2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, პოლიციამ გამოავლინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 (1) – ე მუხლით გათვალისწინებული “სამართალდარღვევის” 8200 ფაქტი. ეს ის მუხლია, რომელიც საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარებას არეგულირებს და რომელშიც “ქართულმა ოცნებამ” ბოლო დროს არაერთი რეპრესიული ცვლილება შეიტანა. შედეგად, დასჯადი გახდა აქციაზე, მაგალითად, პირბადის გაკეთება, “უნებართვოდ” ტროტუარზე დგომა და სხვა. ყველა ამ სამართალდარღვევას აერთიანებს ზემოხსენებული მუხლი.
შსს-ს ცნობით, დასახელებული სამართალდარღვევების შემთხვევებიდან 7678 ფაქტი უკავშირდება საქართველოს მოქალაქეს, ხოლო 522 – უცხო ქვეყნის მოქალაქეს. გარდა ამისა, მითითებულ პერიოდში იკვეთება 4070 სამართალდამრღვევი უნიკალური პირი (მათგან 3655 საქართველოს მოქალაქე და 415 უცხო ქვეყნის მოქალაქე).
ეს სტატისტიკა ასახულია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში. ომბუდსმენი წერს, რომ საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლების მარეგულირებელ ნორმებში რამდენჯერმე განხორციელებული მზღუდავი ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენებოდა.
“კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, უწყებამ გამოავლინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 (1) -ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 8200 ფაქტი.
თავის მხრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 2024 წლის 13 დეკემბრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე, ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო (დამოუკიდებლად ან სხვა მუხლებთან ერთობლიობით), პირდაპირი განსჯადობის წესით მიღებულ საქმეთაგან დასრულებულია 1732 საქმის განხილვა.
ამასთანავე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 13 დეკემბრიდან 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, სასამართლოში დასახელებულ მუხლთან დაკავშირებით სულ განხილულია 555 საქმე.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2025 წლის 16 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის ფაქტზე, წლის ბოლომდე, 1 პირს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამ ფონზე სახალხო დამცველი საერთო სასამართლოებში მიმდინარე ორ საქმეში ჩაერთო სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, იმ მიზნით, რომ დახმარებოდა სასამართლოს, ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილებები.
მაგალითად, 2025 წლის 11 აგვისტოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვის გამო შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული სანქცირების თაობაზე.
რამდენადაც კანონმდებლობა არ განმარტავს, რა არის ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა და რა შემთხვევაშია შეკრების მონაწილეთა რაოდენობა საკმარისი გზის კანონიერად გადასაკეტად, დოკუმენტში სახალხო დამცველმა გამოკვეთა ამ კომპონენტის შესაფასებლად არსებითი მნიშვნელობის გარემოებები. მათ შორის მიეთითა აუცილებლობაზე, სასამართლოს განემარტა, პირის შეკრების ადგილზე გამოცხადება მისი გადაკეტვის შემდეგ ხომ არ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც ტრანსპორტის სავალი ნაწილი გადაკეტილია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, და ემსჯელა, რამდენად აქვს რეალური ეფექტი მის ადგილზე ყოფნას სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეზღუდვაზე.
სამწუხაროდ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დასახელებული სასამართლოს მეგობრის მოსაზრება არ გაიზიარა.
საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევასა და შეფასებასთან დაკავშირებული პრობლემა გამოიკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განხილულ იმ საქმეებშიც, რომლებშიც გზის ხელოვნური გადაკეტვის გამო პასუხისგებაში მიცემული პირები უარყოფდნენ შეკრებაში მონაწილეობას. კერძოდ, სახალხო დამცველის წარმომადგენელი გაეცნო შემთხვევითი წესით შერჩეულ ორ მსგავს დადგენილებას, რომელშიც პირების მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის დასადასტურებლად საკმარისად იქნა მიჩნეული მათი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დაფიქსირების ფაქტი მას შემდეგ, რაც ეს მონაკვეთი შეკრების მონაწილეებმა გადაკეტეს. ამ შემთხვევებში, სასამართლო დაეყრდნო საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებს, თუმცა არ უმსჯელია, რამდენად საკმარისი იყო ამ ჩანაწერების ხანგრძლივობა იმის დასადასტურებლად, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები მართლაც შეკრების მონაწილეები იყვნენ. ამასთანავე, არ შეფასებულა, რამდენად მიუთითებდა ვიდეოკადრებზე აღბეჭდილი მათი ქცევა პროტესტში ჩართულობას. შედეგად, ერთ ასეთ პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 3 დღის ვადით, ხოლო მეორე პირი, რომელსაც დადგენილი ჰქონდა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (რაც გამორიცხავდა მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას), ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, თუმცა გათავისუფლდა პასუხისმგებლობისგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა.
გარდა ამისა, 2025 წლის 7 ნოემბერს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის გამო შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული სანქცირების თაობაზე. სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილულ იქნა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი თანაზომიერი სტანდარტები, რომელთა თანახმად, დაუშვებელია შეკრების მონაწილეთათვის სახის დაფარვისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, როდესაც შეკრების მონაწილეთა ქცევა არის მშვიდობიანი და საკუთარ ვინაობას არ ფარავენ ძალადობრივი ქმედების ჩადენის თუ საზოგადოებრივი წესრიგის არსებითად ხელყოფის მიზნით.
დასახელებული სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები სათანადო უფლებრივი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობას ემსახურება და მიემართება ყველა იმ საქმეს, რომლის ფარგლებშიც სასამართლოს მსგავს ფაქტობრივ გარემოებებზე მოუწევს მსჯელობა”, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 (1) -ე მუხლი) გარდა, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ორი საქმე, რომლებშიც შეკრების მონაწილეების მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის იერსახის დამახინჯების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი) საბაბით. ორივე შემთხვევაში, სამართალდამცავებმა მიიჩნიეს, რომ სამართალდარღვევის შემადგენლობას ქმნიდა 2025 წლის 11 იანვარს აჭარის ა/რ პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული შეკრების მიმდინარეობისას ადგილზე სტიკერების განთავსება.
“მოცემული საქმეების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ მშვიდობიანი პროტესტის ფორმის გამო შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად მიჩნევით, შესაძლოა, არამართლზომიერად შეზღუდულიყო მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შედეგად, სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, 4 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის წარედგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც თანაზომიერი უფლებრივი სტანდარტების ანალიზის საფუძველზე გაწერს კონკრეტულ საკითხებს, რომელთა შეფასებაც აუცილებელია მსგავსი საქმეების სათანადოდ გადასაწყვეტად. მათ შორის, საკვლევ საკითხებს შორის დასახელდა: 1. თუ რა ხარისხის ზიანი ადგებოდა სადავო ობიექტებს და შედეგად, მუნიციპალიტეტის იერსახეს სტიკერის მცირე ვადით განთავსების შემთხვევაში, და ტოვებდნენ თუ არა ისინი ხანგრძლივ და წარუშლელ კვალს – შესაბამისად, რა ინტენსივობის იყო სადავო ზემოქმედება; 2. ჰქონდა თუ არა იმ შენობა-ნაგებობას, რომლის ფასადზეც სტიკერები განთავსდა, იმგვარი სპეციფიკა და სტატუსი, რაც მისი იერსახის უცვლელად შენარჩუნებას მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებულ დანიშნულებას სძენდა. მაგალითად, იყო თუ არა ობიექტი კონკრეტული ქალაქის ერთიანი სივრცის სიმბოლო. აგრეთვე, რამდენად მწვავე იყო საზოგადოებრივი ინტერესი მის უწყვეტ ვიზუალურ ხელშეუხებლობაზე, რასაც შეეძლო ისეთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი სიკეთის გადაწონა, როგორიცაა პოლიტიკური შინაარსის გამოხატვის თავისუფლება”.
სახალხო დამცველი გამოდის წინადადებით:
- გაუქმდეს დემონსტრანტებისთვის სახის ნიღბით ან სხვაგვარი საშუალებებით დაფარვის უპირობო აკრძალვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში;
- გაუქმდეს შეკრების გამართვის ადგილთან დაკავშირებული ბლანკეტური აკრძალვები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და უფლებამოსილ უწყებას მიენიჭოს საკითხის ინდივიდუალურად გადაწყვეტის შესაძლებლობა, შეკრების თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტის შესაბამისად;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გაუქმდეს ადმინისტრაციული პატიმრობის, როგორც უალტერნატივო ადმინისტრაციული სახდელის, გამოყენების შესაძლებლობა შეკრების მონაწილეთა მშვიდობიანი ქმედებებისთვის და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით, ხელახლა განისაზღვროს სახდელების სახეები და ოდენობები;
- გაუქმდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3533 -ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სამართალდამცავის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის.
