საზოგადოება

“ერთ კვირას გაძლევთ…” – დაღუპული ახალგაზრდის დედის მიმართვა შსს-ს

3 მარტი, 2026 •
“ერთ კვირას გაძლევთ…” – დაღუპული ახალგაზრდის დედის მიმართვა შსს-ს

2024 წელს დაღუპული თემო ხადურის დედა, ნინო გვიშიანი მიმართვას ავრცელებს. ის ითხოვს დაისაჯონ ადამიანები, ვისაც მისი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებს.

ოჯახი ფიქრობს, რომ 23 წლის ახალგაზრდა პოლიციელებმა მოკლეს, ან შემოაკვდათ.

“ვინ გჯობნით, ქვეყნის მთავარო პროკურორო, რომ არ გაჭერინებთ ჩემი შვილის მკვლელებს? ვინ გაჯობათ? მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს – როგორც ჩემი შვილის ცხედარი დამიგდეთ და სამი დღე მაძებნინეთ, ისე ნახავთ ჩემს სხეულს დაგდებულს პოლიციასთან. ერთ კვირას გაძლევთ დროს, რომ დაიჭიროთ ჩემი შვილის მკვლელები. წელიწად-ნახევარია სამართალს დავეძებ გამწარებული დედა, თემო ხადურის დედა, და ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე. ჯერ კიდევ დაუსჯელი დადიან ჩემი შვილის მკვლელები. საქმე გამოძიებულია. რას ელოდებით?”, – ამბობს ნინო გვიშიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

ახალგაზრდა თემო ხადურის ცხედარი 2024 წლის 28 აგვისტოს მდინარე წაჩხურის კალაპოტში იპოვეს. მანამდე ის დაკარგულად ითვლებოდა და ოჯახი ეძებდა.

ხადურის საქმეზე გასულ წელს რეპორტაჟი მოამზადა TV პირველმა. “ნოდარ მელაძის შაბათის” მიხედვით, თემო ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს თბილისიდან ქუთაისისკენ წავიდა. სამარშრუტო ტაქსიდან თერჯოლაში, სოფელ სიმონეთთან ჩამოვიდა და გზა ფეხით გააგრძელა. სწორედ სიმონეთიდან დარეკა ოჯახში და უთხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. ამის შემდეგ იკარგება მისი კვალი იქამდე, სანამ სამი დღის შემდეგ ადგილობრივები მის ცხედარს მდინარის კალაპოტში არ იპოვიან.

“მელაძის შაბათს” ოჯახის ადვოკატმა გააცნო სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხადურის ცხედარს აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები სახის არეში, რომლებიც სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე ბლაგვი საგნითაა მიყენებული. ნინო გვიშიანის ინფორმაციით, მისი შვილის ცხედარს დაზიანებები აღენიშნებოდა კეფის არეშიც.

ისინი ამ დაზიანებებს იმ ინციდენტს უკავშირებენ, რომელიც თემოს, როგორც ჩანს, გარდაცვალებამდე შეემთხვა პოლიციასთან.

ოჯახის ინფორმაციით, საქმის მასალებში წერია, რომ თემო ხადურმა დააზიანა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის, ლაშა ლაბუჩიძის მანქანა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა. პოლიციის ვერსიით, მათ ახალგაზრდა ვერ იპოვეს და თავი დაანებეს, ოჯახი კი ფიქრობს, რომ ის იპოვეს, სცემეს, შემოაკვდათ, შემდეგ კი ცხედარი მდინარეში გადააგდეს. ოჯახის თანახმად, ხადურის წინააღმდეგ პოლიციელები აწარმოებდნენ ადევნების ოპერაციას და ისროლეს ჰაერშიც.

თემო ხადური 23 წლისა იყო. ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და თეატრალური დასის “ლიბერტას” წევრი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი