ნეტგაზეთი | ვახტანგ კომახიძის ფილმი “ესაც ჩვენი მოგებული ომი” [Video] ვახტანგ კომახიძის ფილმი “ესაც ჩვენი მოგებული ომი” [Video] – Netgazeti
RU | GE  

ვახტანგ კომახიძის ფილმი “ესაც ჩვენი მოგებული ომი” [Video]

ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ახალი ფილმის – “ესაც ჩვენი მოგებული ომი” – პრეზენტაცია გაიმართა 14 თებერვალს ბათუმში, პრესკაფეში.

ფილმი ეხება 2008 წლის ომს და კომახიძემ მასზე მუშაობა დაასრულა შვეიცარიაში, სადაც მიიღო თავშესაფარი.

ფილმზე მუშაობა ვახტანგ კომახიძემ რამდენიმე დღის წინ დაასრულა. ფილმთან დაკავშირებით ნეტგაზეთი თავად ვახტანგ კომახიძეს ესაუბრა:

რატომ მომზადდა ეს ფილმი ასე გვიან?
– ფილმის დაგვიანება გამოიწვია იმ მიზეზებმა, რის გამოც ახლა შვეიცარიაში ვარ და თავისთავად, შვეიცარიაში ფილმის გაკეთება ცარიელი ხელებით შეუძლებელი იყო. მთელი ეს დრო დაჭირდა ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნას.

შენი ვიზიტი ცხინვალში ამ ფილმის მომზადებას უკავშირდება?
– ცხინვალში ვიყავი სტუმრად და მასალების სანახავად, მაგრამ ცხინვალიდან თბილისში რომ ვბრუნდებოდი, უკვე ვიცოდი, რომ ფილმი დაახლოებით ასეთი იქნებოდა.

არსებობს თუ არა ალბათობა, რომ ფილმი “მტრის დაკვეთად” შერაცხონ.
– ცხინვალიდან რომ გამოვედი, ჯერ კიდევ მაშინ შემრაცხეს КГБ-ს აგენტად. საერთოდ, ასეთი შერაცხვები მხოლოდ დისკრედიტაციის სურვილი კი არაა, გარკვეული პრევენციაა ხელისუფლების მხრიდან, რომ მსგავსი იარლიყის საფრთხის გამო ადამიანებმა თავი შეიკავონ „არასასიამოვნო“ აზრების გამოხატვისგან. ყოველთვის ასე იყო, აბა, მშიდობის მტრედად ხომ არ შეგრაცხავენ?! საერთოდ, საზოგადოების პრობლემაა, როცა ასეთი შერაცხვები ეფექტურად მუშაობს!

ნაჩვენები კადრები რამდენად ეთიკურია?
– ფილმში გამოყენებული კადრები უდავოდ ძალიან მძიმეა, ისეთივე მძიმე, როგორიც სააკაშვილის გამოსვლა ომის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ ან პრეზიდენტის გაქცევა გორში, მაგრამ მედიამ ეს აჩვენა. მე ვფიქრობ, ეს მედიის სწორი გადაწყვეტილება იყო. მე მგონი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ გამოიყურება სინამდვილეში „მოგებული ომი“.

საკმარისი იყო თუ არა ხუთი რესპონდენტით ასეთი რთული პრობლემის ჩვენება?
– რატომ ხუთი? აბა, რამდენი? – 7, 1007 თუ სამ მილიონ ნახევარი? ასე მხოლოდ ეს ხუთი ადამიანი არ ფიქრობს, (მეექვსე მე ვარ, თუნდაც). ეს ხუთი ადამიანი საკმარისი იყო იმ ამბის გადმოსაცემად, რაც ფილმშია ასახული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge