ახალი ამბები

ბავშვები, რომლებიც ოქტომბრამდე 6 წლის გახდებიან, სკოლაში შესვლას შეძლებენ

6 აპრილი, 2022 • 1534
ბავშვები, რომლებიც ოქტომბრამდე 6 წლის გახდებიან, სკოლაში შესვლას შეძლებენ

2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა დღეს, 6 აპრილს წარადგინა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

სამინისტროს ცნობით, ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეების მაღალი მიმართვიანობა. მშობლები ითხოვდნენ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.

“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით, თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით, არ ქმნის დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებული იქნეს მშობელთა მოთხოვნა მათი შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამ დრომდე პირველ კლასში დარეგისტრირება შეეძლოთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდებოდათ.

2022-2023 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 მარტს გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები დარეგისტრირდნენ. სამინისტროს განცხადებით, მათ ექნებათ დამატებით რეგისტრაციის საშუალება და პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა.

რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისს დაიწყება და 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე სკოლაში დარეგისტრირდებიან ბავშვები, რომელთა:

  • და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში;
  • მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.

მეოთხე ეტაპი- რეგისტრაცია 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი