საზოგადოება

თბილისიდან დევნილების გადასახლება

21 იანვარი, 2011 •
თბილისიდან დევნილების გადასახლება

სამართალდამცავებმა დევნილების გამოსახლების პროცესი თბილისში დღეს დილიდან განაახლეს. ამჯერად დევნილებს საცხოვრებელ ფართებს  სამ სხვადასხვა ობიექტზე ატოვებინებენ.

ყაზბეგის ქ. #25ა–ში მდებარე სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობაში 72 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, აქედან 18 – აღნიშნულ შენობაში 1993 წლის შემდეგ იმყოფება. დღევანდელი გამოსახლების პროცესი ამ 18 ოჯახს არ შეხებია, ამის თაობაზე მათ გუშინ საღამოს, 8 საათზე, სამართალდამცავებმა აცნობეს, რომლებმაც დანარჩენი ოჯახები მოსალოდნელი იძულებითი გამოსახლების თაობაზე გააფრთხილეს.

 

„ორი ობოლი შვილის დედა ვარ. რაც მქონდა, ამ ბინის გარემონტებას მოვახმარე. ოთხი წელიწადი ვცხოვრობდით აქ. ისევ ნულიდან დაწყებას ვეღარ შევძლებ“, – ამბობს დევნილი  ელისო ჯიმშელეიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

ნაზი გოგიშვილი სამედიცინო ინსტიტუტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის შენობაში 1998 წლიდან ცხოვრობდა. დღეს დილით შენობიდან სატვირთო მანქანით მისი ბარგიც გამოიტანეს, იქ მცხოვრები სხვა დევნილების ნივთების მსგავსად.

„თბილისის მერთან მივდივარ აქედან. დავუჩოქებ და ვთხოვ, გამოსახლება შეაჩეროს’’, – ამბობს ის.

„სამი წელია აქ ვცხოვრობ. ამ კორპუსში თავად ვაკე-საბურთალოს გამგეობამ შეგვასახლა, ახლა კი გვყრიან. თავის დროზე უგულავა გვეუბნებოდა, ყველა ლტოლვილი თბილისელიაო. ახლა კი ამბობენ, რომ ჩვენი ადგილი დედაქალაქში არაა“, – აცხადებს დევნილი ნატო კორძახია.

დევნილების გამოსახლების პროცესი დღეს დილის 6 საათიდან დაიწყო ვაჟა ფშაველას მესამე კვარტლის #8ა–ში მდებარე ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობიდანაც.

დევნილები ამბობენ, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს და ამიტომ გამოსავალს ისინი ქუჩის საპროტესტო აქციებში ხედავენ.

ყოფილი სააღსრულებო ბიუროს შენობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 22 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, აქედან 17 ოჯახი კოდორის ხეობიდან, 5 კი – აფხაზეთიდან.

ერთ–ერთი დევნილის ნინო გურჩიანის თქმით, ალტერნატიული ფართების შესახებ სამინისტროსგან შეთავაზება მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა მიიღო.

„კოდორის ხეობიდან დევნილებს გვეუბნებიან, რომ რახან თბილისთან გვაქვს მიწერა, ძველ დევნილებად ითვლებითო და თქვენი განსახლება 2011 წლის გაზაფხულიდან დაიწყებაო და ამის შემდეგ შემოგვთავაზებენ, ალბათ, ალტერნატიულ ფართებს“ – ამბობს ნინო გურჩიანი.

სატვირთო ავტომანქანებით გამოიტანეს ყიფშიძის #34–ში მდებარე სამსართულიანი კორპუსიდანაც დევნილების ნივთები.

შენობაში კოდორის ხეობიდან და აფხაზეთიდან დევნილი 29 ოჯახი ცხოვრობდა. ვაკის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა დევნილები გუშინ საღამოს გააფრთხილეს მოსალოდნელი გამოსახლების თაობაზე. გამოსახლების პროცესი დღეს დილიდან დაიწყო.  

შენობაში მცხოვრები ერთ–ერთი დევნილი ქეთი გუჯეჯიანი ამბობს, რომ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს მათ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო ეწერში, მარტვილსა და გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში სთავაზობენ.

ანალოგიური შეთავაზებები მიიღეს სხვა ობიექტებიდან გამოსახლებულმა დევნილებმაც.

„ორი შვილი მყავს. ისე გავზარდე, რომ ორივე სახელმწიფოს ემსახურება: ერთი – შინაგან ჯარში მსახურობს, მეორე – მანდატურია. რეგიონში გადასვლით მათ პროგრესის ყველანაირ შანსს ვუკლავ“ – ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ნატო კორძახია.

სამივე ობიექტიდან გამოსახლებული დევნილების უმრავლესობამ დღეს ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ რეგიონებში გადასახლებას არ აპიერებენ – ისინი დროებით თბილისში, ნათესავებთან, იცხოვრებენ.

თუმცა რამოდენიმე დევნილი ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდა, მათ შორის გია ქრისტესაშვილი, რომელიც ყაზბეგის #25ა–ში ცხოვრობდა.

ყაზბეგის 25ა-ში არსებული შენობა ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. დევნილთა სრული გამოსახლების შემდეგ ის, სავარაუდოდ, აუქციონზე გაიყიდება.

დევნილების იძულებითი გამოსახლების პროცესი საქართველოს შინაგან საქმეთა  და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროებმა გუშინ დილით დაიწყეს. გუშინ დევნილები ბაგების სტუდქალაქიდან გამოასახლეს. გამოსახლების პროცესს სამართალდამცავებსა და დევნილებს შორის შეხლა–შემოხლა მოჰყვა, რის შემდეგაც ხუთი ადამიანი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორ მათგანს ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, სამს კი – 400–400 ლარიანი ჯარიმების გადახდა.

გამოსახლების პროცესს გარედან აკვირდებიან ევროკავშირის მონიტორები, რადგან მათ, ისევე როგორც ჟურნალისტებს, პოლიციელები არ უშვებენ იმ ობიექტებში, საიდანაც დევნილებს ასახლებენ.

„ჩვენ ვართ ობიექტური სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები და ჩვენი ანგარიში ჩვენი დაკვირვების შედეგად დაიდება“,–ამბობს ერთ–ერთი ევრომონიტორი ნეტგაზეთთან საუბარში.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, დევნილები მთლიანობაში თბილისის 25 ობიექტიდან უნდა გამოასახლონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი