დაახლოებით 5-საათიანი განხილვის შემდეგ დასრულდა სინოდის სხდომა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს გააცნო განხილული საკითხების შინაარსი.
როგორც ჯაღმაიძე ამბობს, სხდომაზე განიხილეს საორგანიზაციო საკითხები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადონ გაფართოებული კრებისთვის, სადაც კენჭს უყრიან პატრიარქობის კანდიდატებს. მაგალითად, ჩამოყალიბდა სამი კომისია კენჭისყრისთვის: სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო კომისიები.
“პატრიარქის არჩევის პროცესი არ არის მარტივი. იქ ხმები უნდა დაითვალოს და ა.შ. მით უმეტეს, ბევრი დელეგატი იქნება. მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი და არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე. ამიტომ, საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭირო იყო შეთანხმება ამ თემებზე”, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.
რაც შეეხება ორ მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც არის დამოკიდებული პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატების ვინაობა – განათლების მინიმალური კომპეტენცია და ზედა ასაკობრივი ზღვარი – ჯაღმაიძის თქმით, არცერთ საკითხზე არ შეთანხმებულან. თუმცა დეკანოზი განმარტავს, რომ “მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად”.
ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით ჯაღმაიძემ თქვა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, თუმცა სხვა ბევრი განსახილველი საკითხის გამო ვერ მოასწრეს შეთანხმება. როგორც დეკანოზმა განმარტა, მღვდელმთავრებმა მოსაზრებები გაახმიანეს, მაგრამ ჯერ არ გამოიკვეთა, როგორ იქნება ინტერპრეტირებული ჩანაწერი საპატრიარქოს დებულებაში, რომლის მიხედვითაც პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა.
“განათლების თემასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკს, ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა. არ გამოიკვეთა, როგორ იქება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, სადაც არაუმეტეს 70 წლის არის აღნიშნული. სინოდის შემდეგ სხდომაზე, როდესაც სამი კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძის ინფორმაციით, გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, იქამდე კი კიდევ ერთი სხდომა გაიმართება 24 აპრილს. სწორედ 24 აპრილის სხდომაზე გახდება ცნობილი პატრიარქობის კანდიდატების ვინაობა.
ამავე თემაზე:
