საზოგადოება

მუსლიმანებისთვის შეურაცხმყოფელი სახელმძღვანელოები

29 ნოემბერი, 2010 • • 1792
მუსლიმანებისთვის შეურაცხმყოფელი სახელმძღვანელოები

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ  მეთერთმეტე კლასის ისტორიის სახელძღვანელო, რომლითაც აზერბაიჯანულენოვან საჯარო სკოლებში ასწავლიან,  მათ რელიგიურ გრძნობებს ლახავს. სახელმძღვანელო წარმოადგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გრიფირებული წიგნის თარგმანს, რომლითაც ქართულ საჯარო სკოლებში ისტორია ისწავლება.

ხაიალ ნამაზოვმა ქვემო ქართლის, გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარის საჯარო სკოლა  წელს დაამთავრა. ნეტგაზეთთან საუბარში ნამაზოვი ამბობს, რომ მისთვის შეურაცხმყოფელია ის ინფორმაცია, რაც ისლამის რელიგიის შესახებ მეთეთრმეტე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში წერია.

მაგალითად, სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ „მუჰამედმა 40 წლის ასაკში მკითხაობა დაიწყო“.

„წიგნში გამოყენებულია სიტყვა „გურუცუმ“, რაც მკითხაობას ნიშნავს. სინამდვილეში უნდა ეწეროს, რომ მუჰამედმა 40 წლის ასაკში დაიწყო წინასწარმეტყველება“ –ამბობენ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები.

გიორგი ლობჟანიძე, ყურანის მთარგმნელი ქართულ ენაზე, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს:

„სიტყვა „მკითხაობამ“  ჩემი აღშფოთება გამოიწვია, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი, ასე არ შეიძლება განიხილო რელიგიის საკითხები. როცა სკოლის სახელმძღვანელოს ადგენ, უნდა გაითვალისწინო, რომ ყველაზე ფაქიზ ნაწილთან, მოსწავლეებთან გაქვს ურთიერთობა, ამიტომ ყველა სიტყვა უნდა აწონ–დაწონო და ისე ჩაწერო სახელმძღვანელოში.” 

აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი სასკოლო სახელმძღვანელოების გამო შექმნილი პრობლემების თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველიც საუბრობს  2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში:

„უნდა აღინიშნოს  ის  პრობლემები,  რომლებიც თარგმანთან  დაკავშირებით არსებობენ.  როგორც სკოლების  პედაგოგებისა  და  მშობლების  დიდი  ნაწილი  აცხადებენ,  სასკოლო სახელმძღვანელოების  ნაწილი  არაკვალიფიციურად  და  არაზუსტადაა  თარგმნილი ეროვნული  უმცირესობების  ენებზე,  რაც  ხშირად  იწვევს  სირთულეებს  შინაარსობრივი კუთხითაც“. 

სახალხო დამცველს ანგარიშში რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, მათ შორის,  მერვე კლასის ისტორია–გეოგრაფიის სახელმძღვანელოდან, რომელშიც წერია: „ვაჰაბიზმი არის ე.წ. წმინდა ისლამი… ისლამის მიხედვით, თუ ადამიანს სურს სამოთხეში მოხვდეს, იგი მტრის ხელით უნდა მოკვდეს“.

აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ ეს ვაჰაბიზმის არასწორი განმარტებაა, რამაც, მათი თქმით, ქართველებში შესაძლოა  ისლამის არასწორი გაგება გამოიწვიოს, რადგან „ვაჰაბიტებს დღეს მსოფლიოში იცნობენ, როგორც ტერორისტებს“ – ამბობენ ისინი.

საქართველოს სახალხო დამცველი ამ ანგარიშში აცხადებს, რომ აუცილებელია განათლების სამინისტრომ სათანადო ზომები მიიღოს, რათა  ეროვნული უმცირესობების  სკოლებისთვის განკუთვნილი  სახელმძღვანელოების  მომზადებისა და თარგმნის  პროცესში  მაქსიმალურად იყოს  უზრუნველყოფილი  კვალიფიციური  თარჯიმნებისა  და  ეროვნული  უმცირესობების ენების მცოდნე  შესაბამისი დისციპლინების სპეციალისტების ჩართვა.

თუმცა, როგორც ირკვევა, პრობლემა მხოლოდ „კვალიფიციური თარჯიმნების“ მოძიებას არ უკავშირდება.

მაგალითად, მე–11 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, რომელიც ქართულ საჯარო სკოლებში გამოიყენება, ნათქვამია: “გადმოცემა მოგვითხრობს, რომ სწორედ აიაშაზე (მუჰამედის ცოლი) ეჭვიანობის გამო დააწესა მოციქულმა ყველა ქალისთვის ჩადრის ტარება”, იგივე ტექსტი გვხვდება აზერბაიჯანულ თარგმანშიც.

”ეჭვიანობას ვერ დააბრალებ ჩადრის შემოღებას, მუსლიმების რწმენით, ეს იყო ღვთის გამოცხადება, რომელიც მიეცა მუჰამედს, რომ ქალს უნდა ევლო გარკვეული ტიპის ჩაცმულობით“, – განმარტავს გიორგი ლობჟანიძე.

მისივე თქმით, საქართველო  ცივილური სახელმწიფოა და ამიტომ სახელმძღვანელოები ისტორიზმის პრინიციპიდან გამომდინარე უნდა შედგეს „და არა იმით – ვის რა ესიამოვნება, ან როგორ გაუხარდება.”

ბექა მინდიაშვილი, სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს  ეთნოსთა ისტორია საქართველოში, ან რელიგიის ისტორიის სწავლება:

”ხშირ შემთხვევაში პრობლემა გვაქვს ერთი მიმართულებით, რაც უმცირესობებისთვის შეიძლება შეურაცხმყოფელი იყოს. მეორე შემთხვევაში, დამატებით სახელმძღვანელოში გვხვდება ტექსტები, რომლებიც გადაწონილია მართლმადიდებლობის მიმართულებით, ეს მეორე პრობლემაა, ამიტომ აქ სერიოზული ბალანსი არის დასაცავი და სკოლის ატმოსფეროც  უნდა ითვალისწინებდეს, რომ რელიგია და სკოლა ურთიერთგამიჯნული რამ არის.”

ადამიანის უფლებათა დაცვის საზოგადოებრივი გაერთიანება ტოლერანსის  თავმჯდომარე, ელბრუს მამედოვი ამბობს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით  ბევრი კითხვა აქვს.

”ეს შეცდომები უნდა გადაიხედოს. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს,  მოსაზრებები ვკითხოთ ექსპერტებს, რომლებიც შეძლებდნენ ეკარნახათ, თუ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან




გამძაფრება ამა თუ იმ საკითხის,” – ამბობს ელბრუს მამედოვი.

„შეუძლებელია დაწერო ისლამზე და არ გაითვალისწინო თუნდაც ქართველი ისლამოლოგების აზრი,“ – ამბობს გიორგი ლობჟანიძე.

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინიტროში სპეციალური ჯგუფებია შექმნილი. ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ  კომისიის პასუხისმგებლობის საკითხია, თუ რამდენად აკვირდებიან მსგავს დეტალებს სახელმძღვანელოებში.

„ვფიქრობ, კომისიები საერთოდ არ უნდა არსებობდნენ. თუ მომხმარებელი თვლის, რომ სახელმძღვანელო არ ვარგა, ასეთი შემთხვევები ან აღმოიფხვრება, ან წიგნს აღარავინ იყიდის“ – ამბობს ჯანაშია.

ორგანიზაციამ „საერთაშორისო მუსლიმანური და ქრისტიანული მეგობრობა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთი წლის წინ  წერილი გაუზავნა.

”გავუგზავნეთ წერილი, რომელშიც ამ წიგნებში არსებულ შეცდომებზე და შეურაცხმყოფელ აბზაცებზე ვწერდით. თუმცა პასუხი დღემდე არ მიგვიღია” – ამბობს ორგანიზაციის წევრი რამილ კირიაკოვი.

ამ საკითხებზე რეაგირება სამინისტროს ამ დრომდე არ მოუხდენია. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ნეტგაზეთს უთხრა: „მომიტანეთ წიგნი და მოვახდენთ რეაგირებას“.

სახელმძღვანელოები, რომლებიც საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს, საქართველოს საჯარო სკოლებში რამდენიმე წელია გამოიყენება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი