ჟურნალისტების დაცვის პლატფორმა 2025 წლისთვის მედიის თავისუფლების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. პლატფორმა შექმნილია ევროპის საბჭოსა და 15 ორგანიზაციისგან შემდგარ კოალიციას შორის თანამშრომლობის საფუძველზე. ანგარიშიც სწორედ ამ პარტნიორი ორგანიზაციების მიერ არის შექმნილი, რომლებიც ჟურნალისტებისა და მედიის თავისუფლებისთვის მუშაობენ.
ანგარიშში გაანალიზებულია მთავარი სამართლებრივი, პოლიტიკური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რამაც მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე გავლენა მოახდინა ევროპაში. ცალკე თავები ეთმობა რამდენიმე ქვეყანას: საქართველოს, აზერბაიჯანს, ბულგარეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, სერბეთსა და თურქეთს. საქართველოსთვის დათმობილ თავში კი განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში საგანგაშო ტემპით გაუარესდა მდგომარეობა 2025 წელს, რომელიც გამოირჩეოდა ჟურნალისტებზე მათი პროფესიული ნიშნით ფიზიკური თავდასხმების სიმრავლით. ჟურნალისტები იქცნენ პოლიციის, პოლიტიკური აქტორების სამიზნეებად. ონლაინ სივრცეში შევიწროების ობიექტებად განსაკუთრებით მოექცნენ ქალი ჟურნალისტები. რეპრესიების საფუძველი გახდა მთავრობის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივი პროტესტის გაშუქება.
ავტორები წერენ, რომ „აგენტების შესახებ კანონი“, რომელიც რუსეთმა შექმნა 2012 წელს, უკვე მიიღეს ან მისაღებად ემზადებიან საქართველოში, უნგრეთში, სერბეთში, სლოვაკეთსა და თურქეთში. საქართველო მათ შორისაც გამორჩეულია, რომელმაც „უცხოეთის აგენტის“ იარლიყის მიკერება მოინდომა საზღვარგარეთიდან დაფინანსებული მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფებისთვის, არდამორჩილება კი დასჯადი გახადა. „ქართული ოცნება“ არც ამაზე შეჩერებულა და დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა მედიის თავისუფლებაზე თავდასასხმელად: ე.წ. ფარა, ცვლილებები მაუწყებლის შესახებ კანონში, გრანტების შესახებ კანონში, რამაც დამოუკიდებელი ქართული მედია ყოფნა-არყოფნის ზღვრამდე მიიყვანა.
„მიუხედავად უპრეცედენტო თავდასხმებისა მედიაზე საქართველოში, დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა აჩვენეს განსაცვიფრებელი გამძლეობა და კვლავაც აგრძელებენ მუშაობას და რეპორტაჟების კეთებას. თუმცა ეფექტური კონტროლისა და ბალანსის, სამართლებრივი დაცვისა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების არარსებობის პირობებში, ჟურნალისტიკის არსებობას და მდგრადობას ქვეყანაში საფრთხე ექმნება საერთაშორისო მხარდაჭერისა და წნეხის გარეშე“, — წერია ანგარიშში.
რა წერია ანგარიშში მზია ამაღლობელის შესახებ, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას და ცალკე სექციას უთმობს ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელს, ევროპარლამენტის მიერ სახაროვის პრემიით დაჯილდოებულ ჟურნალისტს, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ტყვეობაში მყოფი პირველი ქალი ჟურნალისტია:
„2025 წლის 6 აგვისტოს, მკვეთრად პოლიტიზებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მზია ამაღლობელს, ორი ყველაზე გავლენიანი დამოუკიდებელი გამოცემის, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მისი საქმე საქართველოში მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. მზია ამაღლობელის საქმემ დიდი საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიის წინააღმდეგ მიმართული მზარდი თავდასხმების ფონზე.
ჟურნალისტი 2025 წლის იანვრის დასაწყისში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, რაც ბათუმის პოლიციის უფროსთან მის მცირე შელაპარაკებას მოაყოლეს ქალაქში მიმდინარე დემოკრატიული საპროტესტო აქციის დარბევისას. წარდგენილი ბრალის წარმოუდგენლად უხეშმა არაპროპორციულობამ, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, ნათელი გახადა, რომ ვეტერანი ჟურნალისტი აქციეს სამიზნედ და ის ისჯებოდა ათწლეულების მანძილზე გაწეული შრომისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისადმი ერთგულებისთვის.
მზია ამაღლობელმა საკვანძო როლი ითამაშა საქართველოში დამოუკიდებელი მედიასივრცის განვითარებაში და ქვეყანაში ჟურნალისტური სტანდარტების ფორმირებაში. ბათუმელები და ნეტგაზეთი, რომელთა თანადამფუძნებელია მზია ამაღლობელი, საქართველოს ყველაზე პოპულარულ და პატივსაცემ, მრავალი ჯილდოს მფლობელ ონლაინ-გამოცემებს შორის არიან, რომლებიც აშუქებდნენ კორუფციასთან, ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობასთან, ადამიანის უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებულ ამბებს. მთელი თავისი კარიერის მანძილზე ამაღლობელი ავლენდა სამაგალითო სიმამაცეს, ურყევ ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების, მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვისადმი.
მის მიმართ მოპყრობისა და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმისადმი პროტესტის ნიშნად მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო.
„ეს პროცესები ბოლო ერთი წელია, რაც ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს, როგორც დიქტატურა. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა და ის საფრთხეშია. იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“, — წერდა ის ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც ბათუმელებმა და ნეტგაზეთმა გამოაქვეყნეს.
მზია ამაღლობელმა შიმშილობა თებერვლის შუა რიცხვებში დაასრულა, 38 დღის შემდეგ, რაც ექიმებმა განაცხადეს, რომ მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ელოდა. პატიმრობაში ყოფნისას უკიდურესად გაუარესდა მისი ჯანმრთელობა და მხედველობა.
დაპატიმრების შემდეგ ქართველმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ დასწამეს ცილი მზია ამაღლობელს, კიდევ უფრო გააფართოეს ზეწოლა მისი მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ. დაკავებიდან რამდენიმე საათში „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“ საბანკო ანგარიშები გაუყინეს — სწორედ იმ დროს, როცა მას სასამართლოში ჩვენების მიცემა უწევდა.
მზია ამაღლობელი აგრძელებს საკუთარი უფლებების დაცვას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სასამართლოებში და ამტკიცებს, რომ ქმედება, რომლის გამოც დააკავეს, მხოლოდ პროპორციულ ადმინისტრაციულ სასჯელს იმსახურებდა და ამისთვის თავის არიდება მას არც არასდროს უცდია. ბევრი მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. თავად კი მის მიმართ სამართლებრივი დევნა სტალინურ წმენდებს შეადარა.
დაკავებისას მზია ამაღლობელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, იყო ფიზიკური მუქარის ქვეშ და შეზღუდული ჰქონდა წვდომა ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებებზე. როგორც მან ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა, პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ, სავარაუდოდ, სახეში შეაფურთხა, უარი უთხრა წყალსა და ტუალეტით სარგებლობაზე და საათების განმავლობაში არ აძლევდა ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას.
The Guardian-ში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში მზია ამაღლობელმა განმარტა, რა არის მისი მამოძრავებელი ძალა წინააღმდეგობასა და მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
„ზოგჯერ სისუსტე მძლევს ხოლმე. თვალები ცრემლით მევსება“, — დაწერა მან, — „ვცდილობ დიდხანს არ შევყვე ამ განწყობას. მოვერიო. სიმართლე ისაა, რომ სხვა გზა არც მაქვს: ეს არალეგიტიმური მთავრობა ცდილობს, გააუქმოს ჟურნალისტიკა, პროფესია, რომელსაც ჩემი ცხოვრების 25 წელი მივუძღვენი.
ჩემი კოლეგები საბედისწერო საფრთხის წინაშე მხოლოდ იმიტომ დგანან, რომ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. ჩემთვის გაჩუმება ახლა ღალატია – მათი, საკუთარი თავის და საქართველოს ციხეებში მყოფი კიდევ 60-მდე პოლიტიკური პატიმრის.
[…] და მე გთხოვთ თქვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ნუ გაგვიშვებთ ხელს. ჩვენ ერთად შეგვიძლია დავამარცხოთ სიბნელე, რომ თავისუფლებამ გაიმარჯვოს, რადგან თავისუფლება ჭეშმარიტად სიცოცხლეზე ღირებულია.“
22 ოქტომბერს მზია ამაღლობელი, ასევე პატიმრობაში მყოფ პოლონელ-ბელარუს ჟურნალისტ, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, სახაროვის პრემიით დააჯილდოვეს, როგორც საქართველოს დემოკრატიული მედეგობის სიმბოლო მზარდ ავტორიტარიზმთან ბრძოლაში. მას ასევე მიენიჭა არაერთი სხვა მედიაჯილდო, მათ შორის, 2025 წლის „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტისა“ (IPI) და „საერთაშორისო მედიის მხარდაჭერის“ (IMS) მიერ დაწესებული „მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდო“.
პრესკონფერენცია, სადაც ანგარიშს წარადგნენ, ბრიუსელში დღეს, 3 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ნეტგაზეთი/ბათუმელების ჟურნალისტი და კომუნიკაციების მენეჯერი, ირმა დიმიტრაძე.
ანგარიშის ავტორ ორგანიზაციებს შორის არიან: ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია, ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაცია, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი.








