საზოგადოება

რას ითვალისწინებს “მოთხილამურე პატრულის” საპილოტე პროექტი

21 იანვარი, 2016 • 1881
რას ითვალისწინებს “მოთხილამურე პატრულის” საპილოტე პროექტი

საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამთო–სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების დასაცავად დაიწყო “მოთხილამურე პატრულის” საპილოტე პროექტი, რომელიც პირველ ეტაპზე გუდაურში ამოქმედდა.

14 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბაკურიანში ბორანით სრიალის დროს დაშავდა. ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე კი გუდაურში სპორტულ ტრასაზე სკოლის მოსწავლე გოგონას ახალგაზრდა მამაკაცი შეეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი – დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “მოთხილამურე პატრული” სათხილამურო გზას გააკონტრილებს:

მოთხილამურეთა, ასევე, სათხილამურო გზით მოსარგებლე სხვა პირთა მიერ სათხილამურო წესების დაცვას, სათხილამურო სრიალისთვის სპეციალურად მოწყობილი მიმთითებელი მონიშვნებისა და ნიშნების დამორჩილებას;

იმ პირის სათხილამურო გზიდან ჩამოშორებას, რომელიც აშკარა, პირდაპირ ან/და არსებით საფრთხეს უქმნის საკუთარ, ასევე, სხვა პირთა სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

ალკოჰოლის ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედებისთვის დამახასიათებელ ქცევას, ნიშნებს და უზრუნველყოფს ასეთი პირების ჩამოცილებას სათხილამურო გზიდან;

 სათხილამურო გზაზე არ დაუშვებს და აღკვეთს თოვლმავლით ან/და მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით, ასევე, სარეკრეაციო მოტოტრანსპორტით გადაადგილებას, გარდა სარეაბილიტაციო, სამაშველო და საპოლიციო მიზნებით გადაადგილების შემთხვევებისა;

მოსწავლე მოთხილამურეთა ვარჯიშის არეალს და უსაფრთხოების ზომების დაცვას.

შსს–ს ცნობით, გუდაურში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი 14 პატრულ-ინსპექტორი მიავლინეს, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. პატრულირება სათხილამურო ტრასებზე წინასწარ დაწესებული გრაფიკით ყოველდღიურად, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე და 20:00 საათიდან 22:00 საათამდე განხორციელდება.

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს გუდაურში სპორტული სკოლების ხელმძღვანელებთან, მწვრთნელებთან, მაშველებთან და სპორტსმენებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრის ბრძანების თანახმად, ასევე აიკრძალება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, მესტია, გოდერძის უღელტეხილი) სათხილამურო გზებზე თოვლმავალით ან მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით გადაადგილება, გარდა სარეაბილიტაციო, სამაშველო და საპოლიციო მიზნებისა. უსაფრთხოების ღონისძიებებს რეგიონული პოლიციის დეპარტამენტების და შსს-ს სხვა რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები თავიანთი კომპეტენციისა და მოქმედების არეალში უზრუნველყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი