ეს კომენტარები „ფეისბუქზე“ შექმნილ გვერდზე – „მე არ მიყვარს ჩემი პატრიარქი“ – ორი დღის წინ გამოქვეყნდა.

კადრირებული კომენტარი
კადრირებული კომენტარი

აღნიშნულ გვერდზე ეს კომენტარები აღარ იძებნება, თუმცა გუშინ „ფეისბუქში“ ამ კომენტარების  ეკრანის ანაბეჭდი (ე.წ. „სქრინშოთი“) გავრცელდა.

ჟურნალისტების ზემოთ აღნიშნული კომენტარების შესახებ ინფორმაცია გადაცემის (რომელშიც ეს ჟურნალისტები მუშაობდნენ) პროდუსერმა რუსუდან ვაშაკიძემ და წამყვანმა ვახო სანაიამ გუშინ ტელეფონით შეიტყვეს.

– „შოკში ჩავვარდი, ეს იყო სიძულვილის ენის აპოთეოზი. შოკში ჩავვარდი იმიტომ, რომ ორი უნიჭიერესი ჟურნალისტისგან ასეთი დიდი სიურპრიზი დაგვხვდა. როგორ შეიძლება ჟურნალისტმა საჯარო სივრცეში, როგორიც „ფეისბუქია“, ასეთი “ვორდინგით” ისაუბროს?“, –ამბობს რუსუდან ვაშაკიძე.

გუშინვე ვაშაკიძე და სანაია  ტელეფონით დაუკავშირდნენ  თუხარელსა და გაბრიჩიძეს.

რუსუდან ვაშაკიძის თქმით, მას გიორგი გაბრიჩიძემ  სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ მსგავსი არაფერი დაუპოსტავს და რომ მას პროფაილი გაუტეხეს „ფეისბუქზე“. ვახო სანაია კი ამბობს, რომ მან სატელეფონო საუბარშივე განუცხადა გაბრიჩიძესა და თუხარელს, რომ მათთან ერთად მუშაობას აღარ გააგრძელებდა, რაც მოგვიანებით, პირისპირ შეხვედრის დროსაც გაუმეორა.

– „მე ვფიქრობ, რომ ეს კომენტარები სრულიად შეუთავსებელია, ჯერ ერთი, ჩემს ღირებულებებთან და მეორე – გადაცემის და ტელევიზიის ღირებულებებთან. ამიტომ ჩვენი ერთად მუშაობა მომავალში შეუძლებელი იქნებოდა,“ – აცხადებს ვახო სანაია.

სანაიას თქმით, ჟურნალისტებმა ამ საუბრის შემდეგ თავად მიიღეს სამსახურიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება.

„მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მათ თავად დაწერეს განცხადებები და თავად წავიდნენ, რასაც მე, რა თქმა უნდა, ვეთანხმები,“ – ამბობს ვახო სანაია.

უცნობია თავად გიორგი თუხარელისა და გიორგი გაბრიჩიძის ვერსიები და პოზიციები ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან მათთან დაკავშირება „ნეტგაზეთმა“, მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა.

„ისედაც რომ არ დაეწერათ განცხადება, მომავალში ჩემი მათთან თანამშრომლობა შეუძლებელი იქნებოდა,“ – ამბობს ვახო სანაია.

„თუკი თქვენი უფროსი გეუბნებათ – მე თქვენთან არ ვიმუშავებ, ეს არის სიგნალი იმისა, რომ ან საკუთარი ნებით უნდა წახვიდეთ სამსახურიდან, ან თუ ამას არ გააკეთებთ, მაინც მიაღწევს იმას, რომ  სამსახურიდან უკვე საკუთარი განცხადების საფუძველზე კი არ გაგაგდონ, არამედ ჩაგისაფრდეთ და გაგაგდოთ, რამაც შეიძლება თქვენს კარიერას მეტი ზიანი მიაყენოს, მერე გრჩებათ ერთადერთი, ვთქვათ, სასამართლო“ – ამბობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია ამბობს, რომ სამართლებრივი დავის წარმოებას მნიშვნელოვნად ართულებს ის ფაქტი, რომ ჟურნალისტებმა თავად დაწერეს განცხადება გათავისუფლების შესახებ, თუმცა, თუკი თუხარელი და გაბრიჩიძე სასამართლოს დაუსაბუთებენ, რომ ეს გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად მიიღეს, ეს ფაქტი სიტუაციას არსებითად შეცვლის.

„დიახ, ეს შეიძლება ჩაითვალოს ზეწოლად, როდესაც სანაიამ მათ განუცხადა, რომ არ გააგრძელებდა მათთან ერთად მუშაობას. თუმცა ამაზე თავად ჟურნალისტებმა უნდა იდავონ სასამართლოში, რომ ვახო სანაიას ზეწოლის შედეგად დაწერეს განცხადება გათავისუფლების შესახებ. სხვა შემთხვევაში, თუკი ჟურნალისტები თავად არ ისაუბრებენ ამაზე, ჩვენ მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ, მაგალითად, ის, რომ უცნაურია, როდესაც სოციალურ ქსელში გაკეთებული მიმოწერისთანავე მათ დაწერეს განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ,“ – ამბობს თამარ კორძაია.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლები – ლევან გახელაძე, ვახო სანაია და რუსუდან ვაშაკიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებენ, რომ გიორგი თუხარელმა და გიორგი გაბრიჩიძემ „ფეისბუქში“ შეურაცხმყოფელი კომენტარების გავრცელებით დაარღვიეს მაუწყებლის ეთიკისა და ქცევის კოდექსი.

„ყველა ჟურნალისტი, რომელიც იწყებს აქ მუშაობას, შინა განაწესის თანახმად, ხელს აწერს, რომ იმუშავებს ამ ქცევის კოდექსის შესაბამისად. სხვათა შორის, ერთ–ერთი ვალდებულება არის, რომ ჟურნალისტმა საჯაროდ არ გააკეთოს ისეთი განცხადებები, რაც იქნება დამამცირებელი და დამაკნინენებლი ვინმესთვის,“ – აცხადებს ლევან გახელაძე.

გახელაძის მსგავსად, ვახო სანაიაცა და რუსუდან ვაშაკიძეც თვლიან, რომ თუხარელმა და გაბრიჩიძემ „ფეისბუქში“, ანუ საჯარო სივრცეში გამოაქვეყნეს შეუარცხმყოფელი კომენტარები.

„ჩვენი პირველი გადაცემა იყო „ფეისბუქზე“, რომელიც ოქტომბერში გავაკეთეთ. ეს ჟურნალისტები „ფეისბუქთან“ დაკავშირებით ძალიან დიდი ინფორმაციას ფლობენ. მე მართლა გამიკვირდა: ნუთუ, არ ჰქონდათ გააზრებული, რომ „ფეისბუქიც“ ისეთივე საჯარო სივრცეა და არანაკლებ რეიტინგული, ვიდრე – ნებისმიერი სხვა მედია საშუალება. არ შეიძლება ის მივიჩნიოთ, როგორც პირადული და პრივატული,“ – ამბობს რუსუდან ვაშაკიძე.

„ფეისბუქი“ აღიარებულია, როგორც ახალი მედია და ეს საჯარო სივრცეა,“ – ამბობს ლევან გახელაძე.

„ეს ტექსტები, რაც ჩვენ წავიკითხეთ ჟურნალისტების კომენტარებში, არის არატოლერანტული და შეურაცხმყოფელი განცხადებები“ – ამბობს რუსუდან ვაშაკიძე.

„ამა ჰქვია უკიდურესი შეურაცხყოფა ვიღაცის, ეს არის გინება, ბილწსიტყვაობა“ – აცხადებს ლევან გახელაძე.

იურისტი სანდრო ბარამიძე ამბობს, რომ კომენტარები, რომლებიც ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს, „ნამდვილად იყო უხამსობა და არ შეიძლება იქნას დაცული გამოხატვის თავისუფლებით.“ იგივეს ადასტურებს თამარ კორძაიაც, თუმცა ორივე იურისტი განმარტავს, რომ ამ კომენტარებით თუხარელსა და გაბრიჩიძეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი არ დაურღვევიათ.

თამარ კორძაიას თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის  კოდექსის მიხედვით, შეზღუდულია უხამსი გამონათქვამების გამოყენება ეთერში“, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, არსებობს კიდევ ერთი მუხლი ქცევის კოდექსში, რომელიც ეხება მაუწყებლობის გარეთ საქმიანობას, სადაც მითითებულია, რომ სხვა სამსახურში მუშაობამ, ან სხვა საქმიანობამ არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა მაუწყებლობაში ამ პირის საქმიანობის ეფექტიანობაზე.

„ეს ადამიანები მაუწყებლობის ხელმძღვანელობას  რომ გაეთავისუფლებინათ ბრძანებით, ან ხელშეკრულების შეწყვეტით იმ მოტივით, რომ მათ დაარღვიეს ეთიკური ნორმების სტანდარტები, ეს იქნებოდა საინტერესო ქეისი იმ კუთხით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნებოდა ვალდებული, ემტკიცებინა,  რომ ამ ადამიანების მუშაობა უარყოფით გავლენას ახდენს მათი სამუშაოს ეფექტიანობაზე. სიტუაცია იმიტომ არის რთული, რომ ამ ადამიანებმა თავად დაწერეს განცხადება წასვლასთან დაკავშირებით“ – ამბობს თამარ კორძაია.

„ამ ჟურნალისტებს მაუწყებლის ქცევის კოდექსის დარღვევის გამო ვერავინ მოსდებდა შარს, თუმცა დამსაქმებელს უფლება აქვს, გადაწყვიტოს, როგორი იდეოლოგიის ადამიანთან ურჩევნია მუშაობა. მე რომ ამ ჟურნალისტების დამსაქმებელი ვყოფილიყავი, ალბათ, არ ვისურვებდი, რომ მათ ჩემთან ერთად ემუშავათ“ – აცხადებს სანდრო ბარამიძე.

ვახო სანაიას თქმით, თუკი მისთვის ცნობილი იქნებოდა, რომ ეს ჟურნალისტები ჰომოფობები არიან, მათ არ აიყვანდა სამსახურში.

გიორგი გაბრიჩიძე „ვახო სანაიას რეპორტაჟში“ ერთი წლის წინ მივიდა სამუშაოდ, გიორგი თუხარელი კი გასული წლის სექტემბრიდან.

ამავე თემაზე:

ჟურნალისტები სოციალურ ქსელებში


მასალების გადაბეჭდვის წესი