სად მიჰყავთ მიუსაფარი ძაღლები? ბოლო რამდენიმე დღეა ცხოველთა დამცველი აქტივისტები აქტიურად სვამენ ამ კითხვას. თუმცა სურსათის ეროვნული სააგენტოსგან მკაფიო პასუხს ვერ იღებენ.
აქტივისტების ინფორმაციით, სააგენტოს გაჰყავს ძაღლები მათი საცხოვრებელ სივრციდან და უკან აღარ აბრუნებს. უფრო მეტიც, მათი თქმით, მიჰყავთ ის ძაღლებიც, რომლებსაც საჭდე აქვთ დამაგრებული – ანუ სტერილიზაცია უკვე ჩატარებული აქვთ. ამის ამსახველი კადრები ზუგდიდელმა აქტივისტმა, სალომე ფარცვანიამ გაავრცელა. ნეტგაზეთთან საუბრისას ის ამბობს, რომ მსგავსი პრაქტიკაა სხვა რეგიონებშიც.
“ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცხოველთა მოყვარულმა შეამჩნია, რომ დადის მანქანა – შემდეგ გაირკვა, რომ ეს იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს მანქანა – და იჭერს ძაღლებს. ჩვენი ინფორმაციით ქუთაისის თავშესაფარში გადაიყვანეს 65 ძაღლი. თავშესაფრის ინფორმაციით, ამ 65-დან 28 ძაღლი უკვე დაბირკული იყო და ისინი დააბრუნეს ბუნებაშიო. თუმცა ესეც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან იმ ძაღლებიდან, ვინც კადრებში ჩანს, ყველა დაბირკული არ არის”, – გვიყვება სალომე ფარცვანია.
ფარცვანიამ ზუგდიდის ქუჩებიდან ძაღლების, მათ შორის სტერილიზებული ცხოველების, თავშესაფარში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია ორი დღის წინ, 30 მარტს გაავრცელა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს, პირველ აპრილს, აქტივისტებმა კვლავ შეამჩნიეს სურსათის ეროვნული სააგენტოს “დამჭერი” მანქანა ზუგდიდში და მას გაჰყვნენ. აღმოჩნდა, რომ სააგენტომ ორი დღის წინ წაყვანილი ძაღლების ნაწილი ბუნებაში გაუშვა. თუმცა, არა იქ, საიდანაც წაიყვანეს – მათთვის ჩვეულ გარემოში – არამედ უკაცრიელ ადგილას.
სალომე ფარცვანია გვიყვება, რომ ეს არის დაუსახლებელი ტერიტორია ქალაქს გარეთ. ცხოველთა დამცველი აქტივისტების შეფასებით, ასეთ გარემოში ძაღლის დატოვება მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რისკს უქმნის. გარდა ამისა, ფარცვანია ვარაუდობს, რომ ამ გარემოშიც კი ძაღლების დაბრუნება სააგენტომ საზოგადოების მძაფრი რეაქციის შემდეგ გადაწყვიტა. ფარცვანიას ამ ვარაუდს უმყარებს ის ფაქტიც, რომ ადგილზე მისულებს დახვდათ პროსახელისუფლებო მედიების ჟურნალისტები, რომლებსაც უნდა გადაეღოთ და შემდეგ აეგოთ პროპაგანდა, როგორ აბრუნებენ ძაღლებს ბუნებაში.
სალომე ფარცვანიას ინფორმაციით, სააგენტოს მიერ უკაცრიელ ადგილას გაშვებული ძაღლები მოხალისეებმა კვლავ ქალაქში დააბრუნეს.
“ჩვენ, მოხალისეები, ჩვენი ტრანსპორტით მივედით და შევეცადეთ, რომ ყველა ძაღლი გადმოგვეტვირთა ჩვენს მანქანებში და დაგვებრუნებინა იქ, სადაც არის მათი მიკედლების ადგილები. ასე დავაბრუნეთ დღეს ძაღლების ნაწილი.
ეს მოხდა იმ აჟიოტაჟის გათვალისწინებით, რომელიც მოჰყვა მათი დაჭერის და გადაყვანის ვიდეოს. რადგან ადგილზე დაგვახვედრეს პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები, ვფიქრობ გათვლა აქვთ იმაზე, რომ მოსახლეობა დააჯერონ, თითქოს ეს აჟიოტაჟი ტყუილად ავტეხეთ მოხალისეებმა.
თუმცა ამ დროისთვისაც კი ძაღლების ნაწილი თავშესაფარში რჩება. წაყვანილი 65 ძაღლიდან ნახევარზე ნაკლები ჩამოიყვანეს. ჩვენ არ გავჩერდებით. ვიხმაურებთ მანამ, სანამ დანარჩენი ძაღლებიც არ დაბრუნდებიან ქალაქში. ამის გარდა, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შეიცვალოს არსებული პრაქტიკა, ეს პროგრამა განხორციელდეს იმ რეგულაციების და იმ წესების გათვალისწინებით, რაც არსებობს, ანუ რაც არის სამყაროში მიღებული ჰუმანური წესი”, – ამბობს სალომე ფარცვანია.
უპატრონო და მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა, რომლის შესახებაც ფარცვანია საუბრობს, გასულ წელს დამტკიცდა. მისი მიზანი ცოფის პრევენციაა. საპილოტე პროგრამა გურჯაანში, ქუთაისსა და ბათუმში ნახევარ წელს გაგრძელდა და 2025 წლის ბოლოს დასრულდა. გათვალისწინებული იყო 9000 ცხოველის (ძაღლისა და კატის) სტერილიზაცია/კასტრაციასა და ვაქცინაცია.
ცხოველთა დამცველებმა ჯერ კიდევ საპილოტე პროგრამის განხორციელების პარალელურად დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, რომ წაყვანილ ცხოველებს სააგენტო მიკედლების ადგილებში არ აბრუნებდა. გარდა ამისა, მათი ინფორმაციით, სააგენტოს მიჰყავდა საჭდით მონიშნული, ანუ უკვე სტერილიზებული ცხოველებიც, რაც მათთვის გაუგებარი იყო. გარდა ამისა, აქტივისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ უამრავი ცხოველი დიდ ტერიტორიაზე გადაჰყავდათ ერთად, მცირე ზომის გალიებით, რაც “ეწინააღმდეგება ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანურ მიდგომას”.
საპილოტე პროგრამის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2026 წლის 25 თებერვალს, გამოიცა ახალი განკარგულება, რომლითაც პროგრამის მოქმედების არეალი გაიზარდა და მოიცვა მთელი საქართველო თბილისისა და აჭარის გარდა. ახალი განკარგულებით, პროგრამას დაემატა პუნქტი, რომლითაც “აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება”.
აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ეს ჩანაწერი არ არის მორგებული ცხოველების ინტერესებზე, რადგან თითქმის გამორიცხავს ძაღლის დაბრუნების შესაძლებლობას ქალაქში, მის საცხოვრებელ სივრცეში. მათი განცხადებით, თუ ცხოველი მიკედლებულ ადგილას არ დაბრუნდა, მისი გადარჩენის შანსი მცირდება. გარდა ამისა, მათთვის ბუნდოვანია, ჩამოთვლილი დაწესებულებებიდან რა მანძილზე არ შეიძლება მიუსაფარი ცხოველის გაშვება ან წარსულში მიკედლებულის დაბრუნება. გარდა ამისა, მათი შეფასებით, ჩანაწერი უბრალოდ ლოგიკასაა მოკლებული, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიკედლებულ ძაღლს კონკრეტულ დაწესებულებასთან, მაგალითად, სპორტულ მოედანთან არ დააბრუნებენ, ეს არ ნიშნავს, რომ მის ადგილს სხვა ძაღლი არ დაიკავებს.
ცხოველების მოყვარულები შიშობენ, რომ ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო მეტ ცხოველს დატოვებს ყურადღების მიღმა, რაც გაზრდის როგორც მისი სიცოცხლისთვის, ასევე მისგან მომდინარე რისკებს.
ნეტგაზეთი ესაუბრა “პროექტი ცხოველებისთვის” დამფუძნებელს, მარიამ ცერცვაძეს. ის ამბობს, რომ აქტივისტები პროგრამას არ ეწინააღმდეგებიან – პირიქით, წლებია ითხოვენ მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვას საერთაშორისო სტანდარტებისა დაცვითა და ჰუმანური მიდგომებით. თუმცა მათთვის მიუღებელია ის მიდგომა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო იყენებს.
მარიამ ცერცვაძე ამბობს, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, მსგავსი პროგრამა გრძელვადიან პერიოდზე უნდა იყოს გათვლილი და აქტივობები ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელდეს. მისი შეფასებით, სააგენტოს მიზანი მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირებაა მაქსიმალურად მოკლე დროში, რაც რეალურად პრობლემას ვერ აღმოფხვრის.
“წლებია ცხოველთა უფლებადამცველები, მოხალისეები ვითხოვთ, რომ განხორციელდეს მასობრივი სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა ქვეყანაში, საერთაშორისო სტანდარტებით. ეს პირველ რიგში გულისხმობს ამ ცხოველების სპეციალური ფორმულებით დათვლას, შემდეგკი ცხოველების, ძუების 70%-ის სტერილიზებას.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბსოლუტურად არასწორად დაიწყო ამ პროგრამის აღსრულება. ჯერ უნდა შეექმნათ მონაცემთა ბაზები, გადაემზადებინათ თანამშრომლები, შეექმნათ ცენტრები და ა.შ. ამათ პირდაპირ ძაღლების წაყვანა დაიწყეს. არ ხდება ამ ძაღლების ან აღრიცხვა, ან ფოტოგადაღება, ან მიმკედლებლის შეტყობინება.
გარდა ამისა, აბსოლუტურად არაჰუმანურია ჩანაწერი, რომ ძაღლი არ ბრუნდება პირვანდელ არეალში, თუკი ეს არეალი გულისხმობს სპორტულ მოედანს, სკოლას, საავადმყოფოს და ა.შ. იმდენი რამეა ჩამოთვლილი, რომ აბსოლუტურად გამორიცხავს ძაღლის დაბრუნებას ურბანულ გარემოში. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი გულისხმობს დაჭერას, წაყვანას, ვაქცინაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას და აუცილებლად უკან, თავის პირვანდელ გარემოში დაბრუნებას. თუ ასე არ ხორციელდება, ნიშნავს, რომ პროგრამა არის არაჰუმანური და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს”, – ამბობს მარიამ ცერცვაძე.
მარიამს ვკითხეთ გავრცელებულ ვარაუდზე, რომ შესაძლოა ცხოველებს ევთანაზიას და/ან კრემაციას უკეთებენ. ეს ვარაუდი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ძაღლების თავშესაფრის დამფუძნებელმა, თამაზ ელიზბარაშვილმა გაავრცელა ვიდეო გორის თავშესაფრიდან. ვიდეოში ჩანს, რომ თავშესაფრიდან კვამლი ამოდის. ელიზბარაშვილის ინფორმაციით, პირველი აპრილის ღამეს თავშესაფარში კრემატორიუმი ჩართეს.
მარიამ ცერცვაძის თქმით, იმ პირობებში, როცა სურსათის სააგენტო პროგრამას გაუმჭვირვალედ ახორციელებს, ყველა ეჭვი ლოგიკური და დასაშვებია.
“სააგენტო მუშაობს გაუმჭვირვალედ. არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან. შეხვედრებზე ვიყავით და პირად საუბრებში თქვეს, რომ გაუშვებენ რაღაც ხრიოკ ადგილებში – ზუსტად ეს სიტყვა გამოიყენეს. ეს ცხოველებს ნელ და მტანჯველ სიკვდილს ჰპირდება. ასევე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასობრივ ევთანაზიას აპირებენ. იმდენად გაუმჭვირვალეა პროცესი, რომ უკვე ვერაფერს ვეღარ გამოვრიცხავთ.
რაღაცა რიცხვები აქვთ დათვლილი, რომ აი, ეს რაოდენობა უნდა გავასტერილიზოთ – რაზე დაფუძნებით არის ეს რიცხვები დათვლილი? საყურიანები რატომ მიჰყავთ? ადგილზე ვაქცინაცია რატომ არ ხდება? ზუგდიდიდან ქუთაისში რატომ მიჰყავთ ცხოველები? ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს. ამდენი რესურსი იხარჯება და შედეგი არის ის, რომ წვალობს ცხოველი და ნერვიულობს ადამიანი.
ამიტომ, ეს ეჭვები არის აბსოლუტურად საფუძვლიანი. ყოველდღიურად იტაცებენ და აქრობენ ცხოველებს. სად მიჰყავთ ეს ცხოველები? სად ხრიოკში უშვებენ, მაგასაც არ გვეუბნებიან, არ გვეთანამშრომლებიან და ადამიანები უკვე თვეებია თავიანთ დაკარგულ ცხოველებს სოფელ-სოფელ ეძებენ. საუბარია მიკედლებულ ცხოველებზე, რომელთა შესახებაც ჩვენ ვიგებთ, თორემ ტრასებზე რა ხდება, მართლა არ ვიცი”, – ამბობს მარიამ ცერცვაძე.
რას ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტო?
სურსათის ეროვნულ სააგენტოში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ძაღლები “დასაძინებლად” მიჰყავთ. მათი თქმით, ცხოველების გადაყვანა ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია, კასტრაცია/სტერილიზაცია და საჭიროების შემთხვევაში, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყურზე დამაგრებული საჭდე ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ძაღლი აცრილია. მათი თქმით, გამოვლინდა შემთხვევები, “როცა სახელმწიფო პროგრამის დაწყებამდე საჭდიან ძაღლებს შესაბამისი მანიპულაციები ჩატარებული არ აქვთ”. მათი განმარტებით, ამიტომ მიჰყავთ რიგ შემთხვევებში საჭდეს მქონე ძაღლებიც.
დღეს, პირველ აპრილს, სააგენტოს ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ პრესკონფერენციაც გამართა. მან საუბარი დაიწყო იმის აღნიშვნით, რომ საჭიროა “კომუნიკაციის გაზრდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან”.

ჩალიგავას ინფორმაციით, პროგრამის განხორციელება დაიწყო “სატესტო გასვლებით” სამ რეგიონში – კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში. ჩალიგავას თქმით, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, სააგენტომ გამოავლინა საჭიროებები, რომლებსაც სამომავლოდ გაითვალისწინებენ.
მაგალითად, მან თქვა, რომ თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება სააგენტოს სოციალურ ქსელებში. ჩალიგავას თქმით, ცხოველის კასტრაცია/სტერილიზაცია ჩატარდება “პასუხისმგებელ პირთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების საფუძველზე”. ეს ნიშნავს, რომ მიმკედლებელს ექნება დეტალური ინფორმაცია ცხოველის ადგილსამყოფლისა და მისი მდგომარეობის შესახებ.
თენგიზ ჩალიგავას თქმით, ზუგდიდის შემთხვევა იყო გაუგებრობა, რომელიც არასაკმარისმა კომუნიკაციამ გამოიწვია. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის თავშესაფარში გადაიყვანეს არა 65 ძაღლი, როგორც ამას აქტივისტები ამბობენ, არამედ 57. უწყების ცნობით, 28 ძაღლი “გარემოში დააბრუნეს”, დანარჩენ 29-ს კი, “საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს”.
რაც შეეხება ცხოველების ვაქცინაციას, ჩალიგავას თქმით, ეს იქნება ნებაყოფლობითი.
“პირდაპირი კომუნიკაციით პასუხისმგებელ პირთან, რომელიც დაადასტურებს, რომ ცხოველი უკვე არის ვაქცინირებული და არ საჭიროებს ვაქცინაციას, არ ავცრით. მოგეხსენებათ, ბირკა არ არის გარანტია იმისა, რომ ცხოველი არის ვაქცინირებული – შეიძლება იმუნიზაციის პერიოდი გასული იყოს. თუ [პასუხისმგებელი პირი] გვეტყვის, რომ სჭირდება ვაქცინაცია, ჩავუტარებთ ვაქცინაციას”, – განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.
ამავე თემაზე:
