საზოგადოება

გვარამია უხერხულობაზე, გეგმებზე, ბიზნესმენებზე, გაერთიანებასა და შიდა დაპირისპირებებზე

12 თებერვალი, 2026 •
გვარამია უხერხულობაზე, გეგმებზე, ბიზნესმენებზე, გაერთიანებასა და შიდა დაპირისპირებებზე

8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. საპატიმროსთან მას ოჯახის წევრები, თანაგუნდელები და მხარდამჭერები დახვდნენ. ციხიდან გამოსულმა პოლიტიკოსმა მედიასთან პირველივე კომენტარში განაცხადა, რომ თავისუფლების სიხარულთან ერთად, უხერხულობის განცდაც თან ახლავს, რადგან საპატიმროებში კვლავ რჩებიან მისი თანამებრძოლები და სხვა პატიმრები.

„შერეული ემოციები მაქვს“

გვარამიას თქმით, მისი მთავარი მოტივაცია ახლა დარჩენილი პატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლა იქნება:

„შერეული ემოციები მაქვს. რა თქმა უნდა, ყველას ნახვა მიხარია, ჩემი ცოლ-შვილის, პირველ რიგში, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ არ დაგიმალოთ… რომ ადამიანები ციხეებში რჩებიან კიდევ.

ეს უხერხულობა გარდაიქმნება ენერგიად და ბოლომდე ვიბრძოლებ მათი აქედან გამოსაყვანად. თავს ყველანი რაღაცნაირად ნაკლოვანად ვგრძნობთ [პოლიტპატიმრების გამო], მორალური თვალსაზრისით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მათი ძალა, შემართება და ენერგია გვაკლია. ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც მათ დაჭერამდე იყო, ეს გამორიცხული ამბავია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხის გარეშე გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება, თუ საერთოდ შესაძლებელია. ამიტომ ძალიან მალე ისინი უნდა გამოვიყვანოთ აქედან“.

პოლიტიკური პატიმრობის სტანდარტი და „შიში, როგორც საწვავი“

ოპოზიციონერმა ლიდერმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური პატიმრობის არსზე და აღნიშნა, რომ სამართლიანი სასამართლოს არარსებობის პირობებში, „ქართული ოცნების“ ყოფილი ჩინოვნიკებიც კი პოლიტიკურ პატიმრებად უნდა ჩაითვალონ:

„სხვათა შორის, ამაზეც მინდოდა ერთი-ორი სიტყვა მეთქვა. აქ ვინც ქოცები არიან ახლა, ან უკვე აღარ არიან ქოცები… მათი ყოფილი თანამდებობის პირები… მე ამ ხალხს პირდაპირ გეტყვით, რაც არ უნდა მოჰყვეს ახლა ამ ჩემს ნათქვამს… მე მათ განვიხილავ პოლიტიკურ პატიმრებად. იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრობა იზომება არა იმით, ადამიანმა ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება, ან ჩვენ გვგონია, რომ ჩაიდინა თუ არა… პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ ადამიანს არ ღირსებია და არც ეღირსება ამ ხელისუფლების პირობებში თავისუფალი სასამართლო. აქ მჯდომ ქოცებსაც არ ღირსებიათ თავისუფალი სასამართლო და არც ეღირსებათ“.

გვარამიას შეფასებით, ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში შიშის დანერგვა, რაც მათი მმართველობის მთავარი საყრდენია:

„რეჟიმს პოლიტპატიმარი სჭირდება კი არა, პოლიტპატიმრები – საწვავია მათთვის რეალურად. იმიტომ, რომ შიშია მათი მთავარი საწვავი. ჩვენ თუ ვპროეცირებთ ამ შიშს, გვეშინია და ასე შემდეგ – ეს არის ერთადერთი საწვავი, რომელსაც თავის დანგრეულ ავტომობილში ახლა ისინი ასხამენ. თუ ეს არ იქნება, გინდაც პოლიტპატიმრების დამატების გამო არ შეგვეშინდება, გინდა სხვა რაღაცების გამო, გინდა იმ კანონების გამო – ეს საწვავი უბრალოდ არ იარსებებს და მათი ეს „დრანდულეტი“ ვერ დაიძვრება წინ. პირიქით, ჯართში იქნება ძალიან მალე“.

ერთობა და სამოქმედო გეგმა

რაც შეეხება სამომავლო პოლიტიკურ გეგმებსა და შესაძლო ოპოზიციურ ერთობას, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მთავარი არა ტერმინები, არამედ კოორდინირებული მოქმედებაა:

„ჩემთვის მნიშვნელოვანია შინაარსი ყველაზე მეტად. მე ვიცი ერთი რამ – ერთად უნდა გვხედავდნენ [ოპოზიციონერებს], ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ეს შედეგი. იმიტომ, რომ შეუძლებელია… ამ სიტყვა „ყბადაღებულ“ ერთობას არ გამოვიყენებ, მე არ ვიცი, ამის უკან ახლა ვინ, როგორ, რას მოიაზრებს… ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქმედების პლატფორმა.
[…] მე გითხარით უკვე, რასაც ვგულისხმობ [ერთობაში]. ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმოქმედებდეთ და ერთად უნდა ვამარცხებდეთ. ეს არის მთავარი… მიუხედავად იმისა, რომ არ ვუჩივი განცხადებების კეთების, ასე ვთქვათ, შეუძლებლობას, არც სითამამე მაკლია და ლაპარაკიც შემიძლია რამენაირად… მე მგონია, რომ მთავარი არის ის, თუ როგორ ვმოქმედებთ და რისთვის ვმოქმედებთ. რას ვაკეთებთ კონკრეტულად. გულწრფელად გეტყვით, ძაან მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვეულებრივი, სრულმასშტაბიანი საარჩევნო კამპანია. მე ამაში არ ვგულისხმობ, რომ არჩევნებზე წარვდგეთ, როგორც მოქმედებენ პარტიები, გაერთიანებული ოპოზიცია – ყველაზე მეტად ეს ტერმინი მომწონს, თუ გაინტერესებთ… როგორ მოქმედებს გაერთიანებული ოპოზიცია რეჟიმთან დაპირისპირების დროს არჩევნებისას. ამიტომ ვახსენებ ამ სიტყვას“.

ახალი ბრალდება და „საბოტაჟის“ საქმე

გვარამიამ ასევე ისაუბრა მის წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბრალდებების შიშით მოქმედების შეწყვეტას არ აპირებს:

„არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში არცერთი ეპიზოდი [ბრძოლის გარეშე], სამწუხაროდ, სხვათა შორის – ძაან დამღლელია ეს ყველაფერი. ეს თვითმიზანი კი არ არის ჩემი, მეც მინდა, რომ ვიცხოვრო ჩვეულებრივი ცხოვრებით, თუნდაც სრულიად არა პოლიტიკით, მაგრამ ეს მას მერე [იქნება შესაძლებელი], რაც ეს ქვეყანა გახდება თავისუფალი, ნამდვილად ქართული და ევროკავშირის წევრი. იმიტომ, რომ ვიცხოვროთ ყველამ ბედნიერად, მათ შორის ქოცებმაც.

ბრალდებების რომ მეშინოდეს, ახლა აქაც არ უნდა ვლაპარაკობდე. რაც ვთქვი, ისიც სავსებით საკმარისია, რომ ხვალ უკან შემომაბრუნონ. ასე რომ, მგლის შიშით ცხვარი არ უნდა გაწყვიტო, ეს ცნობილი ამბავია“.

გზავნილი მედიისა და ბიზნესისადმი

გათავისუფლებულმა პოლიტიკოსმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა კრიტიკულ მედიას და საყვედური გამოთქვა ბიზნესსექტორის მიმართ, რომელმაც, მისი აზრით, ქვეყნის წინაშე ვალდებულებებზე უარი თქვა:

„ამაზე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც მედია აკეთებს. მაგრამ არ შეიძლება ადამიანები ვერ ხედავდნენ, როგორ კბილით უჭირავ სული არა მარტო მედიებს, თითოეულ ჟურნალისტს… ყოფნა-არყოფნის, ადამიანური და ფიზიკური გაძლების ზღვარზე… კი, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ხელისუფლება ამას აკეთებს, მაგრამ გულწრფელად გეტყვით – ჩვენი გულგრილობის ბრალიც არის ეს. იმიტომ, რომ უნდა ვეხმარებოდეთ ამ მედიებს. არამხოლოდ „მთავარი არხის“ ხელახლა გახსნა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ამოცანა, მაგრამ ამაზე კი არ ვლაპარაკობ ამ წუთში – ვლაპარაკობ იმაზე, რომ „ტვ პირველი“, „კავკასია“, „ფორმულა“… ვერ ვუყურებდი, სამწუხაროდ, „პალიტრას“… ამ ხალხს უნდა დავეხმაროთ, მათ შორის ეკონომიკურადაც უნდა დავეხმაროთ.

იმიტომ, რომ, მეგობრებო, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის ერთი მეასედი ჟურნალისტური და სატელევიზიო საქმიანობის. ეს ხალხი 24 საათი მუშაობს, მათაც ჰყავთ ოჯახები, მათაც უნდა იარსებონ… ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულმა ბიზნესმა პრაქტიკულად თავისი მოვალეობის შესრულებაზე, ქვეყნის წინაშე მოვალეობის შესრულებაზე, უარი თქვა. ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა.

ის, რომ ჩვენ ვიღებდეთ როგორც მოცემულობას, რომ ბიზნესი ვერ იქნება ბარიკადებზე – გასაგებია. მაგრამ ის, რომ ბიზნესი საერთოდ ფეხებზე იკიდებდეს ქვეყნისთვის ბრძოლას, იმიტომ, რომ მათ ხომ იციან, რომ ქვეყნისთვის ბრძოლაა… თვითონ თუ არ დგანან, რაღაცა სხვა რამის მეშვეობით მაინც უნდა დაეხმარონ ამ ბრძოლას. უნდა დაეხმარონ!“

შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებზე

ნიკა გვარამიამ ოპოზიციურ სპექტრს მოუწოდა, შეწყვიტონ ერთმანეთის კრიტიკა და ფოკუსირდნენ საკუთარ გეგმებზე:

„არ უნდა გვეშინოდეს. არ უნდა ვაგინებდეთ ერთმანეთს. გულწრფელად გეტყვით, რომ ცოტა არ ვიცი, რას ემსახურება პოლიტიკოსების გინება ყოველდღიურად… ჩვენც, ციხეში პოლიტიკოსები ამას ვადევნებთ თვალყურს და პასუხსაც არ ვცემთ, იმიტომ, რომ ეს არ მიგვაჩნია ახლა სწორად და მთავარიც არ გვგონია… ყველას ვთხოვდი, რომ სხვის კრიტიკას, სჯობია ილაპარაკოს საკუთარ მოსაზრებებზე, იმაზე, თავად რას აკეთებს და რას ფიქრობს, რა უნდა გაკეთდეს. იქნებ ვეთანხმებით? და ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, მივყვებით. ჩვენ არ ვართ მხედართმთავრები, ჩვენ ვართ მებრძოლები, ვისაც გვაქვს პრეტენზია, რომ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. თუ ეს ჩვენი პრეტენზია ფუჭია, არავინ არ არის შეზღუდული იმაში, რომ სწორი რეცეპტები დადოს“.

დასასრულს გვარამიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიუხედავად პასპორტის ჩამორთმევისა და გადაადგილების შეზღუდვისა, ბრძოლის გაგრძელებას ციხის გარეთ, პარტიული ოფისებიდან და საზოგადოებასთან ერთად გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი