საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან საქართველოში უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ 4 მარტს უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო, რაც სამოქალაქო საზოგადოების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სულ უფრო რეპრესიული მიდგომის დასტურია.

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 2026 წლის 6 მარტის განცხადებას. ახალი ცვლილებები უპრეცედენტო დონემდე აფართოებს სახელმწიფო კონტროლს საქართველოში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე და ხელყოფს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ისინი ასუსტებენ კანონის უზენაესობას და დამატებით ზეწოლას ახდენენ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, კერძოდ დამოუკიდებელ მედიაზე, ადამიანის უფლებათა დამცველებზე, ექსპერტებსა და მომსახურების მიმწოდებლებზე.

ამ ახალი რეგულაციებით, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლიდან განხორციელებულმა კურსმა მიიყვანა მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივ შეჩერებამდე, როგორც ეს განმარტებულია ევროპული საბჭოს 2024 წლის დასკვნებით და დადასტურებულია ევროკომისიის მიერ 2025 წლის გაფართოების ანგარიშში.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც შეუპოვრად მუშაობენ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის სასარგებლოდ. ასევე, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია მინისტრების განცხადებაში.


4 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელსაც სამოქალაქო სექტორი და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები რეპრესიულად აფასებენ. ცვლილებები შევიდა „გრანტების შესახებ“ კანონში.

„ხელისუფლების სისტემური არაღიარების“ კრიმინალიზაცია

ამ ცვლილებით, სისხლის სამართლის დანაშაული ხდება ისეთი ქმედება ან რიტორიკა, რომელიც შეფასდება როგორც „სახელმწიფო ინსტიტუტების სისტემური არაღიარება” ან “არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრება”. კრიტიკოსების აზრით, ეს ჩანაწერი იმდენად ბუნდოვანია, რომ ნებისმიერი მწვავე ოპოზიციური აზრი ან ხელისუფლების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება შეიძლება სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს.

„გრანტის“ დეფინიციის გაფართოება

კანონმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ტერმინ „გრანტის“ მნიშვნელობა. ახლა გრანტად ითვლება ნებისმიერი ფინანსური თუ მატერიალური რესურსი, რომელიც უცხოეთიდან შემოდის და პირი, რომელიც ფინანსდება, საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს.  ასეთი დაფინანსების მიღება მხოლოდ მთავრობის წინასწარი თანხმობით ხდება შესაძლებელი. წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას 6 წლამდე, ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში — 12 წლამდე.

აკრძალვა პოლიტიკურ საქმიანობაზე

კანონში გაჩნდა პუნქტი, რომელიც იმ ორგანიზაციების თანამშრომლებს, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოურია, 8 წლის განმავლობაში უკრძალავს პოლიტიკური პარტიის წევრობას. ეს პირდაპირ ზღუდავს სამოქალაქო სექტორში მომუშავე პირების პოლიტიკურ უფლებებს.