დაახლოებით 100 გრამს იწონის, ყავისფერი ბუსუსები და მწვანე შიგთავსი აქვს, საქართველოში ის 22 წლისაა.
ეს ქართული კივია. მცენარე, რომელიც საქართველოში პირველად 1988 წელს გაშენდა.
თუმცა კივის ისტორია მრავალ წელს ითვლის და წლების წინათ განსაკუთრებით ეგზოტიკურ ხილად ითვლებოდა. იმდენად ეგზოტიკურად, რომ მებაჟეებმა მათთვის უჩვეულო ბურთულების დანახვისას, საბაჟოზე გამნაღმველები გამოიძახეს.
კივი ვიტამინებით მდიდარი ხილია. ის უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე – ფორთოხალი და უფრო მეტ კალიუმს, ვიდრე – ბანანი.
კვლევაში, რომელიც იტალიაში ჩატარდა, ხილის და მათ შორის კივის თვისებების ადამიანების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების გასარკვევად, ასეთ შედეგია მოცემული:
- ხელს უშლის ასთმას
- ხელს უშლის ხველას და მძიმედ სუნთქვას, განსაკუთრებით ბავშვებში
- უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის ჯანსაღი რაოდენობის ანტიოქსიდანტებს და ვიტამინებს
კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ქრონიკული ხველა, ღამის საათებში ხველა – კივის ხშირად მიღების შედეგად გარკვეული პროცენტით გაუმჯობესდა.
საქართველოში კივის პლანტაციები 1500 ჰა–ს აღწევს. წლის მანძილზე კი დაახლოებით 2500 ტონა კივი მოდის.
მოსავალი ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. სამეგრელო–ზემო სვანეთი, იმერეთი, გურია და ლაგოდეხი – ეს ის რაიონებია, სადაც ფერმერებს კივი მოყავთ.
ქართულ კივის საქართველოში სერიოზული კონკურენტი ჰყავს – ძირითადად, ირანიდან და თურქეთიდან იმპორტირებული.
მონაცემებით, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოგვაწოდა, საქართველოს ბაზარზე 70% ადგილობრივი კივი იყიდება, ხოლო 30% – იმპორტირებული.
თურქეთი, ირანი, ჩილე და ჰოლანდია – ეს ის ოთხი ქვეყანაა, საიდანაც საქართველოში კივის იმპორტი ხორციელდება. სოფლის მეურნეობის სამინსიტროს 2009 მონაცემებით, საქართველოში 600 ტონა კივი შემოვიდა.
ქართული კივი იმპორტირებული კივისგან რამდენიმე რამით განსხვავდება. პირველ რიგში, ხილის ზომით. იმპორტირებული კივი უფრო დიდი ზომისაა და დაახლოებით 120 გრამს იწონის, ის ოდნავ უფრო რბილია და მისი გაფცქვნა მომხმარებელს უფრო უადვილდება, ვიდრე ქართულის. იმპორტირებული 1 კგ. კივი დაახლოებით 50 თეთრით უფრო ძვირია, ვიდრე – ქართული კივი.
გემურ თვისებებზე კი ერთიანი, შეთანხმებული აზრი არ არსებობს. ისევე როგორც ყველა სხვა შემთხვევებში, როდესაც საქმე გემოვნებას ეხება.
სურსათის უვნებლობის სამსახურს არც საქართველოში მოყვანილ და არც იმპორტირებულ კივიზე კვლევა არასოდეს ჩაუტარებია.
„იმიტომ, რომ ამის საჭიროება არ ყოფილა, ეჭვი არ ყოფილა მიტანილი“, – ამბობს ირმა გოგოლაძე, სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენელი, ნეტგაზეთთან საუბარში.
თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ფერმერი ქართული კივის სხვა ქვეყნებში გატანას მოისურვებს, მას მოუწევს შესაბამისი სერტიფიკატის აღება. გასული წლის მონაცემებით, საქართველოდან მხოლოდ 100კგ კივის ექსპორტი მოხდა.
დავით თანიაშვილი, 20 წელია კივiს უვლის. მისი პლანტაციები გურიაშია, ოზურგეთში. ნეტგაზეთთან საუბარში ის იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელსაც იმპორტირებული კივი უქმნის ადგილობრივს.
„საქართველოში ქართული კივის დაფასოება არ ხდება. იქიდან (სხვა ქვეყნებიდან) მოდის ათასნაირად, კალათებში შეფუთული და ბაზრისთვის ვიზუალურად საუკეთესო პირობებით. სხვა ქვეყნებში, მაგალითად, თურქეთში, მცენარეს თხევადი სასუქებით კვებავენ. ამ კუთხით ნაყოფის ზომა განსხვავებულია. ჩვენთან 95 % ბუნებრივი და ნატურალურია, მაგრამ შესახედავად იმას უფრო მომხიბვლელი იერი აქვს“.
საქართველოში კივის პლანტაციები სხვადასხვა რეგიონშია. ცალკეულ მეურნეებს 20–მდე კივის ძირი აქვთ.
მონტე, ნანტი, ბრუნო – წვრილნაყოფიანი კივია, რომელიც საქართველოში მოდის, თუმცა მას საჭმელად ვერ გამოიყენებენ. მისგან წვენების, ჯემების გაკეთებაა შესაძლებელი.
პრობლემა, რომელიც წვრილნაყოფიანი კივის რეალიზაციას უკავშირდება, გადამამუშავებელი ქარხნების არარსებობაა.
უფრო დიდი ზომისა და სტანდარტებთან ყველაზე მიახლოებული კივის ჯიში ჰაივარდია, იტალიიდან ჩამოტანილი თესლი, რომელიც გურიის პლანტაციებში კარგად ხარობს.
პლანტაციებიდან კივი ბაზარში ასე ხვდება:
„ჩამოდიან ქალაქებიდან ვაჭრები და ყიდულობენ“, – ამბობს თანიაშვილი.
სხვადასხვა დიდ ქალაქში რაიონებიდან ჩამოტანილი კივი ოდნავ უფრო მაღალ ფასად იყიდება, ვიდრე – ადგილზე.
თანიაშვილი ამბობს, რომ წელს კივი უფრო იაფია, ვიდრე შარშან: თუ შარშან 2 ლარად ყიდნენ 1 კილოგრამს, დღეს 50 თეთრით იაფად ყიდიან. მიზეზი კი ზაფხულის გვალვაა, რომელმაც უფრო მალე დაამწიფა ქართული კივი.
იგი დეკემბრიდან მაისამდე იყიდება.
კივი ჩინეთში დაიბადა. მისი კიდევ ერთი სამშობლო ახალი ზელანდიაა. ხილის სახელი სწორედ ახალი ზელანდიიდან მოდის, სადაც კივის უცნაური გარეგნობა ჩიტს, სახელად კივის, შეადარეს.
როგორ ვჭამოთ კივი