შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს, 27 იანვარს, ბათუმში, ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონული კონფერენციაზე განაცხადა, რომ 2015 წელს 40 კგ–მდე კოკაინი ამოიღეს.
მანვე კონფერენციაზე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაისახა.
კონფერენცია აშშ-ის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ოფისის (INL) და აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ორგანიზებით ტარდება.
“მინდა მადლობა გადავუხადო DEA-ს და INL-ს გამოცდილების გაზიარებისა და დახმარებისთვის, რაც მათ ჩვენი სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფს გაუწიეს. როგორც მოგეხსენებათ, 2013-2014 წლებში ჩვენ 116 კილოგრამი ჰეროინის ფხვნილი და 2 ტონა და 446 ლიტრი თხევადი ჰეროინი ამოვიღეთ. 2015 წელს კი ამოღებული იქნა 40 კილოგრამამდე კოკაინი, რაც უპრეცედენტო ფაქტია,”- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს სამინისტროს ცნობით, რეგიონულ შეხვედრას ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 30-მდე ქვეყნიდან 150-ზე მეტი უფროსი გამომძიებელი და ანალიტიკოსი ესწრება.
უწყება ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სამართალდაცვით და ნარკოტიკულ საშუალებებთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, 2016 წლის ზაფხულში თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) კავკასიის ახალი ოფისი გაიხსნება.
