ევროკავშირის ლიდერები მომავალ გაფართოებაზე საუბრისას დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვას ასახელებენ — საქართველო სურათიდან ამოვარდნილია.

ტენდენცია, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის კვალდაკვალ ფიქსირდება, კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა ევროკავშირის ელჩების კონფერენციაზე, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირებმა გაფართოების ამოცანის შესახებ ისაუბრეს, თუმცა საქართველო არ უხსენებიათ.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ შემდეგი გაფართოებისთვის. ევროკავშირი არის შერიგებისა და მშვიდობის პროექტი. ეს ღირებულებები მჭიდროდ არის დაკავშირებული გაფართოებასთან, რაც მას ჩვენი მომავლისთვის საუკეთესო გეოსტრატეგიულ ინვესტიციად აქცევს. უკრაინის განაცხადმა წევრობაზე ახალი დინამიკა, ახალი იმპულსი შესძინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ეს იმპულსი არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით, არამედ ვრცელდება მოლდოვაზე და დასავლეთ ბალკანეთის ექვსივე ჩვენს პარტნიორზეც. მათი მომავალი ევროკავშირშია, სადაც გაწევრიანება ეყრდნობა დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც ყველასთვის უმაღლეს სტანდარტებს უზრუნველყოფს“, — განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.

კონფერენციაზე გამოსვლისას კოშტამ, ისევე როგორც სხვა ლიდერებმა, ხაზის გაუსვეს, დამსახურებაზე დაფუძნებული გაწევრიანების პრინციპის პარალელურად, გაფართოების პროცესის დაჩქარების საჭიროებას.

„ბევრი ვიმსჯელეთ იმის შესახებ, თუ როგორ განვახორციელოთ დროულად ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოვემზადოთ – უკვე ახლავე დავაახლოვეთ დასავლეთ ბალკანეთი, მოლდოვა და უკრაინა ჩვენს კავშირთან. გაფართოება იდეოლოგიური საკითხი არ არის – ეს ევროპის საერთო ინტერესისა და უსაფრთხოების საკითხია. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად, როგორც კი ამის დრო დადგება“, — განაცხადა, თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მომავალი გაფართოების კონტექსტში მას საქართველო არ უხსენებია, თუმცა ისაუბრა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე.

„ერთი შეხედვით, მისი მიზანი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის სახმელეთო გზის დასაფარად საჭირო დროის 30-დან 15 დღემდე შემცირებაა. თუმცა საქმე მხოლოდ ეს არ არის. ეს დერეფანი ერთმანეთთან და ევროპასთან დააკავშირებს სამხრეთ კავკასიაში მყოფ ყოფილ მტერ ქვეყნებსაც. და ზუსტად ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნახშირმა და ფოლადმა ევროპა გააერთიანა, ამ ახალ დერეფანსაც შეუძლია ვაჭრობა და თანამშრომლობა ნორმად აქციოს ამ პრობლემურ რეგიონში და იქცეს გზად არა მხოლოდ ევროპისკენ, არამედ მშვიდობისკენ. ჩემი სათქმელი მარტივია: ამ რეგიონში, ისევე როგორც აფრიკაში ან ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი ინვესტიციები იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ბერკეტები და მოქმედების უნარი“, — განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მომავალი გაფართოების შესახებ ისაუბრა ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც:

„არ მგონია, მესაუბროს სახელმწიფოს ან მთავრობის თუნდაც ერთ მეთაურთან, ან ელჩთან, რომელიც არ ეთანხმება კრიტერიუმებსა და დამსახურებაზე დაფუძნებულ გაფართოებას, როგორც გეოპოლიტიკურ აუცილებლობას. და მაინც, დასავლეთ ბალკანეთი, უკრაინა, მოლდოვა წლების განმავლობაში იმედის თვალით შეჰყურებენ ევროპას. ზოგიერთმა მათგანმა მნიშვნელოვან ეტაპებს მიაღწია და ჩვენგან ელის, რომ მათ რეფორმებს სათანადო პასუხს დავახვედრებთ. ეს ადრეც მითქვამს, მაგრამ გამეორებად ღირს: რაც უფრო მეტად გავაჭიანურებთ პროცესს, მით უფრო მეტ სივრცეს ვუტოვებთ სხვებს ამ სიცარიელის შესავსებად“, — განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, ერთ დროს მოწინავე საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა და ქვეყანა ახლა უფრო შორსაა ევროკავშირისგან, ვიდრე 2023 წელს, სტატუსის მიღებამდე იყო.