საზოგადოება

დედობა SMS-ებით

17 დეკემბერი, 2010 • 1261
დედობა SMS-ებით

„ლუკა 6 თვისაა და  მიიყვანეთ ბავშვი თქვენს ექიმთნ გეგმური აცრის გასაკეთებლად“ –  ასეთი და მსგავსი შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მშობლები 2011 წლიდან მიიღებენ.

ამის შესახებ დღეს  სასტუმრო „რედისონში“ პროექტის „პოზიტიური დედობა“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინიციატივის საფუძველზე.  UNICEF-ის, ჯანდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა სისტემა, რომელიც მშობლებისათვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა მაგალითდ, ამა თუ იმ სამედიცინო ღონისძიების, მათ შორის აცრების მნიშვნელობა, აგრეთვე, იმ ინფორმაციას, თუ სად შეიძლება აცრის გაკეთება, ფასიანია თუ უფასო და ა.შ.

ინფორმაცია ბავშვის მოვლის შესახებ ეფუძნება საგანგებოდ შექმნილ წიგნს, სახელწოდებით „ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი“.

წიგნი ჯანდაცვის სამინისტრომ და პედიატრთა აკადემიამ გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით შეიმუშავა. ეს წიგნი ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების ინდივიდუალური ისტორიაა და მიზნად ისახავს დააფიქსიროს ბავშვის ზრდა და განვითარება დაბადებიდან 6 წლამდე.

წიგნში მოცემული ინფორმაცია შემდეგ სამოქალაქო რეესტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით მშობლებს დაეგზავნებათ.

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი,  2011 წლის 1 იანვრიდან ახალშობილთა ონლაინ-რეგისტრაცია დაიწყება, ანუ ექიმები ყველა ახალშობილის დაბადების ფაქტს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელ-ფოსტით შეატყობინებენ. აღნიშნული სიახლე პროექტს ,,პოზიტიური დედობა“ ხელს შეუწყობს, ვინაიდან ყველა მშობელი  ბავშვის დაბადებისთანვე მიიღებს რეგისტრაციის საბუთს. რეგისტრაციის გავლისას მშობლები აირჩევენ სასურველ ენას (ქართული, რუსული, სომხური, აზერბაიჯანული), რომელზეც ისურვებენ ინფორმაციის მიღებას. ამის შემდეგ ყველა მშობელი, სანამ ბავშვი 6 წლის გახდება, მიიღებს SMS-ს ბავშის მოვლისა და განვითარების შესახებ.

პედიატრთა აკადემიის წარმომადგენელი ქეთევან ნემსაძე წიგნის „ბავშვის ზრდისა და განვითარების პირადი ბარათი“ მთავარი ექსპერტია. ის ამბობს, რომ  წიგნის შემუშავებაში დასავლური ქვეყნების გამოცდილებაც გაიზიარეს, განსაკუთრებით ჰოლანდიისა და იტალიის მოდელი. წიგნში, პატარას განვითარებასთან ერთად, შესულია ინფორმაციები, თუ როდის უნდა აიცრას, როდის უნდა დაიწყოს დამატებითი კვება და  ა.შ. ქეთევან ნემსაძის თქმით, ყველა ახალშობილის მშობლებს წიგნი სამშობიაროშივე გადაეცემათ.

როგორც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, გარდა გეგმური შეტყობინებებისა, სამოქალაქო რეესტრი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის წინასწარ შეატყობინებს მშობლებს ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, როგორებიცაა, ვთქვათ, მოსალოდნელი გრიპის ეპიდემიები, რათა მშობელმა წინასწარ მიმართოს შესაბამის ზომებს.  „ფაქტობრვად, იძულებულს ვხდით ყველა მშობელს, რომ მიაქციოს ყურადღებას შვილის განვითარებას“  – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი