საზოგადოება

მიწა ექვს ლარად

30 ნოემბერი, 2010 • 2440
მიწა ექვს ლარად

Image 2660
Image 2660

სოფელ პატარა ლილოს მოსახლეობა უკმაყოფილოა იმ ფასის გამო, რაც  ხელისუფლებამ მათ კუთვნილი მიწის სანაცვლოდ შესთავაზა.  თბილისის ზღვის მიდამოებში უახლოეს მომავალში იწყება შემოვლითი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომელიც მიწის ასობით მესაკუთრის კუთვნილ ტერიტორიაზე გაივლის, რომელთა შორის სოფელ პატარა ლილოს მოსახლეობაცაა. პროექტის მთავარი დამფინანსებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია. ხელისუფლებამ ნაკვეთის მეპატრონეებს ერთი კვადრატული მეტრი მიწის სანაცვლოდ 6 ლარი შესთავაზა.

პატარა ლილოს მოსახლეობა და ნაკვეთების მეპატრონეები ხელისუფლებისგან, კონკრეტულად კი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მათი საკუთრების ადეკვატურ და სამართლიან შეფასებას მოითხოვენ. მათ ამ მოთხოვნას გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი. ის თბილისის ზღვის მიდებარე ტერიტორიას და ახალ ლილოს ჟურნალისტებთან ერთად ესტუმრა და ადგილობრივთა პრობლემებს უფრო დეტალურად გაეცნო.

ადგილობრივების თქმით, მათ  საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა კვადრატული მიწის ფასი, 6 ლარი ოფიციალურად, დოკუმენტის საშუალებით შესთავაზეს, რაზეც არც ერთმა მესაკუთრემ ხელი არ მოაწერა.

პატარა ლილოს მცხოვრებმა, გიორგი ყარყარაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მას თბილისის  ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ათასი კვადრატული მეტრი სამოსახლო ნაკვეთი აქვს, რომელშიც 9 ათასი ლარი შესთავაზეს.

„რკინიგზა ჩემს ნაკვეთს შუაზე ყოფს, დარჩენილი მეორე ნახევრის საფასურს არ მინაზღაურებენ. იქ სახლი როგორ ავაშენო? ორი ბიჭი მეზრდება, რომლებიც აუცილებლად უნდა დავაბინავო. თუ ამას მართმეევნ, სანაცვლოდ სხვაგან მომცენ მიწა. ქალაქის ცენტრში – იქ, სადაც ახლა რკინიგზა გადის, ხომ თავისუფლდება ტერიტორია, იქ მომცენ იგივე ზომის მიწა, უარს კი არ ვიტყვი,“ – ამბობს გიორგი ყარყარაშვილი.

პატარა ლილოს კიდევ ერთ მცხოვრებს, ჯუმბერ ბერიძესაც ერთ კვადრატულ მეტრში 6 ლარს სთავაზობენ. „რომ ვეუბნები 6 ლარი ძალიან ცოტაა, მპასუხობენ, რომ მინდა თუ არა, ამ თანხას მაინც გადამიხდიან. ბანკში ანგარიშსაც გაგიხსნით და თანხას იქ ჩაგირიცხავთო, ამ ამბავს უშენოდაც მოვაგვარებთო“ – უთხრა ნეტგაზეთს ჯუმბერ ბერიძემ. მას კუთვნილ 5500 კვადრატულ მეტრ მიწაზე წლების განმავლობაში ხორბალი და ქერი მოჰყავდა, ბოლო ორი წელია კი ხვნა-თესვა მიატოვა და მხოლოდ მოთიბულ თივას სჯერდება. „ორი წელია რკინიგზის გაყვანას ველოდებით. რომ დავთესო და მერე გადამითარონ ნაკვეთი, უფრო დიდი ზარალი არ იქნება?“-ამბობს ნაკვეთის მეპატრონე.

თინა ხიდაშელმა ნაკვეთის მეპატრონეებს უთხრა, რომ მათი ნების წინააღმდეგ შეიძლება ხელისუფლება წავიდეს, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდებათ უცხოურ კომპანიებსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს.

ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი ამბობს, რომ შეფასება უნდა მოხდეს სამართლიანად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლება იძლევა მშრალ ინფორმაციას და არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ღირს ეს მიწა 6 ლარი და არა – 2, ან 10“ – თქვა თინა ხიდაშელმა.

პატარა ლილოში იმყოფებოდა რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთი წევრი ნოდარ ებანოიძე, რომელმაც თქვა: „არსებული მიწები ხელახლა სამართლიანად უნდა შეფასდეს, სამხარაულის ბიუროს მიერ მომზადებული დოკუმენტი კი უკანონოდ უნდა გამოცხადდეს“.

მისივე თქმით, შემოვლითი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა გრანდიოზული პროექტია, მაგრამ ეს არ უნდა განხორციელდეს ადამიანთა საკუთრების ხარჯზე. 

“ერთ კვადრატულ მიწაში 6 ლარის შეთავაზება საკუთრების წართმევას ნიშნავს“ – თქვა ნოდარ ებანოიძემ.

ნაკვეთის ერთ-ერთმა მეპატრონემ, დათო გიუნაშვილმა, რომელიც პროფესიით ინჟინერია, ნეტგაზეთს უთრა, რომ გარდა საკუთრების უფლების დარღვევისა, ამ ადგილზე რკინიგზის მშენებლობამ შესაძლოა ზიანი გარემოსაც მიაყენოს.

„თბილისის დიდი ნაწილი სასმელ წყალს სწორედ თბილისის ზღვის ამ ნაწილიდან იღებს. მომავალში რკინიგზაზე უბედური შემთხვევის ან ავარიის დროს ეს სასმელი წყალი ძალიან დაბინძურდება,“ – თქვა დათო გიუნაშვილმა. მისივე აზრით, უმჯობესი იქნებოდა, სარკინიგზო ხაზი შემოვლითი საავტომობილო ხაზის გასწვრივ აშენებულიყო. „ამით დაიზოგებოდა საკომპენსაციო თანხა, ასევე, იმ ინფრასტრუქტურისთვის მოსაწყობი ფინანსები, რაც რკინიგზის გაყვანას აქ დასჭირდება, საუბარია ტერიტორიის ამაღლებაზე, ტრანშეების გაჭრაზე და ა.შ“ – მიაჩნია გიუნაშვილს.

თინა ხიდაშელმა პატარა ლილოს მოსახლეობას და ნაკვეთების სხვა მეპატრონეებს, პირობა მისცა, რომ აღნიშნულ საქმეს სტრასბურგამდეც გაყვება და  ყველაფერს გააკეთებს, რათა მათ კუთვნილი, სამართლიანი კომპენსაცია მიიღონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი