საზოგადოება

ლევან ყუბანეიშვილი GMG–ის მეწილე გახდა

17 მარტი, 2011 • 2436
ლევან ყუბანეიშვილი GMG–ის მეწილე გახდა

ლევან ყუბანეიშვილი „გლობალ მედია ჯგუფის“ (GMG) თანამფლობელი გახდა. მანამდე კი, სწორედ ყუბანეიშვილის მიერ გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე გახდა GMG საქართველოში სპორტული მატჩების  ჩვენების ექსკლუზიური უფლების მფლობელი.

„ნეტგაზეთმა“ ყველა ის ხელშეკრულება მოიპოვა, რამაც კომპანია „გლობალ მედია ჯგუფი“ (GMG) ექსკლუზიური უფლებებით აღჭურვა და რის გამოც, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მითითებით, საკაბელო ტელევიზიებმა სპორტული არხების ტრანსლირება შეწყვიტეს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სპორტული მატჩებისა და ტურნირების ერთი ნაწილის  სატელევიზიო ჩვენების ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულებები „გლობალ მედია ჯგუფმა“ კომისიას 2011 წლის 5 იანვარს წარუდგინა, 16 თებერვალს კი კომპანიამ დამატებით კიდევ რამდენიმე ხელშეკრულება მიაწოდა  და მისგან ამ არხებზე ექსკლუზიური უფლების დაცვა მოითხოვა.

ხელშეკრულებების მიხედვით ირკვევა, რომ „გლობალ მედია ჯგუფს“ ამ დროისთვის აქვს ინგლისის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის (Premier League),  იტალიის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის (Seria A), ესპანეთის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის (Primera Division), გერმანიის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის (Bundesliga), ჰოლანდიის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის (Eredivisie), საფრანგეთის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის (Ligue 1), ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის თამაშების (NBA), ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის მსოფლიო ტურნირების (ATP), რაგბში ევროპის ექვსთა ერის ტურნირის, რაგბში საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის, კალათბურთში ევროპის ლიგის თამაშებისა და ფეხბურთში არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საქართველოს ტერიტორიაზე ექსკლუზიური სატელევიზიო ჩვენების უფლება. თუმცა უმრავლეს მათგანზე ხელშეკრულებები არა „გლობალ მედია ჯგუფს“, არამედ „მედია საკონსულტაციო ჯგუფს“ აქვს გაფორმებული უცხოურ კომპანიებთან და შემდეგ ამ უკანასკნელს აქვს გადაცემული GMG–ისთვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებები.

Premier League–ის, Eredivisie–ის, Ligue 1–ის, ATP–ის ჩემპიონატებისა და ტურნირების საქართველოში ექსკლუზიურად ჩვენების უფლების შესახებ ხელშეკრულებები „მედია საკონსულტაციო ცენტრს“ 2010 წლის აპრილ–მაისში აქვს გაფორმებული, როდესაც „გლობალ მედია ჯგუფი“ არ არსებობდა.

„მედია საკონსულტაციო ჯგუფი“ 100%–ანი წილით გიორგი კოღუაშვილმა დააფუძნა 2009 წლის 7 აგვისტოს, იმავე წლის ნოემბერში კომპანიის დირექტორად „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ყუბანეიშვილი დაინიშნა. 2010 წლის მაისში „მედია საკონსულტაციო ჯგუფს“ შპს „ჯი ელ ტვ“ შეერწყა, რომელშიც 70%–ან წილს ფლობდა „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი გიორგი გეგეშიძე (რომელიც იმავდროულად არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის – ირაკლი ჩიქოვანის ბიზნეს–პარტნიორი), 30%–ან წილს კი – „საზოგადოებრივი მაუწყებლის“  კიდევ ერთი ყოფილი დირექტორი ზაზა შენგელია (რომელიც იმავდროულად არის ლევან ყუბანეიშვილის ბიზნეს–პარტნიორი).

სწორედ ამ პერიოდში გააფორმა „მედია საკონსულტაციო ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა რამდენიმე ხელშეკრულება ზემოთ აღნიშნული მატჩების საქართველოში ექსკლუზიურად ჩვენების შესახებ. ხელშეკრულება Premier League–ისა და Ligue 1–ის ჩემპიონატების ჩვენების შესახებ ყუბანეიშვილმა ბრიტანულ კომპანია „Handymain Ltd T/A Advisers Media International Limited (‘AMI’)–თან გააფორმა 2010 წლის მაისში; Eredivisie–ის ჩემპიონატის ჩვენების შესახებ – ამერიკულ კომპანია „Trans World International, Inc. d/b/a IMG SPORTS MEDIA“–თან 2010 წლის აპრილში. ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის მსოფლიო ტურნირების (ATP) ჩვენების შესახებ „მედია საკონსულტაციო ჯგუფს“ 2010 წლის 10 მაისს სამი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული: ერთი – ამერიკულ „Trans world international, INC. d/b/a IMG MEDIA“–სთან, მეორე – ბრიტანულ „Tennis Properties Limited“–თან და მესამე – ამერიკულ „ATP Tour, Inc“-თან.

აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უფლებები „მედია საკონსულტაციო ჯგუფმა“ „გლობალ მედია ჯგუფს“ ეტაპობრივად გადასცა. „გლობალ მედია ჯგუფი“ 2010 წლის 27 ივლისს „რუსთავი 2“–ის გადაცემა „ვის უნდა 20 ათასის“ წამყვანმა მამუკა გამყრელიძემ 100%–ანი წილით დააფუძნა. 2010 წლის 17 აგვისტოდან კომპანიაში 15%–ანი წილის მფლობელი „მედია საკონსულტაციო ჯგუფი“ გახდა. რამდენიმე დღეში, 2010 წლის სექტემბრის დასაწყიში, „მედია საკონსულტაციო ჯგუფმა“ „გლობალ მედია ჯგუფს“ ჰოლანდიის, ინგლისისა და საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატების საქართველოში ექსკლუზიურად ჩვენების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება გადასცა, დეკემბერში კი – ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის მსოფლიო ტურნირების ჩვენების უფლებაც დაუმატა.

საქართველოში გერმანიის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის (Bundesliga) ექსკლუზიურად ჩვენების უფლებას ქართული კომპანია შპს „საერთაშორისო სპორტის მედია ჯგუფი“ ფლობდა. ამ უკანასკნელმა ეს უფლება 2010 წლის 20 დეკემბერს გადასცა „გლობალ მედია ჯგუფს“. 2011 წლის 1 თებერვალს კი „საერთაშორისო სპორტის მედია ჯგუფმა“ რაგბში ევროპის ექვსთა ერის ტურნირის, რაგბში საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის, კალათბურთში ევროპის ლიგის თამაშებისა და ფეხბურთში არგენტინის ეროვნული ჩემპიონატის საქართველოში ექსკლუზიურად ჩვენების უფლება გადასცა „გლობალ მედია ჯგუფს“.

უშუალოდ „გლობალ მედია ჯგუფს“ მხოლოდ ოთხი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული: 2010 წლის 24 აგვისტოს – შვედურ კომპანია „IEC in Sports International Events and Communication AB“–თან – ესპანეთის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის (Primera Division) ჩვენების შესახებ. ამავე საკითხზე კიდევ ერთი ხელშეკრულება GMG–ის 2011 წლის 1 თებერვალს აქვს გაფორმებული  „Trans World International, Inc. d/b/a IMG SPORTS MEDIA“–სთან. 2010 წლის 1 სექტემბერს GMG–მ იტალიის ფეხბურთის ეროვნული ჩემპიონატის (Seria A) ჩვენების უფლება იყიდა ირლანდიურ კომპანია Media Partners&Silva limited–დან. იმავე წლის 6 სექტემბერს კი,  ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის თამაშების (NBA) ჩვენება შეისყიდა ბრიტანული კომპანია „Handymain Ltd T/A Advisers Media International Limited (‘AMI’)–დან.

ამ ხელშეკრულებების საფუძველზე, სწორედ აღნიშნული მატჩების, ჩემპიონატებისა და ტურნირების ექსკლუზიური ჩვენების უფლება მოიპოვა GMG–მ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ჩვენება მაუწყებლებს, მათ შორის საკაბელოებსაც, აეკრძალათ. თუმცა აკრძალვა უფრო მასშტაბური ხასიათის აღმოჩნდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საკაბელო ტელევიზიებს არა ზემოთ დასახელებული მატჩების, არამედ რამდენიმე ( მათ შორის გასართობი/სპორტული) არხის ტრანსლირება აეკრძალათ. მარეგულირებელმა კომისიამ შესაბამისი მითითება იმ მოტივით გასცა, რომ საკაბელო ტელევიზიები ამ არხებს არამართლზომიერად გადასცემდნენ, თუმცა რეალურად საკაბელოებმა მხოლოდ გასართობი/სპორტული არხები გათიშეს. სამაგიეროდ, ასეთი არხები GMG–მ შექმნა და მათი (ამჟამად ოთხი არხის) ტრანსლირებისთვის საკაბელო ტელევიზიებიდან ერთ აბონენტზე თვეში 6 ლარი მოითხოვა.

იმის გამო, რომ „გლობალ მედია ჯგუფი“ არ წარმოადგენს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის ტრანზიტს), ამ კომპანიას სხვა სამაუწყებლო არხების ტრანსლირება/რეტრანსლირების უფლება არ აქვს. ამიტომაც GMG-მ თავად შექმნა საკუთარი არხები, რომელთა ტრანსლირება შესაძლებელია საკაბელო მაუწყებლების მეშვეობით.

GMG–ის მომსახურება საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი 2011 წლის 1 მარტიდან გახდა. იმავდროულად საკაბელო ტელევიზიების უმრავლესობამ ამ არხების ჩვენება შეწყვიტა. GMG–ის არხების ტრანსლირება 1 მარტიდან  თბილისში მოქმედი 39 საკაბელო ტელევიზიიდან, მხოლოდ ოთხმა მათგანმა („სილქ ტვ“, „გლობალ ტვ“, „სუპერ ტვ“ და „დელისი ტვ“) გააგრძელა.

4 მარტს კი GMG-ის სამეწარმეო სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებები შევიდა: კომპანიის 85%–ანი წილი მამუკა გამყრელიძემ შეინარჩუნა, 15%–ანი წილი კი, რომელსაც „მედია საკონსულტაციო ჯგუფი“ ფლობდა, კომპანია „ახალმა მედია ჯგუფმა“ გადაიფორმა. შპს „ახალი მედია ჯგუფი“ 2011 წლის 15 თებერვალს დაფუძნდა. კომპანიის დირექტორი და 100%–ანი წილის მფლობელი ლევან ყუბანეიშვილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი