იმერეთში, ქუთაისიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები 12 მარტის ღამეს დაიწყო.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ღამე უცნაური “გუგუნის ხმა” გაიგეს, ერთმანეთს შეატყობინეს და დაიწყო ევაკუაცია ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობით.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის დანგრეულია 5 სახლი. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ დაბზარული და დაზიანებული ბევრად მეტია. ამ დროისთვის 45 ოჯახი გადანაწილებულია სასტუმროებში გელათსა და ქუთაისში.

“რა იქნება შემდეგ?” – ეს არის კითხვა, რომელიც ღამე, სახელდახელოდ ჩალაგებულ ჩანთებით სახლებიდან გამოქცეულ ოჯახებს აქვთ, მაგრამ პასუხები – ჯერ არა.

ისინი ჰყვებიან, რომ 12 მარტის ღამემდე წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდნენ.

ნეტგაზეთი ესაუბრა ადგილობრივებს, რომლებიც სტიქიის ღამეს განვითარებულ მოვლენებსა და ამჟამინდელ მდგომარეობაზე გვიყვებიან.

სოფელი კურსები სტიქიიდან მე-2 დღეს (კადრი ვიდეოდან)

“სოფლის ზემოთ, დაუსახლებელი ტერიტორიიდან დაიწყო და მერე ჩამოჰყვა ამ სახლებს. საბედნიეროდ, ეს მეწყერი წამოვიდა ნელა-ნელა და მოხდა ისე, რომ ვინც პირველმა გაიგო, იმან მეზობელს გადასძახა, იმ მეზობელმა სხვას, იმან იმას და ასე, ერთმანეთზე გადაძახებით გადარჩა ხალხი, ფაქტობრივად.

სახლების ნაწილი ეგრევე განადგურდა. ნაწილი კი დგას, მაგრამ მე ვუყურებდი მდინარის მეორე მხრიდან, ვაკვირდებოდი, ის დაბზარული სახლები ნელ-ნელა როგორ იშლება. საშინელი ხმები ისმის. ჯოჯოხეთია მართლა. ჩემი სახლი ჯერჯერობით დგას, მაგრამ უკნიდან მოაწვა მიწა და წარმოდგენა არ მაქვს, რამდენ ხანს გაძლებს. დრონით რომ ვუყურებ, ჩემს ეზოში მეზობლების სახლების სახურავებს ვხედავ. ნაწილს საერთოდ ვერ ვარჩევ – სადღაც ზემოდან არის მოტანილი ეს სახურავები. საკმაოდ რთული მდგომარეობა არის.

ჩემი მეზობლები შემაღლებულ გორაკზე ცხოვრობდნენ. როგორც კი გაიქცნენ, ეგრევე ჩამოიშალა მათი სახლი. მაგ სახლის სახურავი გდია ახლა ჩემს ეზოში”, – გვიყვება მარიამ ბეროძე.

სტიქია რომ დაიწყო, მარიამი თბილისში იყო. გამთენიისას დედამ დაურეკა და უთხრა, რომ სოფელში მეწყერი ჩამოწვა და მოსახლეობის ნაწილმა ღამე სკოლის ეზოში გაათენა, რომელიც მდინარის მეორე მხარეს, შედარებით შემაღლებულ ადგილზეა. დედამ უთხრა, რომ დაწყებულია ევაკუაცია. მარიამი დილითვე ჩავიდა ტყიბულში. გვიყვება, რომ მდინარის მეორე მხრიდან უყურებდა მის სახლთან და სამეზობლოში განვითარებულ მეწყრულ პროცესებს.

“თავიდან იყო პანიკა. ვერავინ ხვდებოდა, რა ხდებოდა. სახლები დაინგრა. სამაშველო ჯგუფებმა ხალხი რომ გამოიყვანეს, ყველას ჰქონდა შეგრძნება, რომ პატარა მონაკვეთზე იყო [მეწყერი] – რამდენიმე სახლი და მორჩა. მაგრამ, საუბედუროდ, ძალიან დიდ ტერიტორიაზე აღმოჩნდა ეგ პროცესი. ჩათვალეთ, რომ სამი გვარი იქ აღარ ცხოვრობს. იმიტომ, რომ უკან დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჯერ ერთი, არ გვიშვებენ და მერე, მეორე – პროცესი არ შეჩერებულა. მოდის და მოდის ეს მიწა დაბლა და არავინ არ იცის, რა იქნება”, – ამბობს მარიამი.

ღამე, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მოუწია სახლის დატოვება სალომე გოგალაძეს. ახლა ის ოჯახთან ერთად ქუთაისში, ერთ-ერთ სასტუმროში ელოდება მოვლენების განვითარებას და პასუხს კითხვაზე – “რა გვეშველება მომავალში?!”

მეწყერს სალომეს სახლამდე ჯერ არ მიუღწევია. ამიტომ იმედი აქვს, რომ დაბრუნებას შეძლებს. თუმცა, აშინებს ის, რომ მეწყრული პროცესი ჯერ კიდევ არ შეჩერებულა და შესაძლოა, მიწის მასამ მის სახლამდეც მიაღწიოს.

“ჩემი სახლის თავზე ხდება ეს ყველაფერი, არც ისე შორს. მიწა ისევ მოძრაობსო, მაგრამ ისე მიდის, რომ ჩემს სახლს გვერდს უვლის ჯერჯერობით. სახლის უკანა მხარეს არის ეკლესია და სასაფლაოები, რომლებიც ძალიან დაზიანებულია. ამიტომ, დარწმუნებულები ვერ ვიქნებით, რომ სახლი გადარჩება. არ ვიცით, რა მოხდება დღის განმავლობაში და მომდევნო დღეებში.

როგორც ვიცი, ღამის 3 საათის მერე დაიწყო ევაკუაცია ეპიცენტრში. ეტაპობრივად გააგებინეს დანარჩენ უბნებსაც. ჩვენ გამგებელმა დაგვირეკა. შუა ღამის 5 საათი იქნებოდა, დაახლოებით. იმ წამსვე გამოვიყვანეთ ბავშვები. მოგვიანებით მოგვცეს უფლება, ცოტა ხნით შევსულიყავი და ნივთები წამომეღო. რაც ხელში მომხვდა, თითო წყვილი უცბად ჩავალაგე და გამოვიქეცით”, – გვიყვება სალომე.

12 მარტის ღამემდე არც სალომეს და არც მარიამს არ სმენია, რომ სოფელში მეწყრის საშიშროება იყო. ამბობენ, რომ ყველა ოჯახისთვის მოულოდნელი იყო ის, რაც მოხდა.

”მე გურიიდან ვარ. შარშანწინ წყალდიდობა იყო ჩვენს რეგიონში, შარშან დიდთოვლობა, რომელმაც ჩემი ძმის სახლი დაანგრია. წელს მე აქ მომაგნო. 14 წელია აქ ვცხოვრობ. ვცხოვრობდი. არასდროს გამიგონია ასეთი საშიშროების შესახებ“, – ამბობს სალომე გოგალაძე.

მარიამს ესმის, რომ რადგან სტიქიას მომზადებული ვერ შეხვდნენ, მოკლე დროში ვერც კონკრეტულ გადაწყვეტილებების მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობა. თუმცა ამბობს, რომ ხალხის დასამშვიდებლად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და შესაძლებლობის ფარგლებში, კითხვებზე პასუხის გაცემა.

“ძალიან მალე დააორგანიზეს, რომ სასტუმროებში გადაენაწილებინათ ეს ხალხი და ამის მადლობელი ვარ. უბრალოდ, მეორე ნაწილი არის ის, რომ ჯერჯერობით არავინ არ გვეუბნება, რა მოხდა, ან რა გველოდება. რა თქმა უნდა, ეს პროცესია, მაგრამ იქნებ რაღაცნაირად დაგვამშვიდონ. გვითხრან, ვთქვათ, სასტუმროში რამდენ ხანს ვიქნებით, ანაზღაურება იქნება თუ არ იქნება და ა.შ. აქ ხალხს არც ტანსაცმელი აქვს, არც არაფერი. გაიღვიძეს და გამოიქცნენ – აი, ეგ მოხდა. იქ დაბრუნებაც არის წარმოუდგენელი. აღარ არსებობს, ფაქტობრივად, ჩვენი უბანი. სოფლის ძალიან დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ჩამოიშალა.

გვეუბნებიან, რომ იკვლევენ.  ჯერჯერობით პასუხები არ გვაქვს. თვითონაც, სავარაუდოდ, არ იციან. გვეუბნებიან, როგორც კი რამეს გავიგებთ, გაგაგებინებთო. ისე მოულოდნელი იყო იმიტომ, რომ მეწყერსაშიში ზონა თუ იყო, ეგეც არ ვიცოდით”, – ამბობს მარიამ ბეროძე.

მარიამი ახლა დედასთან ერთად გელათში, ერთ-ერთ სასტუმროშია. ამავე სასტუმროში არიან სხვა ოჯახები. მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები.

ტყიბულის მერიის ინფორმაციით, მეწყერმა დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაწილიც, რის გამოც ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მოქმედებს ცხელი ხაზიც (599273250; 574228102).

უწყების ცნობით, მეწყრულ ზონაში მოექცა 58 ჰექტარი ტერიტორია, სადაც ამჟამად გეოლოგები მუშაობენ.

ამავე თემაზე: