დანაშაული, თუ გამოხატვის თავისუფლება?

„ვიკილიქსს დანაშაული არ ჩაუდენია“-წერს ნიუ იორკის სამართლის სკოლის გამოცემის, „Law Review”-ს რედაქტორი ტრევორ ტიმი ბლოგზე Legal As She Is Spoke-დისკუსია კანონსა და ჟურნალისტიკაზე.

დანაშაული თუ გამოხატვის თავისუფლება?კორპორაციები და პოლიტიკოსები ვიკილიქსის წინააღმდეგ

„ვიკილიქსს დანაშაული არ ჩაუდენია“-წერს ნიუ იორკის სამართლის სკოლის გამოცემის, „Law Review”-ს რედაქტორი ტრევორ ტიმი ბლოგზე Legal As She Is Spoke-დისკუსია კანონსა და ჟურნალისტიკაზე.

ტრევორი ტიმი წერს, რომ მას შემდეგ. რაც ვიკილიქსმა გამოაქვეყნა საიდუმლო მასალები ერაყისა და ავღანეთის ომის შესახებ, კონსერვატორი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ვიკილიქსის დასჯას მოითხოვდნენ.

„ ამერიკაში, საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნება დანაშაული არ არის. მედიასაშუალებები კანონით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯონ, თუ ისინი გამოაქვეყნებენ ინფორმაციას: 1. ატომური საიდუმლოების შესახებ (აქტი ატომური ენერგიის შესახებ), 2. საიდუმლო აგენტების საიდენტიფიკაციო მასალებს(აქტი საიდუმლო აგენტების დაცვის შესახებ)  და 3. საიდუმლო აგენტების განსაზღვრული მიმოწერას(შპიონაჟის აქტის 798- თავი). 

ვიკილიქსის დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი რამდენიმე დღის წინ სკოტლანდ იარდმა შვედეთის პოლიციის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავა. შვედეთში მას გაუპატიურების ბრალდება აქვს წაყენებული. ბრიტანული სასამართლო ასანჟის შვედეთში ექსტრადირების საკითს უახლოეს მომავალში განიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ვიკილიქსის წინააღმდეგ დღემდე არანაირი სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, რამდენიმე კერძო კომპანიამ საიდუმლო ინფორმაციის გამავრცელებელ ვებგვერდთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მათ შორის არიან: EveryDNS, Amazon.com, PayPal, Visa, Mastercard, ასევე შვედური ბანკი  PostFinance  და ა.შ.  ვიკიპედიის რედაქტორებმა კი სისტემიდან ის გვერდები ამოიღეს, სადაც ვიკილიქსის დუპლიკატი საიტების მისამართები იყო ჩამოთვლილი.   

EveryDNS-სა და Amazon-ის ოფიციალური განცხადებით, ვიკილიქსზე განხორციელებული კიბერშეტევების გამო, საფრთხე ექმნებოდა მათ ასიათასობით სხვა მომხმარებელს.   ვიკილიქსს მომსახურება სწორედ სხვა მომხმარებლების ინტერესების დასაცავად შეუწყვიტეს.  PayPal-ის ვიცე პრეზიდენტმა ოსამა ბედირმა განაცხადა, რომ „ჟულიან ასანჟმა დაარღვია PayPal-ის სამომხმარებლო წესები, რომელიც კრძალავს PayPal-ის ანგარიშების გამოყენებას არალეგალური საქმიანობის საწარმოებლად.“

„მნიშვნელობა არა აქვს. ეს კომპანიები როგორ გაამართლებენ ვიკილიქსის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს. ბოლო დღეების მოვლენებმა ცხადი გახადა, რომ მნიშვნელოვან ინტერნეტ კომპანიებსაც კი არა აქვთ უნარი, წინ აღუდგნენ ხელისუფლებისა და საზოგადოების ზეწოლას.“-წერს ერთ-ერთი ტექნოლოგიური ინტერნეტ გამოცემა Red Write Web.

ჰაკერთა ანონიმურმა ჯგუფმა გასულ დღეებში მასობრივი იერიში მიიტანა იმ კომპანიების ვებგვერდებზე, რომლებმაც სერვისი შეუწყვიტეს ვიკილიქსს.  ყველა მათგანის საიტი რამდენიმე საათით იყო გათიშული. ჰაკერების სამიზნე გახდა იმ ამერიკელი კონგრესმენების ვეგბერდებიც, რომლებიც ვიკილიქსის წინააღდეგ საქმის აღძვრას მოითხოვენ. მათ შორის არიან რესპუბლიკელი სარა პეილინი და სენატორი ჯო ლიბერმანი. მათ  გამოძიების ფედერალური ბიუროსგან საქმის წარმოების დაწყება იმ მედიასაშუალებების წინააღმდეგაც მოითხოვეს, რომლებმაც ვიკილიქსის მასალების გამოქვეყნება დაიწყეს. ამ გამოცემებს შორისაა- „ნიუ იორკ ტაიმსი“ და ჟურნალი „ტაიმი.“

ისლანდიურმა  IT კომპანია Datacell-მა გადაწყვიტა, რომ  PayPal-ისა და Visa-ს წინააღმდეგ  სამართლებრივი გზით დაიწყებს ბრძოლას ვიკილიქსისთვის მომსახურების შეწყვეტის გამო.  ბოლო დღეების მანძილზე სწორედ ონლაინ მხარდამჭერების მიერ გადარიცხული ფულით ვიკილიქსის ანგარიშები ასიათასობით დოლარით შეივსო.  მათ შორის ყველაზე დიდი თანხა, 20 ათასი ფუნტი სტერლინგი, ცნობილმა რეჟისორმა კენ ლოუჩმა გაიღო.

 Datacell-ის წარმომადგენელი  ანდრეას ფინკი აცხადებს, რომ PayPal-სა და Visa-ს ვიკილიქსისთვის მომსახურება არ უნდა შეეწყვიტათ და „მათ უნდა გაეგრძელებინათ ის საქმე, რაშიც წარმატებული არიან-თანხის გადარიცხვა“.

აშშ-ს მთავარმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ  ვიკილიქსის დადანაშაულება „შპიონაჟის აქტის“ მიხედვით რთული იქნება. 1917 წელს გამოცემული აქტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მასალების ფლობა და უნებართვო გავრცელება კანონით ისჯება.  ჰოლდერმა ასევე თქვა, რომ მისი უწყება აშშ-ს კანონმდებლობაში აგრძელებს იმ აქტების ძებნას, რომლის მიხედვითაც, ასანჟს ბრალს ვიკილიქსის საქმიანობის გამო წაუყენებენ.

ჟულიან ასანჟის ადვოკატის, ტიმოთი მატუშესკის(Timothy Matusheski)თქმით, ისინი(აშშ-ს ხელისუფლება) ვიკილიქსს კანონი დარღვევის გამო ადანაშაულებენ, მაგრამ არ ამბობენ ვებგვერდის საქმიანობით კონკრეტულად რომელი კანონი დაირღვა. ალბათ, მათ ასეთი კანონი ჯერ ვერ იპოვეს.“

ვიკილიქსმა დღემდე გამოაქვეყნა აშშ-ს დიპლომატიური მიმოწერა, რომელიც დახარისხებულია კატეგორიებად: კონფიდენციალური და  საიდუმლო. არც ერთი ისეთი მასალა არ არის გამოქვეყნებული, რომელიც უკავშირდება ქვეყნის სტრატეგიულ უსაფრთხოებას და მინიჭებული აქვს გრიფი „სრულიად საიდუმლო“.

 

დანაშაული თუ გამოხატვის თავისუფლება?


„ჭირვეული და ჯიუტი პრესა ხელისუფლებამ უნდა აიტანოს, რადგან დაიცვას უფრო დიდი ღირებულება-გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის უფლება იცოდეს“-ამერიკელი მოსამართლის მიურეი გურფინის(Murray Gurfein) ამ ციტატით იწყებს სტატიას ტრევორ ტიმი, ნიუ იორკის იურიდიული სკოლის გამოცემის, „Law Review”-ს რედაქტორი.

ტრევორი ტიმი წერს, რომ დიდი ბრიტანეთისგან გასნხვავებით, აშშ-ში არ არსებობს არანაირი აქტი საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით. ის საკანონმდებლო აქტები კი, რომლის მიხედვითაც. მემარჯვენე მესვეტეები და პოლიტიკოსები ვიკილიქსის დასჯას ითხოვენ, აბსოლუტურად შეუსაბამოა ვიკილიქსის საქმიანობასთან.

ნაწყვეტი ტრევორი ტიმის სტატიიდან: „ვიკილიქსის წინააღმდეგ საქმის აღძვრას მოწინააღმდეგეები, ძირითადად, „შპიონაჟის აქტის“ 793(e)-ე ნაწილის მიხედვით ითხოვენ.  აგვისტოში, პრეზიდენტ ბუშის გამოსვლების ტექსტების ავტორმა   მარკ ტისენმა(Marc Thiessen)   „ვაშინგტონ პოსტში“ დაწერა, რომ ვიკილიქსი „კრიმინალურ საქმიანობას“ ეწევა და ასანჟის დაჭერა და გასამართლება სწორედ ამ მუხლით მოითხოვა.

თუმცა, აღნიშნული დებულება არ ეხება მათ, ვინც ამ ინფორმაციას აქვეყნებს.

„შპიონაჟის აქტის“ 793(e)-ე თავში წერია, რომ „ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უნებართვოდ  ფლობს, ხელი მიუწვდება, ან აკონტროლებს საიდუმლო დოკუმენტს, რომელიც დაკავშირებულია ნაციონალურ თავდაცვასთან, ….თვითნებურად ურთიერთობს(ვინმესთან)…..ამასთანავე,  თუ ის ვერ(არ) გადასცემს ამ ინფორმაციას აშშ-ს ხელისუფლებას, დაისჯება ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელით, არაუმეტეს 10 წლისა.“

ტრევორ ტიმს მიაჩნია, რომ სიტყვები  „თვითნებური ურთიერთობა“ კონგრესის მიერ არასდროს იყო ნაგულისხმევი როგორც „გამოქვეყნების შეზღუდვა“, ასევე არ იყო გამოყენებული პრესაზე ზემოქმედებისთვის.  Law Review-ს რედაქტორი საკუთარი სიტყვების დასტურად იხსენებს the Pentagon Papers case-ს.  მისივე თქმით, „კონგრესი სიტყვა „გამოქვეყნებას“ „შპიონაჟის აქტის“ სხვა მუხლებში ხმარობს, მაგრამ ის ამოღებულია 793-ე ნაწილიდან.  ეს აქტი ვერ შეზღუდავს, ან ვერ დააღვევს პრესისა და სიტყვის თავისუფლებას, რომელიც აშშ-ს კონსტიტუციითა უზრუნველყოფილი.“

ვაშინგტონ ტაიმსის ერთ-ერთმა მესვეტემ ტონი ბლენკლიმ(Tony Blankly) ვიკილიქსის წინააღმდეგ საქმის აღძვრა „შპიონაჟის აქტის“  794(b) მუხლის მიხედვით მოითხოვა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს პასუხისმგებლობის დაკისრებას ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, სადაც საუბარია ქვეყნის სამომავლო სამხედრო გეგმებზე, სამხედრო ძალების, ასევე გემების გადაადგილებაზე და ა.შ.

„Law Review”-ს რედაქტორის, ტრევორი ტიმის თქმით, ვიკილიქსის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ამ მუხლითაც წარმოუდგენელია.  ვიკილიქსმა ავღანეთისა და ერაყის ომის მასალები იმ მოვლენების შესახებ გამოაქვეყნა, რომელიც უკვე მოხდა. კანონის ეს მუხლი კი სასჯელს მხოლოდ სამომავლო გეგმების გამხელაზე ითავლისწინებს. 

მისივე აზრით, ასანჟს ბრალს ვერც ღალატის მუხლით წაუყენებენ, რადგან ის ავსტრალიის მოქალაქეა.

„იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, რომ ისინი ვიკილიქსის წინააღმდეგ შესაბამის საკანონმდებლო მუხლს მოძებნიან, უბრალოდ კეკლუცობაა, მეტი არაფერი“-ასრულებს სტატიას ნიუ იორკის იურიდიული სკოლის გამოცემის რედაქტორი.

 

გაერო გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად

გაეროს სპეციალური მომხსენებელი აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების საკითხებში ფრენკ ლა რუის(Frank La Rue) მიაჩნია, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ვიკილიქსის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, რადგან „ეს იქნება ძალიან ცუდი მაგალითი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში.“  ვიკილიქსთან დაკავშირებით ფრენკ რუიმ 9 დეკემბერს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ავსტრალიის სამაუწყებლო კომპანიას(ABC).

ჟურნალისტმა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ჰკითხა, მიიჩნევდა თუ არა ის ვიკილიქსის დამფუძნებელს სიტყვის თავისუფლებისთვის დევნილად, რაზეც მან დადებითი პასუხი გასცა.

„ამის გამო თუ ვინმეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, ეს პირველ რიგში ის ადამიანი უნდა იყოს, რომელსაც ამ ინფორმაციის არგაჟონვის პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული. პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს მედიასაშუალებას, რომელმაც ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა.  გამჭვირვალობა სწორედ ეს არის და სწორედ ასე ვუპირისპირდებით კორუფციას“,-თქვა  ფრენკ რუიმ. მას მიაჩნია, რომ აშშ-ს ვიკილიქსის დამფუძნებლის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია. მისი გასამართლება ამჟამად მხოლოდ შვედეთის მიერ წაყენებული ბრალდებით შეიძლება, რომელიც კავშირში არ არის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებასთან.  

„იმედი მაქვს, რომ გამოხატვის თავისუფლების პრინციპი, თუნდაც ამერიკაში, უმნიშვნელოვანესია. თუ აშშ ამ შემთხვევაში  შეცდება,  ეს იქნება ძალიან ცუდი მაგალითი სხვებისთვის, თუ ვინმეს მსგავსი საქმისთვის მომავალში ბრალს წაუყენბენ“-ასრულებს ავსტრალიის სამაუწყებლო კომპანიასთან ინტერვიუს  ფრენკ ლა რუი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი