საზოგადოება

8 პოლიტიკური ლიდერის დევნა ახალ ფაზაში გადადის — რეპორტაჟი სასამართლოდან

10 თებერვალი, 2026 •
8 პოლიტიკური ლიდერის დევნა ახალ ფაზაში გადადის — რეპორტაჟი სასამართლოდან

სასამართლოში ე.წ. წინასასამართლო სხდომა გაიმართა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის საქმეზე, თითქოს, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის საბაბით.

სასამართლომ დასაშვებად ცნო ბრალდების ყველა მტკიცებულება და საქმე არსებითად განხილვის ეტაპზე გადაიტანა.

საუბარია, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სადაც ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. თუმცა სხდომას მელია, ხოშტარია და ხაზარაძე არ დასწრებიან. ხაზარაძე საქართველოში არ იმყოფება. მელია და ხოშტარია კი, მათი ადვოკატების თქმით, ამ პოლიტიკურ ფარსში მონაწილეობას არ აპირებენ.

წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დაშვება-არდაშვებაზე მსჯელობენ. ამის შემდეგ საქმე არსებითი განხილვის, მტკიცებულებების კვლევის ეტაპზე გადადის, თუ სასამართლო იმსჯელებს და მხარეთა არგუმენტების შეჯერების შედეგად გადაწყვეტს, რომ საამისო საფუძველი არსებობს. ასეთია კანონით დადგენილი წესი. თუმცა პოლიტიკურად მოტივირებულ მიმდინარე და უკვე დასრულებულ საქმეებში მოსამართლე არ ითვალისწინებს პოლიტიკური პატიმრების/ბრალდებულების ადვოკატების არცერთ არგუმენტს და სრულად აკმაყოფილებს პროკურატურის ყველა შუამდგომლობას.

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებული პოლიტიკოსებისა და მათი ადვოკატების პროტესტი პროკურატურის მიმართ გამოიწვია იმან, რომ საქმის მასალებში ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის, რომელი მტკიცებულება რომელ ბრალდებულს ეხება, გარდა იმისა, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ადვოკატების შეფასებით, საერთოდ არ არის საქმესთან კავშირში. ადვოკატები ამბობენ, რომ ეს უზღუდავს მათ ბრალდებულების დაცვის საშუალებას, რამდენადაც გაუგებარი რჩება, რომელი მტკიცებულების დაუშვებლობაზე უნდა დააყენონ შუამდგომლობა მოსამართლესთან, ეს როგორ უნდა დაასაბუთონ, ან თავად მოსამართლემ როგორ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

„ადამიანებს ასამართლებენ პოლიტიკური აქტივობებისთვის. საქმეში არის ყველა ინტერვიუ, რაც ოდესმე მიუციათ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს. ეს არის ბრალდების შემადგენელი ნაწილი და თითქოს, საბოტაჟის ნაწილი. მტკიცებულებებად არის მოტანილი ნანა კაკაბაძისა და ვატო შაქარაშვილის ჩვენებები. რისი მტკიცებულებაა მათი მოსაზრებები? რიტორიკულ კითხვად დავტოვებ. […] მტკიცებულებად არის მოტანილი ზელენსკის საიტის დათვალიერების ოქმი, არახამიას საიტის დათვალიერების ოქმი. სამართლებრივად კი არა, ლოგიკურადაც ვერ ვაკავშირებ საქმესთან. ამდენი ფანტაზია მე არ მაქვს.

[…] დავედით იქამდე, რომ პოლიტიკოსების პოლიტიკური განცხადებები შეიძლება გახდეს მათი საბოტაჟის მუხლით დევნის საფუძველი. ეს არამარტო არასამართლებრივია, არამედ საშიშია“, — თქვა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, რომელიც მამუკა ხაზარაძის ინტერესებს იცავს.

მთლიანად, სრული მოცულობით საქმის მასალების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ადვოკატმა ქეთევან ჩომახაშვილმა, რომელიც ნიკა გვარამიას იცავს. საქმის მასალების უმეტესი ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ საერთოდ „შემხებლობაში არ არის ნიკა გვარამიასთან“. დარჩენილი ორი მოწმის გამოკითხვის ოქმები კი [სადაც უბრალოდ ნახსენებია გვარამიას გვარ-სახელი] „ირიბი ჩვენებაა, რაც არ არის პირდაპირი მტკიცებულება“. შესაბამისად, ირიბი ჩვენება არ შეიძლება იქნას გამოყენებული პირისთვის ბრალის წასაყენებლად და განაჩენის გამოსატანად.

სასამართლოში ისაუბრა ნიკა გვარამიამაც ორ სხვადასხვა ეპიზოდში. მისი გამოსვლების მთავარ აქცენტებს ერთად გთავაზობთ:

„ეს საქმე 40-ზე მეტი ტომი ხომ არის? ვეძებე და ვერ ვიპოვე „ნიკა გვარამია“, რომელიც ქვემდებარე არის და რომელიმე შემასმენელი, ზმნა ახლავს თან — რომ აი, ნიკა გვარამია შვრებოდა ამას, ახორციელებდა დანაშაულს.

უნდა ეწეროს: „ქვეყანას დააკლდა ეს“. გამოიწვია ამანა და ამან. ჩაიდინა ამანა და ამან. ამ დროს, ამ ვითარებაში და ამ ქმედებებით. ეს არაფერი არ არის ბრალის დადგენილებაში. მოყვანილია სისხლის სამართლის ნორმა. ჩამოთვლილია მტკიცებულებების სახეობები და წერია, რომ ნიკა გვარამიას ბრალს ადასტურებს. ჩემ ნაცვლად თქვენი, ვალერიან ბუგიანიშვილის [მოსამართლე] გვარ-სახელი რომ ეწეროს, არაფერი შეიცვლებოდა. ჩემი ბრალის დადგენილებაში, ჩემზე არაფერი წერია. არც ბრალში და არც მტკიცებულებებში.

ადრე ის მაინც ვიცოდი, რა ჩამითვალეს დანაშაულად — ცოლი დავსვი სამსახურის მანქანაზე და წულუკიანთან არ მივედი. აქ ვერ გავიგე.

40 ტომში არის სულ 2 წინადადება, სადაც ნახსენები ვარ. ვიღაც პოლიციელები, 2 ცალი კაცი, კახა ლამაზოშვილი და ნიკა სახელაშვილი, იძახიან: 5 თუ 6 კაცი იდგაო, მათ შორის, ერთ-ერთი ნიკა გვარამია იყო მგონიო და რაღაცებს ლაპარაკობდა, ოღონდ რას ლაპარაკობდა, ვერ გავიგონეთო.

ამდენუცნობიან განტოლებაში, რის საფუძველზე უნდა იმსჯელოთ? დაკითხულიც კი არ ვარ, რომ რამე წამომცდენოდა და ეგ გამოგეყენებინათ. იქნება უარვყოფ საერთოდ, რომ იქ ვიდექი? არ გაინტერესებთ? იქნებ თბილისში არ ვიყავი, იმ რიცხვში, რომელიც არ ვიცი? ეგ რომ არ იცით, რა რიცხვში ვიდექი, გადაწყვიტეთ, რომ რიცხვი საერთოდ არ ჩაწეროთ, ეგება და მართლა არ ვიყავი თბილისში. იმაშიც ეჭვი მეპარება, რომ ეს პოლიციელები მართლა არსებობენ.

არ ვიცი, სასამართლოში რომელი იპოსტასით უფრო ხშირად ვარ ნამყოფი, როგორც ადვოკატი თუ ბრალდებული. ბევრჯერ დავპირდი ჩემს თავს, აღარასდროს ვიტყვი, ასეთი რამ არ მინახავს-მეთქი, მაგრამ ვარღვევ პირობას. ეს ის შემთხვევაა, რომ მსგავსი არაფერი მინახავს.

თავის დაცვა არ მეზარება. აზრი აქვს თუ არა, სხვა საქმეა. მომეცით ტექსტი, სად ვარ ნახსენები. რატომ მაკითხებთ ეკა გიგაურისა და ნანუკა ჟორჟოლიანის ჩვენებებს. რა დაგიმტკიცოთ, რა არ გავაკეთე-მეთქი? […] მკვდარ კატას იგივე კავშირი აქვს ამ საქმესთან, როგორც ეკა გიგაურის ჩვენებას“, — თქვა ნიკა გვარამიამ.

ადვოკატ ქეთი ჩომახაშვილის შეფასებით, „საქმე გვაქვს პოლიტიკურ განცხადებებთან, შოუსთან, რომლის დადგმაც პროკურატურას უნდოდა და ახლა აქ ხდება იმის დაკანონება, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის პოლიტიკური განცხადება შეიძლება გახდეს მისი სისხლის სამართლით დევნის საფუძველი“.

პროკურატურის თქმით, ოპოზიციური ლიდერები, „საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“, აწვდიდნენ ინფორმაციას უცხო სახელმწიფოებს, რის შედეგადაც „300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს“ სანქციები დაუწესდათ. ამას ედავებიან ზურა ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძესა და ელენე ხოშტარიას.

სწორედ ამ მიმართულებით დასვეს მთავარი აქცენტები თავის მსჯელობაში ზურა გირჩი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის ადვოკატებმა, ირაკლი ჩომახაშვილმა და ომარ ფურცელაძემ. ადვოკატების თქმით, ქვეყნები, რომელთაც „ოცნების“ წარმომადგენლები დაასანქცირეს და რომელთა პროკურატურა ახსენებს, სუვერენული ქვეყნებია. რუსეთისგან განსხვავებით, არა საქართველოს მტერი, არამედ მეგობარი ქვეყნები, რომელთაც დაასანქცირეს არა საქართველო, არამედ მმართველი პარტიის წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები, კონკრეტული ქმედებების გამო. მოსამართლეს კი პროკურატურის მოთხოვნების დაკმაყოფილებით, მოუწევს დააკანონოს, რომ პირობითად, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირება, რომელმაც უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, აირჩია გვარად „რომანოვი“, ატარებდა საქართველოში რუსულ გავლენას და დღეს „ოცნებისვე“ სასამართლოში მკვლელობის ორგანიზების გამო მის წინააღმდეგ საქმე განიხილება, პოლიტიკოსების საბოტაჟის მუხლით დევნის საფუძველია.

ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პოლიტიკოსების მიმართ იმის სამტკიცებლად, რომ ისინი თითქოს, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ქუჩაში „პროცესის რადიკალიზაციისთვის აკეთებდნენ მოწოდებებს რევოლუციის, ხელისუფლების დამხობის, ხელისუფლების ჩამოშლის, სახელმწიფო შენობების პიკეტირების და სამართალდამცავთა წინააღმდეგ ფიზიკური დაპირისპირებისკენ“, პროკურატურას მოუწევს მოიყვანოს ის სამართალდამცველები, რომელთაც 8 და 11 სინდისის პატიმრების საქმეებზე უკვე მისცეს ჩვენებები, ამტკიცეს სასამართლოში, რომ ბნელოდა და ვერაფერს ხედავდნენ. 8 პოლიტიკოსის საქმეზე კი მოუწევთ ამტკიცონ, რომ რამდენიმე ასული მეტრის მოშორებიდან იცნეს პოლიტიკოსები და იცოდნენ მათი საუბრების შინაარსი.

„45 ტომია დაწერილი სრული სისულელე. მიზანი იყო, რომ აქ ერთად დაესვათ ყველა მეტ-ნაკლებად გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი. მთავარი მიზანი არის, რომ ყველა ძაფი, რაც დარჩა დამაკავშირებელი ცივილიზებულ სამყაროსთან, ეგეც ჩაწყვიტონ. როდესაც მორჩება უკრაინაში ომი, რუსეთს დახვდეს ეს ქვეყანა თავდაცვისა და მეგობრების გარეშე“, — თქვა ზურა ჯაფარიძემ.

ვრცლად ისაუბრა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, მთავარი კითხვაა, რატომ და როდის შეიქმნა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და რატომ ზის დღეს ყველა გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი ერთად საბრალდებო სკამზე.

„ვინც კი მეტ-ნაკლებად მსხვილი პარტიის წარმომადგენელია, ყველა საბრალდებო სკამზე ერთად ზის დღეს. რატომ ხდება ეს ყველაფერი? საიდან დაიწყო ეს პოლიტიკური კრიზისი? მთელი ეს კრიზისი ეხებოდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

პირველი დიდი აქცია რაზე იყო? ვთხოვდით ხელისუფლებას, განაცხადი შეეტანათ ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროკავშირში გაწევრიანება კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, 78-ე მუხლი პირდაპირ ამბობს ამას. მე ვალდებული ვიყავი ყველაფერი გამეკეთებინა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გამხდარიყო, მეორე მხარე კი ნამდვილად ეწეოდა საბოტაჟს. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ ვერა.

პროკურატურამ დამალა, რომ პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენლებს მივმართე, 7-პუნქტიანი გეგმა შევთავაზე კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს. შევთავაზე ევროკავშირის ქვეყნებში ერთობლივი ვიზიტები. უმრავლესობის მხრიდან ცინიზმი მივიღეთ, არც ერთი მუხლი არ შეასრულეს. ამის შემდეგ კამპანია დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვებლად, რომ მთავრობა არ ასრულებს მოთხოვნებს, მაგრამ ხალხს ნუ დაჩაგრავთ. ეს საბოტაჟია?! ამას ხელისუფლების წარმომადგენლებმა „რუსული კანონით“ უპასუხეს. ესაა საბოტაჟი!

ამას მოჰყვა პროტესტი. რუსული კანონი უკან გაიწვიეს და შედეგად კანდიდატის სტატუსი მოგვცეს. 2024 წელი, საარჩევნო კამპანია და კვლავ დააინიცირეს რუსული კანონი. ამას მოჰყვა სანქციები, განცხადებები ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომ ამ პირობებში საქართველოს ევროინტეგრაცია შეუძლებელია. შემდეგ ტარდება არჩევნები, სადაც ფარულობა იყო დარღვეული. არჩევნების შედეგები არ ვაღიარეთ. 28 ნოემბერს გამოვიდა კობახიძე და თქვა, რომ ჩეერდება ევროინტეგრაცია. რატომაა ამოგლეჯილი ეს განცხადება?

თურმე ჩვენი მოწოდების შედეგად გამოვიდა ხალხი, ტყუილი! სინდისის პატიმრები ამიტომ გიზით ციხეში და მათ საქმეებში ამბობდით, რომ 28-ში ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გამოვიდა ხალხი. კობახიძის განცხადებას გვიდებთ ახლა ამ საქმეში ჯიბეში?!” — თქვა ვაშაძემ.

პროკურორებიცა და მოსამართლეც იმ აზრზე არიან, რომ მტკიცებულებებს ვერ შეაფასებენ, მსგავსი საკითხების განხილვა მომდევნო სხდომებზე, ანუ არსებითი განხილვისას უნდა მოხდეს. მათ არ გაიზიარეს ადვოკატების არგუმენტები, რომ მომდევნო ეტაპზე მტკიცებულებებს კი გამოიკვლევენ, მაგრამ სასამართლო მტკიცებულებების შეფასების გარეშე ვერ იმსჯელებს მათ დასაშვებობაზე.

არ დაკმაყოფილდა ადვოკატების შუამდგომლობა მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ. არც იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელების საფუძველი არ არსებობდა და ის უბრალოდ უნდა შემწყდარიყო.

საქმე არსებითი განხილვის ეტაპიდან, 23 თებერვალს გაგრძელდება.

8 ოპოზიციონერი ლიდერიდან ამ კონკრეტულ საქმეზე პატიმრობა აღკვეთ ღონისძიებად არცერთს არ აქვს შეფარდებული. გირაო აქვთ შეფარდებული გიორგი ვაშაძეს (30 000 ლარი), ზურა გირჩი ჯაფარიძეს (30 000 ლარი), მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (მილიონ-მილიონი ლარი). დანარჩენი 4 პოლიტიკოსი ისედაც პატიმრობაში იმყოფება მათ წინააღმდეგ წარმოებული სხვა საქმეების გამო. მათთვის შესაფარდებელი აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა არ ყოფილა აქამდე სასამართლოში. თუმცა უახლოეს დღეებში ციხის დატოვება უწევს ნიკა გვარამიას.

წინასასამართლო სხდომა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა წარმართა. პროკურატურას ოპოზიციონერი ლიდერების დევნის საქმეში ლაშა კოტრიკაძე და ანი ხუბეჯაშვილი წარმოადგენენ.

სხდომაზე ვრცელი სიტყვით ისარგებლა მიხეილ სააკაშვილმა, მან ზოგადი, პოლიტიკური განცხადება გააკეთა და წინასწარ დააყენა პირობა, რომ 10 წუთის განმავლობაში არ შეეწყვეტინებინათ.

„ყველასთვის გასაგებია, რისთვის ვარ ციხეში. ვარ იმისთვის, რომ თავის დროზე თბილისი არ ჩავაბარე, არ გავიქეცი და არ ვისარგებლე შეთავაზებით, რომ დამეტოვებინა ქვეყანა. ჩემს ხალხთან და თანამებრძოლებთან ერთად შევქმენით სახელმწიფო, ვარ უკრაინის მოქალაქე და უკრაინისთვისაც ძალიან ბევრი რამ გავაკეთე.

აქ არიან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები. ჩვენ შეიძლება ვერ ვთანხმდებოდეთ წარსული მოვლენების ერთიან შეფასებაში, მაგრამ შეუძლებელია, ვერ ვთანხმდებოდეთ, რა უნდა იყოს მომავალი. იმდენად პატარაა ჩვენი განსხვავებები დიდ გამოწვევასთან შედარებით, რომ სწორედ ასეთი ერთიანობით გავალთ სამშვიდობოს.

მე მიმატებენ დამატებით სასჯელს, 3 წელს, მექნება 16 წლამდე. იმაზე მეტი, ვიდრე პედოფილებს უსჯიან. ვერასდროს უნდა ვნახო ჩემი შვილები. ვერასდროს უნდა გავიარო სუფთა ჰაერზე.

ამ ჩემი უბედურების მიზეზები არის ჩემს ბავშვობაში. საბავშვო ბაღში, საბურთალოზე, ფეხის თითზე მიკბინა ზვიგენმა და იმის მერე ვერ ვიტან ზღვის ამ ცხოველს. გაითვალისწინეთ, დამესიზმრა, სოლოლაკის აღმართს მივუყვებოდით, დავიჭირეთ ზვიგენი, კი იკლაკნებოდა, მაგრამ დავკალით, მოვჭერით ბაობაბები, გავაჩაღეთ კოცონი და ეს ზვიგენი ზედ შევწვით, მერე მთელი სოლოლაკის მოსახლეობა დავპატიჟეთ ამ ფართიზე.

უნდა მივხვდეთ რა იდიოტიზმში და აბსურდში ვცხოვრობთ. ამის იქით რაღა არის საერთოდ.

ჯერ ქვეყანა და მერე საკუთარი თავი ან რომელიმე პარტია, პირადი ამბიციები, ყველა დანარჩენი ძველი წყენა და ახალი კინკლაობა.

ახლა თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, კალათბურთი მაქვს სათამაშო“, — თქვა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის სიტყვას სრულად წაიკითხავთ ბმულზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის ეს საქმე მიხეილ სააკაშვილისა და დანარჩენი ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ არის ზუსტად იმის ანალოგი რომ დღეს, იმაზე დაყრდნობით, რაც მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე ისაუბრა, ბრალი დაუმატონ. „მაგრამ პროკურორებს ეს დავალება არ აქვთ დღეს“, — თქვა ბასილაიამ. პროცესის შემდეგ კი განმარტა, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილია ბრალდება ბიძინა ივანიშვილის ზვიგენთან სელფის გადაღების მოწოდების გამო. ამასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი გამომძიებელმაც დაკითხა და შემდეგ მაგისტრ მოსამართლესთანაც მოუწია პასუხის გაცემა, — „მეტი სერიოზულობით ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა მიჭირს“.

„ზვიგენზე ეს განმარტებები პროკურორებმაც მოისმინეს, მაგრამ მაგისტრ მოსამართლესთან ამაზე რეაგირება არ ჰქონიათ. გვეგონა, რომ ეს ღადაობა იმ პროცესზე დარჩა. სანამ ლამის ერთი წლის თავზე ნანა კაკაბაძის განცხადების საფუძველზე წარმოებული განცხადების ფარგლებში არ ჩათვალეს, რომ აი ამ შესანიშნავ შვიდეულს მოუხდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილიც დაემატოს ბრალდებულადო. სასამართლოში უნდა ყოფილიყო სურათი, რომ ვასამართლებთ ყველა ოპოზიციონერ ლიდერს, მათი მეთაური, გემის კაპიტანი მიხეილ სააკაშვილიც აგერ არისო და ამით გაეხარებინათ საკუთარი მომხრეები“, — ამბობს ბასილაია.

შეფასებები და პროცესის შემდგომ განმარტებები გააკეთეს პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ, ასევე ადვოკატების, გირაოთი გათავისუფლებული ბრალდებულების ნაწილმა.

„საქმე უკავშირდება სამ ფაქტს, მუხლს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება. ავხსნი ახლა ლოგიკურად: 1) საბოტაჟი, როდესაც ბრალდებულები იყვნენ აქციაზე და ჰქონდათ გარკვეული მოწოდებები, რომლებიც ჩვენი აზრით შეიცავდნენ დანაშაულის ნიშნებს. 2) ამის პარალელურად მოქმედებს მეორე ჯგუფი, სანქციების თემა, ემთხვევა სანქციების მიღება და 3) მატერიალური მხარდაჭერა საბოტაჟის. შესაბამისად, ეფექტური და სწრაფი მართლმსაჯულებისთვის, საქმის მასალები მიგვითითებდა, რომ ეს წარმოებულიყო ერთიანად სასამართლოში.

მტკიცებულებებით დადგენილია, 5 დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი იწვოდა, იწვოდა პარლამენტის ინფრასტრუქტურა, დაზიანება მიიღეს ადამიანებმა. ამ 5 დღის განმავლობაში კონკრეტული ბრალდებული იდგნენ აქციაზე, გამოდიოდნენ საქვეყნოდ და მოუწოდებდნენ ძალადობისკენ, ხელისუფლების დამხობისკენ და იმ ქმედებებისკენ, რამაც ეს შედეგი გამოიწვია“, — ამბობს პროკურორი, თუმცა არ იძლევა პასუხს, რით ადასტურებს ამ მტკიცებებს.

პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა დაცვის მხარემ, რომ წერილობით მიმართეს რამდენიმე ქვეყნის საელჩოს და ჰკითხეს, როგორ ხდება სანქციების დაწესება სხვა ქვეყნის კონკრეტული პირებისთვის. ყველა საელჩოდან პასუხი ადვოკატებს ჯერ არ მიუღიათ. პასუხი მიღებულია გერმანიის საელჩოდან.

„ნებისმიერი ქვეყანა სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი პოლიტიკიდან გამომდინარე და არა იქიდან გამომდინარე, რომელი პოლიტიკოსი ან ვინმე სხვა ქვეყნიდან რას სთხოვს და რას ითხოვს“, — თქვა ზურა ჯაფარიძემ, — „რა თქმა უნდა ვითხოვდი დასანქცირებას, მილიონჯერ მაქვს ეგ ნათქვამი. ივანიშვილის დასანქცირებასაც ვითხოვდი, ღარიბაშვილისასაც, სადისტი ხარებასიც და ბევრის, ვინც ამათ ახლა თვითონვე ციხეში ჰყავთ გამოკეტილი. ამას არავინ უარყოფს. მთავარი ისაა, რომ ეს ქვეყნები ჩემი მოთხოვნის საფუძველზე არ იღებენ გადაწყვეტილებებს. ივანიშვილის, ნებისმიერი რეჟიმის და ნებისმიერი მონის დასანქცირების მოთხოვნა არ ნიშნავს ქვეყნის დასუსტებას. პირიქით, ნიშნავს ამ ქვეყნის გადარჩენას რუსეთის კლანჭებისგან.“

ბადრი ჯაფარიძეს სასამართლოში სიტყვით არ უსარგებლია, თუმცა მან სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ წმინდა წყლის ფორმალობაა სასამართლო, სადაც უსმენენ, მაგრამ ახმოვანებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ნაკარნახევი აქვთ.

„ამ ქვეყანას არ აქვს ასეთი დაპირისპირების გაძლების რესურსი. არ შეიძლება სასამართლოს და მართლმსაჯულების ასე გამოყენება. ასეთი პროცესები მხოლოდ საზოგადოების გახლეჩას უწყობს ხელს. უნდა გადავლახოთ ერთმანეთის აზრის მიმართ ასეთი შეუწყნარებლობა, რადგან რასაც ახლა სასამართლოში ვხედავთ, ეს არის პროცესი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ჩემ წინააღმდეგ. დაბალი სტანდარტის მტკიცებულებაც არ არსებობს“, — თქვა ბადრი ჯაფარიძემ.


  • მიხეილ სააკაშვილს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით.
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟის და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
  • ელენე ხოშტარიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდების და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით.
  • მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟის ბრალდებით.

ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ წარდგენილ ამ ბრალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია „ქართული ოცნების“ ნებისმიერი ქმედებით, რომლებიც “ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს“.

„დემოკრატიულ მანდატს ვერ მოიპოვებ ოპონენტების ცენზურით ან მათი ციხეში ჩასმით და ვერც მოიგებ შენი ძირითადი ელექტორატის უგულებელყოფით ისეთ საკითხებში, როგორიცაა, თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი”, — აცხადებენ სახდეპში.

მასალების გადაბეჭდვის წესი